Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასიზმი რუსეთში


იყო დრო, როცა საბჭოთა კავშირი ხშირად აკრიტიკებდა თავის მთავარ იდეოლოგიურ მეტოქეს, შეერთებულ შტატებს, რასიზმის გამო.

თვითონ საბჭოთა კავშირი კინოფილმებისა თუ ფერადი პლაკატების მეშვეობით გამოხატავდა რასობრივი თანასწორუფლებიანობისადმი მხარდაჭერას. რასობრივი მრავალფეროვნება, როგორც წესი, კანის განსხვავებული ფერით გამოიხატებოდა და შესაბამისად, რასიზმიც, ძირითადად, შავკანიანების დისკრიმინაციასთან იყო გაიგივებული. არადა, რასიზმი გაცილებით უფრო ფართო ცნებაა: კანის ფერის გარდა, ადამიანების ეთნიკური, ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ჩაგვრას, დამცირებას, დისკრიმინაციას, მათზე ძალადობას მოიცავს და ასახავს პრობლემას, რომელიც უაღრესად მწვავედ დგას დღევანდელ რუსეთში. მარტო მიმდინარე წელს რასობრივმა ძალადობამ იქ 57 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მარიამ ჭიაურელს მოუსმინეთ.

რად ღირს თუნდაც ის, რაც თავს გადახდა 36 წლის კამოლას. ის მოსკოვში მეტროს ვაგონიდან ახალი გამოსული იყო, როცა მოულოდნელმა დარტყმამ ძირს, მარმარილოს იატაკზე დაანარცხა. ის მალევე წამოაყენეს: მისთვის უცნობ, ახალგაზრდა მამაკაცს კასტეტები ეკეთა და კამოლას კიდევ დიდხანს ურტყამდა, სანამ ის მეორე თავდამსხმელს ჰყავდა გაკავებული.

[კამოლას ხმა] “ორი მამაკაცი უკნიდან დამესხა თავს და დამარტყა. ეს მოულოდნელად მოხდა. ჯერ მარჯვენა თვალში ჩამარტყეს, მერე ცხვირი და ყბა ჩამიმტვრიეს. გონება დავკარგე. ცუდი არაფერი მქონდა გაკეთებული, თავს დამესხნენ იმიტომ, რომ მუსლიმანური თავსაფარი მეკეთა”.

კამოლა უზბეკი გახლავთ. მას არ ახსოვს, როგორ წაიყვანეს საავადმყოფოში - გონს ოთხი დღის შემდეგ მოეგო. ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწევს. თუმცა, რაც უნდა ცინიკურად ჟღერდეს, კამოლას ბედმა გაუღიმა - ის ცოცხალია. მარტო წელს, რასობრივ ნიადაგზე ძალადობამ რუსეთში 57 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შარშან, მთელი წლის განმავლობაში, 80 მოკლეს.

ამ სტატისტიკურ ინფორმაციას რასობრივი ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია, მოსკოვში დაფუძნებული “სოვა” ავრცელებს. ამასთან, სოვაში იციან, რომ რეალურად მსხვერპლი გაცილებით მეტია...

[კოჟევნიკოვას ხმა] “ 57 ძალიან მკვეთრად შემცირებული რიცხვია! ძალიან გაძნელდა ინფორმაციის მოპოვება. ჯერ კიდევ შარშან ვწერდით, რომ სერიოზული სირთულეები ახლავს ინფორმაციის მიღებას. მაგრამ წელს უკვე ვერც კი აღგიწერთ, რამდენად ძნელია ინფორმაციის მოპოვება. საინფორმაციო საშუალებებში ვერაფერს ნახავ, სამართალდამცავი ორგანოები არანაირ ინფორმაციას არ იძლევიან”, - ამბობს ორგანიზაცია “სოვას” დირექტორის მოადგილე, გალინა კოჟევნიკოვა.

მატულობს არა მარტო რასობრივი ძალადობის შემთხვევები - მატულობს სისასტიკის ხარისხიც. საზარელი კულმინაცია გამოდგა 2007 წლის აგვისტოში, ულტრანაციონალისტების ვებსაიტებზე გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი: ნიღბიანები სიკვდილით სჯიან ორ არა-რუს მამაკაცს. ერთს თავში ესვრიან, მეორეს თავს კვეთენ. თავმოკვეთილის ვინაობა ცნობილია - ის დაღესტნელი იყო.

მიზეზებს, რატომ აღორძინდა აქტიური რასიზმი, რატომ მიიღო ასეთი სასტიკი ფორმა პოსტსაბჭოთა რუსეთში, უთუოდ მიეკუთვნება, ერთი მხრივ, ეროვნული სიამაყის გაღვივება და, მეორე მხრივ, რუსეთში სამუშაოს მაძიებელთა მიგრაცია მეზობელი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან.

კრემლს ბევრი არაფერი მოუმოქმედებია რასიზმის აღზევების შესაჩერებლად. ზოგ შემთხვევაში კი, კრემლის ოპონენტების შეფასებით, ხელი შეუწყო მას - თუნდაც ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციით, თუნდაც უცხოელებისთვის ბაზარში ვაჭრობის აკრძალვით... რასობრივ ძალადობასთან ბრძოლაში აქტიურობას არც სასამართლოები იჩენენ: სამართლებრივი დევნის შემთხვევები, მართალია გახშირდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ, ლმობიერებით გამოირჩევა.

ამასობაში კი რუსი სკინჰედები და ნეო-ნაცისტები პოზიციებს იმტკიცებენ: სულ რამდენიმე დღის წინ, 8 ივნისს ოთხმა ჯგუფმა გააფორმა პაქტი, რომელიც ითვალისწინებს ძალების გაერთიანებას “მიგრაციისა და კორუფციის” წინააღმდეგ ბრძოლაში. ვარაუდობენ, რომ ულტრანაციონალისტური ორგანიზაციების წევრთა რიცხვი რუსეთში 70 000 აღწევს.

რასობრივი ძალადობის ზრდის პარალელურად იცვლება მსხვერპლი. თუ წინათ, პირველ პოსტსაბჭოთა წლებში, აგრესია უწინარეს ყოვლისა, შავკანიანების წინააღმდეგ იყო მიმართული და შემდეგ ჩრდილოკავკასიელებისაკენ შეტრიალდა, ახლა ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე შუააზიელი მიგრანტები დგანან. კამერუნელი დეზირე დეფო, რომელიც თითქმის 20 წლის წინ ჩავიდა პეტერბურგში საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად, ადასტურებს, რომ შავკანიანებს ბოლოხანს გაცილებით ნაკლებად “ერჩიან”.

[დეფოს ხმა] “სულ უფრო მეტი ტაჯიკი და უზბეკი ჩამოდის მშენებლობებზე, ბაზრებში სამუშაოდ და ახალგაზრდა რუსებს ეს სულაც არ მოსწონთ. აფრიკელთა უმრავლესობას კი სტუდენტები შეადგენენ და ჩვენს მიმართ დამოკიდებულება გაუმჯობესდა. თუ წინათ მთავარი ფაქტორი მუქი კანი იყო, ახლა მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა საქმით არის დაკავებული მიგრანტი”.

უფლებადამცავი ორგანიზაციები, მათ შორის “სოვა”, ადასტურებენ, რომ ულტრანაციონალისტების აგრესია ყველაზე ხშირად შუააზიელების წინააღმდეგ არის მიმართული: წელს მოკლული 57 ადამიანიდან 31- შეადგენდნენ უზბეკები, ტაჯიკები და ყირგიზები.
XS
SM
MD
LG