Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის სამომავლო გეგმები - საპარლამენტო სიის ”განულება” და ანტიკრიზისული მემორანდუმი


მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პიკეტირებისა და ”სირცხვილის დერეფნის” მოწყობის გეგმა ვერ განახორციელა, აქტუალური გახდა კითხვა, რა ნაბიჯებს გადადგამს სხვადასხვა პარტიებად და ლიდერებად დაქსაქსული ოპოზიცია.

რამდენიმე სუბიექტი, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას აპირებს, ნაწილი კიდევ საპარლამენტო სიების ”განულებას” და ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას გეგმავს.

გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოდან პაატა დავითაიას, გია თორთლაძისა და გია ცაგარეიშვილის გასვლის შემდეგ, საბჭოს ბაზაზე შექმნილი საარჩევნო ბლოკის ლიდერებმა, საარჩევნო სიის განულება გადაწყვიტეს. 150 კაციან სიაში მხოლოდ ის 15 პიროვნება დარჩება, რომლებიც დეპუტატები გახდნენ. თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის, განმარტებიდან შეიტყობთ.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”სიის განულება ნიშნავს, რომ ამ თხუთმეტი კაცის ზემოთ ვინც არის სიაში, ისე კი არ მოხდება, რომ... თუ ჩვენ უარს ვიტყვით მანდატებზე, ისინი კი არ შემოვლენ ჩვენს მაგივრად სიით, არამედ სია იქნება განულებული და ჩვენ იურიდიულად ვიტყვით უარს, ჩვენს ადგილს აღარვინ დაიკავებს. ”(სტილი დაცულია)

როგორც ფიქრია ჩიხრაძის განცხადებიდან ჩანს, სიის განულების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, სათანადო პროცედურების დაცვით, დეპუტატის მანდატზე უარის თქმას აპირებს. ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, სიის განულების შემდეგ, პარასკევს, იმ დეპუტატებმა, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის სიით გავიდნენ პარლამენტში, დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება უნდა დაწერონ. ის, ვინც ამ განცხადებას არ დაწერს, ეროვნული საბჭოდან გარიცხულად ჩაითვლება.

მანამდე კი სიის განულების განცხადება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს. ცესკოს სპიკერის ზურაბ კაჭკაჭიშვილის განცხადებით, სიის იმ ნაწილის გაუქმება, რომელიც პარლამენტს გარეთ დარჩა, საარჩევნო სუბიექტის სუვერენული უფლებაა:

[ზურაბ კაჭკაჭიშვილის ხმა] ”ეს ხდება პარტიის ან ბლოკის ხელმძღვანელის განცხადებით. შესაბამისად, დეპუტატი თუ მოიხსნის უფლებამოსილებას, ვერ მოხერხდება მისი ჩანაცვლება სიის მიხედვით. სწორედ ასეთ პროცედურას მიმართა გაერთიანებულმა ოპოზიციამ.”

მსგავსი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია პარლამენტში გასულ კიდევ ერთ ოპოზიციურ სუბიექტს - ლეიბორისტულ პარტიას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეიბორისტები არ აპირებენ არც სიის განულებას, არც სადეპუტატო მანდატების ოფიციალურად დატოვებას და არც პარლამენტში შესვლას. მაგრამ პარტიის საბოლოო პოზიცია ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გახმაურდებაო, აღნიშნა ლეიბორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ. ოპოზიციური პარტიები კი კონსულტაციების გამართვას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აპირებენ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის, განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”კონკრეტულად ის, თუ რა იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ მივაღწიოთ პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას და ახალი არჩევნების დანიშვნას.”

ამ კრიზისის დაძლევის განსხვავებული ხედვა აქვს საპარლამენტო მანდატების მფლობელ კიდევ ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს - ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას. როგორც ცნობილია, გიორგი თარგამაძის პოლიტიკურმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს და ხელისუფლებას ეგრეთ წოდებული ანტიკრიზისული მემორანდუმი გაუგზავნა. მემორანდუმის მოთხოვნები, სავარაუდოდ, ერთი დღის შემდეგ გამოქვეყნდება, მანამდე კი მას პოლიტიკური სუბიექტები განიხილავენ. გიორგი თარგამაძის კომენტარი:

[გიორგი თარგამაძის ხმა] ”მნიშვნელოვანი არის შესაბამისი გარანტიების შექმნა, რომლითაც საკონსტიტუციო უმრავლესობის გამოყენება იქნება შეზღუდული თავად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ - საუბარია მერების და გამგებლების პირდაპირი არჩევითობის წესზე...”

პარლამენტში შესვლისა და თანამშრომლობის საკუთარი პირობები წამოაყენა გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ყოფილმა წევრმა, პაატა დავითაიამ. იგი უარს არ ამბობს სადეპუტატო მანდატზე და ოპოზიციისთვის გარკვეული ბერკეტების გადაცემას ითხოვს. მმართველი პოლიტიკური ძალა კი ოპოზიციას ვიცე-სპიკერის ორ თანამდებობას, ფრაქციების ჩამოყალიბების წესის გამარტივებას, კომიტეტებში წარმომადგენლობას და საპარლამენტო თანამშრომლობის სხვა მექანიზმებს სთავაზობს.
XS
SM
MD
LG