Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და ევროკავშირის სამიტი სლოვენიაში


ევროკავშირი და აშშ ადასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

და მოუწოდებენ ყველა მხარეს, განსაკუთრებით რუსეთს, დაიცვას ეს პრინციპები. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს მიიღეს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სამიტის მონაწილეებმა. თუმცა სამიტზე, ისევე როგორც დასკვნით დეკლარაციაში გაცილებით უფრო მეტ საკითხს შეეხენ.

სამიტს, როგორც ცნობილია სლოვენიამ უმასპინძლა - ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ და თან სწორედ იმ ქვეყანამ, რომელში ვიზიტითაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2001 წელს დაიწყო თავისი პირველი დიდი ტურნე ევროპის ქვეყნებში. სწორედ მაშინ სლოვენიაში შეხვდა ჯორჯ ბუში რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს, რის შემდეგაც წარმოთქვა ცნობილი სიტყვები, რომ პუტინს თვალებში ჩახედა და მისი სული ამოიცნო...

მას შემდეგ 7 წელი გავიდა და, რომ იტყვიან, წრე შეიკრა - აშშ-ის პრეზიდენტმა ისევ სლოვენიით დაიწყო ევროპაში ტურნე, უკვე ბოლო ტურნე იანვარში პრეზიდენტის პოსტთან გამოთხოვებამდე.

სლოვენიის სამიტის მთავარი თემა ირანი იყო, რის შესახებ ინფორმაციაც წინასწარვე ვრცელდებოდა. ერთობლივ განცხადებაში ირანს მოუწოდებენ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რაც ითვალისწინებს ურანის გამდიდრების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და სრულმასშტაბიან თანამშრომლობას გაეროს ატომურ უწყებასთან. ჯორჯ ბუშის თქმით, თეირანმა უნდა გაიგოს, რომ მსოფლიოსთვის მიუღებელია ატომური იარაღით აღჭურვილი ირანი.
[ბუშის ხმა] “ქვეყნების ჯგუფს შეუძლია ცალსახა განცხადებით მიმართოს ირანს, ასეთი განცხადებით: ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს იზოლირებას; გავაგრძელებთ სანქციებზე მუშაობას; შევიმუშავებთ ახალ სანქციებს, თუ ეს საჭირო იქნება, თუ ისევ უარყოფთ თავისუფალი მსოფლიოს სამართლიან მოთხოვნას, რომ უარი თქვათ ურანის გამდიდრებაზე”.

სლოვენიის ქალაქ ბრდოში სამიტი შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჯორჯ ბუში კიდევ რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას.
სამიტის მონაწილეების ერთობლივი წერილობითი დეკლარაცია კი, რომელიც სამშაბათსვე, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა, მართლაც რომ უამრავ საკითხს ეხება: ამერიკა-ევროპის საერთო ღირებულებებს, ვითარებას ერაყში, ავღანეთში, ზიმბაბვეში, ბირმაში, კოსოვოში… ეს არის ევროკავშირ-შეერთებული შტატების სამიტის მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაში მოხსენიებული საკითხების მხოლოდ ნაწილი, მაგრამ მას, რასაკვირველია ვერ დავაკლებთ საქართველოს.

კერძოდ, სამიტის მონაწილეები მიესალმებიან უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის რესპუბლიკის მისწრაფებას ევროპული სტანდარტების შესრულებისაკენ და მათ ჰპირდებიან მხარდაჭერის გაგრძელებას რეფორმების განხორციელების გზაზე. ლაპარაკია ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე და სამიტის მონაწილეების მზადყოფნაზე, მონაწილეობა მიიღონ რეგიონში კონფლიქტების მოგვარებაში.

ციტატა: “განმეორებით გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განსაკუთრებით რუსეთს, დაიცვას ეს პრინციპები. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ სამშვიდობო ინიციატივებს აფხაზეთთან მიმართებით, ისევე როგორც პირდაპირ მოლაპარაკებას მხარეებს შორის, ვიმედოვნებთ რა, რომ ისინი ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას”,- ვკითხულობთ სლოვენიაში, ევროკავშირის და შეერთებული შტატების სამიტის მონაწილეების მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში.

თუ მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იანეზ იანშას სიტყვებს მოვიშველიებთ: [იანშას ხმა] “მსოფლიო ახლა კომპლექსურია, მარტო ვერავინ შეძლებს ყველა პრობლემის მოგვარებას. მსოფლიოში მშვიდობა, უსაფრთხოება და დემოკრატიის წინსვლა, კლიმატური ცვლილებები და სიღარიბესთან ბრძოლა - დღეს გლობალური გამოწვევებია.”

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ევროპულ ტურნეს, სლოვენიის შემდეგ, გერმანიაში აგრძელებს.
XS
SM
MD
LG