Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძე ვაკის მაჟორიტარობას აპირებს – პუბლიკაციას ამ თემაზე


ბურჯანაძე ვაკის მაჟორიტარობას აპირებს – პუბლიკაციას ამ თემაზე დღეს გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს.

გაზეთის თანახმად, თბილისის ვაკისა და დიდუბის რაიონში შუალედური მაჟორიტარული არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ვაკის მაჟორიტარად, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც ვიხილოთ. თუმცა ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ურთიერთობა აქვს ნინო ბურჯანაძეს მმართველ პარტიასთან: „ ბოლო პერიოდში ბურჯანაძე პოლიტიკურ არენაზე აღარ ჩნდება. წინასაარჩევნო პერიოდი მან საზღვარგარეთ ვიზიტებს დაუთმო. ის ამ პერიოდში საქართველოში თითქმის არ იყო. ბოლო თვე–ნახევრის მანძილზე მას არც ერთი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია.“ - ნინო ბურჯანაძის პოლიტიკაში დაბრუნების ვარიანტებს შორის გაზეთი ასახელებს ასევე პარლამენტის ყოფილი სპიკერის მიერ პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობასაც.

ოპოზიცია ხელისუფლების ანატომიაში კარგად ვერ ერკვევა–ამ მოსაზრებას „ახალ თაობასთან“ საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გამოთქვამს. მისი აზრით, რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ტრიბუნას თვითონ კარგავს. ამიტომ მას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის, რომ ახალი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია მოახდინოს, მათ შორის, ალტერნატიული პარლამენტის მეშვეობით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სოსო ცინცაძე შემდეგი რიგის შეკითხვას სვამს: „ ეს იქნება სათათბირო, რაღაც განსახილველი ორგანო, მრგვალი მაგიდა თუ რა? ალბათ, ყველაფერი ერთად, გარდა პარლამენტისა. თანაც, ოპოზიცია ხელისუფლებას ერთპარტიულ პარლამენტს უწუნებს და თვითონ ერთპარტიული პარლამენტი უნდა შექმნან?“

ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთობა გაზეთ „რეზონანსისთვისაც“ წარმმართველი თემაა. „რეზონანსის“ თანახმად, გაერთიანებული ოპოზიცია პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს, რომლის მთავარი დანიშნულება ხალხთან უშუალო კონტაქტი და ყველა იმ საშუალების გამოყენება იქნება, რომლითაც შეიძლება ადამიანი თანამოაზრედ გაიხადო. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, კახა შარტავა, „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ საბჭოში ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს.

„კონსტრუქციული თანამშრომლობის პრეცედენტი“ – პუბლიკაციაში, რომელსაც გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის მემორანდუმში ჩამოყალიბებული მოთხოვნების საფუძველზე ხელისუფლებასთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგებზეა საუბარი.

გაზეთი „ახალი ვერსია“ კი რადიკალური ოპოზიციის მარგინალიზაციის თემაზე საუბრისას შენიშნავს, რომ დღევანდელი ოპოზიცია მარგინალიზაციას ხარაკირივით თვითონ იკეთებს. გაზეთის შეფასებით, პოლიტიკაში იმთავითვე წაგებულ თამაშს ან ტრაგიკული გმირები იწყებენ, ან კომიკური იდიოტები.

გაერთიანებული ოპოზიციის შეცდომებზე საუბრობს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკაც.“ შეცდომებს შორის კი ჩამოთვლის: გაერთიანებას საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის მიზნით, მრავალათასიანი მიტინგებისა და საპროტესტო ტალღის არასწორად გამოყენებას, არასწორად შერჩეული პროგნოზებისა და მესიჯების ჩათვლით. პუბლიკაციაში აღწერილია მიზეზები იმისა, რატომ უწევს ოპოზიციას პოზიციების დათმობა. რაც შეეხება დასკვნას, „ დღეს უკვე სხვა რეალობა და სხვა ტიპის ოპოზიციაა საჭირო., საეჭვოა ეს ნიშა გიორგი თარგამაძე–ქრისტიან–დემოკრატებმა შეავსონ. მომავლის პოლიტიკოსი ლიდერისათვის თარგამაძის ბიოგრაფია საკმარისზე მეტად არის დამძიმებული. მან მხოლოდ დღეს და მხოლოდ ამ ფონზე შეძლო დროებითი წარმატება. ამ მოწვევის დეპუტატობა თარგამაძის ყველაზე მაღალ მწვერვალად შეიძლება დარჩეს“, - წაიკითხავთ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე.
XS
SM
MD
LG