Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეაფასეს საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ არჩევნების დროს აღმოჩენილი დარღვევების ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო. 5 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიცია, რომელშიც შედის ”ახალგაზრა იურისტთა ასოციაცია” და ”სამართლიანი არჩევნები”, აცხადებს, რომ კენჭისყრის დროს შემჩნეული დარღვევების უმეტესობის გასაჩივრება მოხერხდა.

21 მაისს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესის მიმართ უამრავი შენიშვნა გამოითქვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საქართველოს რეგიონებში საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა და ოქმების გაყალბების უამრავი შემთხვევა მოხდა. მაგრამ ეს ბრალდებები, უმეტეს შემთხვევაში, იურიდიულად არაარგუმენტირებულია. ხელისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაცია თავს იმით იმართლებს, რომ ოპოზიციის მიერ უმნიშვნელო რაოდენობის საჩივრები იქნა წარდგენილი. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, განცხადებით, ოპოზიციას საჩივრების წარდგენის საშუალებას არ აძლევდნენ:

[გიორგი გუგავას ხმა] ”რომელ საჩივრებზეა საუბარი? ჯერ ერთი, რამდენ ოლქში დაიწერა საჩივარი და რამდენი დააკმაყოფილეთ? ”...

ასეთი ბრალდებები არაერთხელ გამოითქვა 21 მაისის შემდგომ პერიოდში, თუმცა ადგილობრივი არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მსგავს შემთხვევებს ვერ ადასტურებენ. არჩევნების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კოალიციის წევრის, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ლიდერის, ეკა სირაძე-დელონეს კომენტარი:

[ეკა სირაძე-დელონეს ხმა] ”ჩვენი ორი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით იყო დადებითი ტენდენციები. ჩვენ მიერ შეტანილ საჩივრებს იხილავდნენ და აკმაყოფილებდნენ, რაც არ იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს.”

ეკა სირაძე-დელონეს ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს მისი ორგანიზაციის მეთვალყურეებმა სულ 137 საჩივარი დაწერეს. აქედან 10 საჩივარი საარჩევნო ადმინისტრაციამ არ ჩაიბარა; საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა 57 საჩივარი, სასამართლოში გასაჩივრდა 3 უბნის შემაჯამებელი ოქმი, ცესკო-ში კი ერთი საარჩევნო ოლქის გადაწყვეტილება გასაჩივრდა.

"სამართლიანი არჩევნების" მიერ დაწერილი საჩივრების საფუძველზე 16 უბნის შედეგი გაუქმდა, სამი უბნის შედეგი ნაწილობრივ გაუქმდა, 14 შემთხვევაში კი საარჩევნო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

მსგავსი სტატისტიკა აქვს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”. მის მიერ დაწერილი საჩივრების საფუძველზე გაუქმდა 11 უბნის შედეგი, თავიდან გადაითვალა 7 უბნის შედეგი, 10 შემთხვევაში შესწორდა შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო მოხელეთა პასუხიმგებლობის საკითხიც დადგა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩხეიძის კომენტარი:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”უნდა აღინიშნოს, რომ თუ შევადარებთ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში საჩივრების განხილვა მიმდინარეობდა.”

21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს და შემდგომ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ მომზადებული საჩივრების რაოდენობამ 530-ს გადააჭარბა, საიდანაც განუხილველი მხოლოდ 61 შემთხვევა დარჩა. საბოლოო ჯამში კი, საპარლამენტო არჩევნების დღეს აღმოჩენილი დარღვევების გამო გაუქმებულად გამოცხადდა 38 საარჩევნო უბნის შედეგები.
XS
SM
MD
LG