Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის სახე


საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიქმნა ვითარება, როდესაც არსებობს გამარჯვებული პარტია ჩრდილოვანი ბირთვით, უპარტიო სახეებით,

80%–ით პარლამენტში და დაბალი ნდობით საზოგადოებაში. ამავდროულად, არსებობს დაშლილი, მოსყიდული, გატეხილი, მოჩხუბარი ოპოზიცია, რომლის ერთიანი სახე განადგურებულია და რომლის ნამსხვრევებსაც ცოტა ვინმე თუ ენდობა. შევეცადოთ, ამ პესიმისტურ სურათს ოპტიმისტური თვალით შევხედოთ.

საპარლამენტო არჩევნებში მძიმედ დამარცხებული ოპოზიცია საკუთარ თავს საბოლოოდ ინადგურებს. თვითგანადგურების პროცესი ორი მიმართულებით ვითარდება: ზოგიერთი პარტია ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც მხოლოდ ხელისუფლებისთვის არის ხელსაყრელი და რაც ოპოზიციური პარტიის ფუნქციასთან შეუთავსებელია. ეს ის პარტიებია, რომელთა ლიდერებმაც პარლამენტში შესვლის სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვეს, როდესაც დანარჩენი ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებდა. მოგვიანებით ამ „დანარჩენ ოპოზიციას“ მეორე უბედურება დაემართა: შიგნიდან დაიბზარა და დატყდა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ და საზოგადოება არა მხოლოდ დააბნიეს, არამედ – ძალიან გაანაწყენეს.

დღეს ძნელად თუ ვინმე გაბედავს იმის თქმას, რომ საქართველოში არსებობს ნორმალური პოლიტიკური სპექტრი, რომელიც შედგება სახელისუფლო პარტიისა და ოპოზიციისგან.

დავიწყოთ სახელისუფლო პარტიით. მართალია, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნები წარმატებით ჩაატარა, მაგრამ ამავე არჩევნებმა დაადასტურა, რომ პარტიის ტრადიციული სახე ერთხელ და სამუდამოდ შელახულია. იმისათვის, რომ საზოგადოების მეტ–ნაკლები ნდობა მოეპოვებინა, ნაციონალურ მოძრაობას დასჭირდა არჩევნების მთელი სიმძიმე იმ ადამიანების მხრებზე გადაეტარებინა, რომლებიც ამ პარტიასთან არასდროს ყოფილან გაიგივებულნი. ეს, პირველ რიგში, მაჟორიტარ კანდიდატებს ეხება. სამაგიეროდ, ის ადამიანები, რომლებიც ვარდების რევოლუციის ავანგარდში იყვნენ და წინა მოწვევის პარლამენტში სახელისუფლო პარტიის სახეს ქმნიდნენ, დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებას არიან შეფარებულნი.

პარლამენტსა და მთავრობას შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ პარლამენტის წევრებს ხალხი ირჩევს, მთავრობის წევრებს კი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ამიტომ პარტიის მთავარი სახეების გადაყვანა არჩევითი ორგანოდან დანიშვნით ორგანოში მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი მათ აღარ ენდობა. სწორედ ამიტომ ჩამოაშორა მიხეილ სააკაშვილმა „უხერხული“ სახეები პარტიულ სიას და ისინი უპარტიო მხარდამჭერებით ჩაანაცვლა. ამ სიით და არაპარტიული მაჟორიტარებით მიღწეულ შედეგს ძნელად თუ დაერქმევა ხალხის მიერ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა.

მეორე მხრივ, 21 მაისი ნამდვილად არის ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის, წარმატების დღე. წინასაარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება, ადამიანური თუ ფინანსური რესურსის მოზიდვა და მობილიზება, სისტემური მუშაობა თითოეული ოჯახის დონეზე, ამომრჩევლის დარწმუნება, მოსყიდვა, დაშინება თუ გადმობირება, საკანონმდებლო ცვლილებები თუ საინფორმაციო სივრცის მონოპოლიზება – ყველაფერი პარტიის ტვინით და ხელით გაკეთდა.

რა დაუპირისპირა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის გუნდის ორგანიზებულობას, სისტემურობას და მიზანსწრაფულობას? ოპოზიციის მთავარი ძალა პროტესტული ელექტორატის სიმრავლე და საბრძოლო განწყობა იყო. ეს ელექტორატი ოპოზიციისგან ითხოვდა ერთადერთს – ერთიანობას. დიდხანს შეიძლება საუბარი იმის შესახებ, რამდენად არასწორი იყო ეს მოთხოვნა, განსაკუთრებით, ოპოზიციური სპექტრის შინაარსის გათვალისწინებით. ის ფაქტი, რომ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ ადამიანები, რომლებსაც ცალ–ცალკე საზოგადოების მცირე ნაწილის ნდობაც კი არ გააჩნდათ, მალე აისახა ამ გადაწყვეტილებების ხარისხზე. ისიც ნიშანდობლივი იყო, რომ ოპოზიციის ერთიანობა პირველად დაარღვია რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელსაც პრეტენზიები სწორედ გადაწყვეტილებების ხარისხთან დაკავშირებით გაუჩნდა. თუმცა, თუკი ოპოზიციის მიზანი საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხება იყო, ყველაზე უხარისხო სწორედ რესპუბლიკელების მიერ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა: გაერთიანებული ოპოზიციის დაშლა და შემდგომ განვითარებული მოვლენები საზოგადოებამ მეტისმეტად მტკივნეულად აღიქვა და ეს ტკივილი არჩევნების შედეგშიც ასახა.

სახელისუფლო პარტიის უდიდესი წარმატება და ოპოზიციური პარტიების უდიდესი მარცხი, სინამდვილეში, ერთი მედლის ორი მხარეა: როგორც ერთი, ისე მეორე მოვლენა პარტიების მიმართ უნდობლობას აღვივებს და მათთვის კუთვნილ სივრცეს აცარიელებს. პოლიტიკური ლოგიკის თანახმად, ამ სივრცის შესავსებად უსათუოდ გაჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეეცდება, წინამორბედების შეცდომები აღარ გაიმეოროს. ალბათ, ქართულ პოლიტიკაზეც გავრცელდება კოტე ყუბანეიშვილის მახვილი მიგნება: „როცა სიბნელე ირგვლივ სრულია, ნიშნავს, რომ ღამის დასასრულია.“
XS
SM
MD
LG