Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი შუა აზიის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის


მიმდინარე თვეში მომხდარი რამდენიმე მოვლენა შესაძლოა იმის ნიშნად აღვიქვათ, რომ რუსეთი შუა აზიის ქვეყნებში თავის სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის.

მოსკოვმა, მაგალითად, ტაჯიკეთთან ერთობლივი სამხედრო დანაყოფის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა - ეს დანაყოფი მაშინ უნდა ამოქმედდეს, როდესაც ქვეყნების უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრება. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი ყირგიზეთში თავის საჰაერო ბაზას აფართოებს.

უკანასკნელ პერიოდში მომხდარი რამდენიმე მოვლენა აჩვენებს, რომ რუსეთი ენერგეტიკით მდიდარ შუა აზიის ქვეყნებში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ცდილობს და ამ ინიციატივას რეგიონის მთავრობები ენთუზიაზმით ხვდებიან.

თვის დასაწყისში რუსეთის მედიაში გავრცელდა რუსეთის საავიაციო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ზელინის სიტყვები, რომ მოსკოვი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკთან ახლოს მდებარე კანტის საჰაერო ბაზაზე სამხედრო კონტინგენტისა და შეიარაღების გაზრდას გეგმავს.

გასულ კვირაში კი რუსეთის სახელმწიფო დუმამ რატიფიკაცია გაუკეთა შეთანხმებას, რომელიც რუსეთისა და ტაჯიკეთის მიერ სამხედრო ძალების ერთობლივ გამოყენებას ითვალისწინებს. შეთანხმება 2006 წლის ნოემბერში შემუშავდა და ტაჯიკეთის მთავრობას ის უკვე დამტკიცებული აქვს.

სამხედრო სფეროსა და პოლიტიკის ექსპერტები - როგორც რუსეთში, ისე შუა აზიის ქვეყნებში - ამბობენ, რომ ეს ორი პროცესი უბრალო დამთხვევა არ არის და რომ მოსკოვი მართლაც აპირებს შუა აზიის ქვეყნებზე სამხედრო გავლენის გაძლიერებას.

მოსკოვში მცხოვრები ანალიტიკოსი ვლადიმირ მუხინი გეოპოლიტიკისა და ენერგეტიკული რესურსების მხრივ შუა აზიის რეგიონის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რუსეთი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ სამხედრო სფეროში თანამშრომლობა რეგიონზე გავლენის აღდგენის ყველაზე ეფექტიანი გზააო.

[მუხინი]

"პოსტსაბჭოთა სივრცეში მნიშვნელოვანი როლი უნდა დაეკისროს სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას. ეს აქსიომაა, რადგან რამდენადაც იქნება განვითარებული ინტეგრაციული კავშირები სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში, იმდენად იქნება უზრუნველყოფილი ცალკეული რესპუბლიკების სუვერენობა და დამოუკიდებლობა, რადგან დსთ-ის ქვეყნებში არსებული მთელი შეიარაღება რუსეთის წარმოების - ყოფილი საბჭოთა - შეიარაღებაა. დღეს ამ იარაღის 80-90 პროცენტს რუსეთი აწარმოებს და ყიდის."

ტაჯიკეთის სამხედრო ბაზაზე რუსეთს 7,000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ეს რუსეთის ყველაზე დიდი ბაზაა საზღვარგარეთ.
ყირგიზეთში კანტის საჰაერო ბაზა 2003 წელს დაარსდა. იქ დაახლოებით 400 სამხედრო მუშაობს. გავრცელებული ცნობებით, ბაზის არსენალი მოიცავს რუსულ სუ-25, სუ-27 და ან-24 ტიპის თვითმფრინავებს, მი-8 ტიპის ვერტმფრენებთან ერთად.

კანტის ბაზის წარმომადგენლებმა უარყვეს იქ რუსეთის მხრიდან დამატებითი ძალების წარგზავნის ფაქტი. მაგრამ, გავრცელებული ცნობების თანახმად, ერთობლივი უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ ფაქტი დაადასტურა.

შუა აზიაში ზოგიერთი მთავრობა ენთუზიაზმით ხვდება რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას. რუსეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო თვის დასაწყისში გამართულ დმიტრი მედვედევისა და მისი ტაჯიკი კოლეგის, ემომალი რაჰმონის, შეხვედრაზე.

დუშანბეში მცხოვრები ანალიტიკოსი ისმოილ რაჰმატოვი ამბობს, რომ, მსოფლიო ძალებთან - შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, ჩინეთთან - რამდენიმეწლიანი არშიყობის შემდეგ, შუა აზიის ქვეყნები მიხვდნენ, რომ ყველაზე რეალისტურ პარტნიორს მათთვის რუსეთი წარმოადგენს:

[რაჰმატოვი]

"ჩინეთს ტაჯიკეთთან 570-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი აკავშირებს. შეერთებული შტატები, ეჭვგარეშეა, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქვეყანაა და ის ტაჯიკეთს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. მაგრამ მთელი ეს დახმარება ახლოსაც ვერ მოვა იმ დახმარებასთან, რომელსაც ტაჯიკი ხალხი რუსეთიდან იღებს, ანუ იმ ფულთან, რომელსაც ტაჯიკი მიგრანტები რუსეთში აკეთებენ. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მუდამ მხარში ედგა და მომავალშიც მხარში ედგება ტაჯიკეთს."

ტაჯიკი ექსპერტის თქმით, ახლო წარსულში - განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ - შუა აზიის ქვეყნებს სურდათ დასავლეთთან თანამშრობლობის გაზრდა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება.

მაგრამ ამგვარმა თანამშრომლობამ მათი მოლოდინი ორი მთავარი მიზეზის გამო არ დააკმაყოფილა. ჯერ ერთი, დასავლეთიდან წამოსული დახმარების პირობად სახელდებოდა ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესება, რაც შუა აზიის ქვეყნების ძირითადად ავტორიტარულ მთავრობებს არ სურდათ. მეორე მიზეზი კი, ექსპერტის აზრით, შუა აზიისგან დასავლეთის გეოგრაფიულ სიშორეს უკავშირდება. რეგიონში მცხოვრები მილიონობით ოჯახი რუსეთში ნაშოვნ ფულზეა დამოკიდებული - ევროპასთან, ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კი ამგვარი ინტენსიური ფიზიკური კონტაქტები არ არსებობს.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შუა აზიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყება როგორც მოსკოვთან ორმხრივი შეთანხმებების, ისე რეგიონალური ხელშეკრულებების თვალსაზრისით (ასეთია: ”კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია”, ”შანხაის ორგანიზაცია” და ევრაზიის ეკონომიკური თანამშრობლობის თანამეგობრობა). უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა ამას წინათ განაცხადა, რომ ”კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია” და ევრაზიის ეკონომიკური თანამშრობლობის თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს, რათა ნატოსა და ევროკავშირის საპირწონე ძალა შეიქმნას.

თუმცა, რუსეთთან თანამშრობლობის გაზრდის პარალელურად, შუა აზიის ქვეყნებს დასავლეთთან კავშირების გაფართოებაზე უარი ჯერ არ უთქვამთ.

ყირგიზეთში, კანტის რუსულ საჰაერო ბაზასთან ახლოს, მანას საერთაშორისო აეროპორტში, განთავსებულია შეერთებული შტატების ბაზა, სადაც 1,000 პირი მუშაობს. გავრცელებული ცნობებით, ეს ბაზა ყირგიზეთის ეკონომიკას ყოველწლიურად 50 მილიონ დოლარს მატებს.

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში დაახლოებით 200 ფრანგი ჯარისკაცია განთავსებული და შეერთებული შტატებიდან თუ ევროკავშირიდან ქვეყანაში კვლავაც დიდი რაოდენობით შედის განვითარებაზე გამიზნული დახმარება.

უზბეკეთმა 2005 წელს მის ტერიტორიაზე მოქმედი ამერიკული სამხედრო ბაზა დახურა, თუმცა ცოტა ხნის წინ თანხმობა განაცხადა ავღანეთში განთავსებული ნატოს ჯარების მხრიდან ბაზის გამოყენებაზე.

თურქმენეთშიც კი - ქვეყანაში, რომელიც რეგიონში ყველაზე მეტად იზოლირებულისა და დასავლეთისგან ყველაზე დაშორებულის სტატუსს ატარებს - ბოლო ხანებში მეტი ღიაობა იგრძნობა. უკანასკნელ თვეებში პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის მთავრობამ ნატოსთან თანამშრომლობაც კი დაიწყო.

ეჭვგარეშეა, რომ ამ პროცესების გამო მოსკოვი თავს სულ უფრო მეტად ვალდებულად თვლის, მაქსიმალურად გაზარდოს შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის ხარისხი - მათ შორის, სამხედრო თვალსაზრისით.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG