Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ეროვნული აკადემია დაარსებიდან მე-15 წლისთავს ზეიმობს და მოდერნიზაციისთვის ემზადება


17 ივნისს საქართველოს ერთადერთ უმაღლეს სამხედრო სასწავლებელს დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა.

საკუთარი საიუბილეო თარიღი ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ, ტრადიციულად, ახალი გამოშვებით აღნიშნა და 99 კურსდამთავრებულს შეიარაღებულ ძალებში გზა დაულოცა. თავად თავდაცვის აკადემია მეორე წელია სერიოზული ტრანსფორმაციის პერიოდშია და ადგილმდებარეობაც შეიცვალა, რის გამოც საზეიმო ღონისძიებები, ვრცელი სამწყობრო პლაცის ნაცვლად, თავდაცვის სამინისტროს პატარა ეზოში მოკრძალებულად ჩატარდა. მინდა ოფიცერთა კორპუსის ახალ შევსებასა და სამხედრო აკადემიის სამომავლო გეგმებზე გესაუბროთ.

თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულ ომარ თურმანიძეს 17 ივნისი არასოდეს დაავიწყდება. ”ბ” კურსის წარჩინებულ მსმენელს დიპლომი და პირველადი სამხედრო წოდება ”ლეიტენანტი” პირადად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ გადასცა. ოფიცრის სააღლუმო მუქ ლურჯ ფორმაში გამოწყობილმა სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა ოფიცერმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ მიზანი და გამძლეობა ოფიცრად გახდომის აუცილებელი წინაპირობაა:

[ომარ თურმანიძე] ”პირველადი, ეგრეთ წოდებული საკარანტინო, პროგრამა ითვალისწინებს გამოცდას გამძლეობაზე, რაც მეტ-ნაკლებად მძიმე იყო, მაგრამ ვაჟკაცისათვის გადაულახავი, მიუღწეველი არაფერია. მთავარია მიზანი. კი, ბევრმა ვერ გაუძლო, ბევრმა ნერვებს ვერ გაუძლო, ბევრმა გაჭირვებას ვერ გაუძლო, მაგრამ ვინც გაუძლო, ის არის არტილერისტი.”(სტილი დაცულია)

ლეიტენანი ომარ თურმანიძე უკვე ჩაირიცხა სენაკის ბრიგადაში და კარიერას საზენიტო-სარაკეტო დივიზიონში განაგრძობს. მისი თანაკურსელი ლეიტენანტი გიორგი ქართველიშვილი სასწავლო მივლინების შემდეგ საკუთარ მშობლიურ ნაწილს დაუბრუნდება გორში ინჟინერ-ოპერატორად. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სამხედრო ტრადიციების მქონე ოჯახიდანაა, - მისი ძმაც და მამაც სამხედრო ძალების ოფიცრები არიან, - ამ ფაქტორის გამო, გიორგის თქმით, მას სწავლის პერიოდში არავითარი შეღავათი არ ჰქონია:


[გიორგი ქართველიშვილი] ”შეღავათი არანაირი. პირიქით - პასუხისმგებლობაა. ეს მავალებდა იმ ტრადიციების გაგრძელებას, რაც მამაჩემისგან მაქვს მიღებული.”(სტილი დაცულია)

ტრადიციების გაგრძელებას და ოფიცერთა ფორმირებას თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში 100-ზე მეტი გამოცდილი სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტი ხელმძღვანელობს. საშუალო ხელფასი სამხედრო სასწავლებელში 600 ლარს აღწევს. თუმცა იყო პერიოდი სასწავლებლის ცხოვრებაში, როდესაც დაუსრულებელი საკადრო ექსპერიმენტებისა და დაბალი სახელფასო ანაზღაურების გამო აკადემია რამდენიმე კვალიფიციურმა პედაგოგმა დატოვა. ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს 5 წლიანი სასწავლო პროგრამა გააუქმეს და მსმენელები იძულებით სამოქალაქო სასწავლებლებში გადაანაწილეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ზაზა გოგავას, თქმით, ექსპერიმენტების პერიოდი უკანმოუხედავად დასრულდა და თავდაცვის ეროვნული აკადემია სამხედრო მშენებლობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია:

[ზაზა გოგავა] ”ყველანაირი პრობლემა აღმოფხვრილია და ჩვენ მომავალში ვფიქრობთ, რომ მასწავლებელი - კერძოდ, ინსტრუქტორი -თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში უფრო მაღალ დონეზე იყოს დაფასებული, ვიდრე შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი. იმიტომ რომ ყველაზე საუკეთესო ოფიცრები მივიწვიოთ აკადემიაში, ისინი დავამაგროთ აკადემიაში, რათა შეიარაღებულ ძალებს აღვუზარდოთ ახალი თაობა ოფიცრებისა და ჯარისკაცებისა.”(სტილი დაცულია)

თავდაცვის ეროვნული აკადემიის 99 კურსდამთავრებული ლეიტენანტი ერთკვირიანი შვებულების შემდეგ სამხედრო ნაწილებში გააგრძელებს საქმიანობას. თავდაცვის ეროვნული აკადემია კი ახალი შევსებისთვის ემზადება, სექტემბერში კონკურსს გამოაცხადებს და ყველაფერი თავიდან დაიწყება - კარანტინი, ინტენსიური საველე გასვლები, ლექციები სასწავლო კლასებში და, რა თქმა უნდა, სამწყობრო მომზადება პლაცზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ცოცხალი შესრულებით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG