Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელეს


ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტის მეორე დღეს ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები თავიანთ რუს და უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ.

შეხვედრებზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს. შეხვედრების დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსისა და რუსეთის თანამშრომლობა დადებითად ვითარდება, მიუხედავად იმ მწვავე უთანხმოებისა, რომელიც მხარეებს რამდენიმე საკითხის გარშემო აქვთ.

ნატო-რუსეთის საბჭოს შეკრების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა. სხეფერმა აქ ისაუბრა შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც რუსეთი ნატოს ნებას რთავს, მისი ტერიტორია სატრანზიტო მარშრუტად გამოიყენოს იმ ინვენტარისთვის, რომელიც ავღანეთში მყოფ მისიას სჭირდება; აღინიშნა ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში ალიანსისა და რუსეთის თანამშრომლობაც. თუმცა, იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, მხარეებს შორის მნიშნვნელოვან საკითხებზე უთანხმოება კვლავაც არსებობს:

[სხეფერი]
”როგორც ცნობილია, [ალიანსის] მოკავშირეებსა და რუსეთს არაერთი უთანხმოება აქვთ ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა ნატოს გაფართოება, ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ, ანტისარაკეტო სისტემა, კოსოვო, საქართველო. მართლაც, არის რამდენიმე საკითხი, რომლის შესახებაც მხარეები ერთმანეთს პირდაპირ არ ველაპარაკებით, თუმცა ამ საკითხებზე სასაუბროდ ჩვენ ნატო-რუსეთის საბჭოს ვიყენებთ. ამასთან, საბჭოს ფორმატში ვაანალიზებთ და ვამუშავებთ პრაქტიკული თანამშრომლობის იმ მრავალ ფორმას, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია.”

ამდენად, როგორც აღინიშნა, ერთ-ერთი საკითხი, რომლის გამოც ნატოს და რუსეთს უთანხმოება აქვთ, საქართველოს ირგვლივ შექმნილი ვითარებაა. შეგახსენებთ: 3 ივნისს ნატოს გენერალურმა მდივანმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთში სარკინიგზო ჯარის შეყვანის შესახებ და განაცხადა, რომ ეს აქტი ”აშკარა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან, რასაც ნატო მყარად უჭერს მხარს.” იაპ დე ჰოოპ სხეფერმა მაშინ რუსეთს ამ ძალების გაყვანისკენ მოუწოდა.

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მისამართით გადადგმული ნაბიჯების გამო შეშფოთება დღევანდელ შეხვედრაზეც გამოთქვეს, თუმცა, როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა უთხრა, მის რუს კოლეგას, ანატოლი სერდიუკოვს, საქართველო არც შეხვედრის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში უხსენებია და არც შემდეგ გაუცია პასუხი ნატოს შენიშვნებზე ამ საკითხის ირგვლივ.

ოფიციალური თბილისისთვის, სავარაუდოდ, მოვლენათა ამგვარი განვითარება მოსალოდნელი იყო. როგორც ჟურნალისტებს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უთხრა, საქართველო ამ შეხვედრისგან კონკრეტულ შედეგებს არ ელოდა - ბათუ ქუთელიას თქმით, მნიშვნელოვანი თავად ის ფაქტი იყო, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც წამოიჭრებოდა, და ალიანსი კიდევ ერთხელ დაადასტურებდა თავის მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.

ნატოსა და რუსეთის ურთიერთობაში უთანხმოების გამომწვევ სხვა საკითხებს შორისაა შეერთებული შტატების გეგმა ცენტრალურ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების თაობაზე. ნატო ამ გეგმას მხარს უჭერს, მაგრამ რუსეთი ამის სასტიკი წინააღმდეგია.

და, ცხადია, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ნატოსა და რუსეთის ურთიერთობაში უთანხმოებას წარმოშობს, ნატოს სამომავლო გაფართოებაა. ალიანსში გაწევრიანების საქართველოსა და უკრაინის სურვილს რუსეთი ეწინააღმდეგება - ახალი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, აცხადებს, რომ ნატოს გაფართოება ალიანსისა და მოსკოვის ურთიერთობას დააზიანებს.

ალიანსის გაფართოების გარშემო ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა დღეს გამართულ სხვა შეხვედრაზეც იმსჯელეს - ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი თავიანთ უკრაინელ კოლეგას, იური ეხანუროვს, შეხვდნენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია კოსოვო. ხუთშაბათს ალიანსი შეთანხმდა, რომ იქ უსაფრთხოების სამომავლო ძალებს - 2,500 პირისგან შემდგარ კონტინგენტს - გაწვრთნის. სერბიის მოკავშირე რუსეთი კი კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგია.

ნატო-რუსეთის საბჭო 2002 წელს დაარსდა იმ მიზნით, რომ მხარეებს გადაელახათ ცივი ომის შემდგომი პოლარიზაცია. თუმცა, როგორც დღევანდელი ვითარებით ირკვევა, საბჭოს დღის წესრიგში კვლავაც ბევრი უთანხმოება რჩება მომავალში განსახილველად.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG