Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


კვირის დასაწყისში ქართულ პრესაში კვლავ აქტუალური იყო კითხვა, ვინ შევა და ვინ არ შევა პარლამენტში.

,,რას აპირებენ ეროვნული საბჭოდან წამოსულები?” -არკვევდა გაზეთი მთელი კვირა გია ცაგარეიშვილთან ინტერვიუში. იმავე ნომერში გაზეთი ოპოზიციის უახლოეს წარსულს აანალიზებდა და იმას, თუ - ,,რისთვის უნდა მოემზადოს ოპოზიცია” - ეს დავით ბერძენიშვილთან ვრცელი საუბრის სათაური გახლავთ. ,,ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ. არ ვიცი სხვები აიღებენ თუ არა თავის წილ პასუხისმგებლობას. ქართული ოპოზიცია იყო ქართველი ერის ღირსი 2007 წლის ოქტომბერშიც, ნოემბერშიც, დეკემბერშიც და 2008 წლის იანვარშიც, ქართული ოპოზიცია ვერ აღმოჩნდა ქართველი ერის ღირსი 2008 წლის გაზაფხულზე, მან დაუშვა ბევრი ტაქტიკური შეცდომა”, - უთხრა დავით ბერძენიშვილმა ”რეზონანსს”. დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაზე საუბრისას დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა: ,,ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოში არის სამი პოლიტიკური პარტია”. - ასეთებად მან ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები დაასახელა.

ოთხშაბათს ”რეზონანსი” წერდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ ინიციატივას აანალიზებს. ,,გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ამ საკითხზე საბჭო ზაფხულის განმავლობაში იმუშავებს, ხოლო სექტემბრიდან პოლიტიკურ ბრძოლას გაააქტიურებს. ამავე დროს, საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ პარტია "თავისუფლების" ლიდერის კონსტანტინე გამსახურდიას ინიციატივას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში განიხილავენ. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული გამსახურდიას საბჭოში დარჩენა-არდარჩენის საკითხიც”, - ვკითხულობთ ”რეზონანსში”.

პარასკევს კი ”ახალი თაობის” ერთ-ერთი სათაური ლეიბორისტების განცხადება იყო:
"ნაცმოძრაობის შტაბს, ე.წ. პარლამენტს, ვტოვებთ". გაზეთი წერს,, რომ "ლეიბორისტებმა" პარლამენტში განცხადება შეიტანეს და სადეპუტატო მანდატზე ოფიციალურად განაცხადეს უარი. ,, სამართლებრივად რამდენად გამართულია ლეიბორისტების განცხადება და რა მსვლელობა მიეცემა მას, ამაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს”, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

რაც შეეხება ახალ მემარჯვენეებს, "არ გვინდა ხელისუფლებამ ჩვენი გახლეჩა ისევ მოახერხოს" - ასეთი სათაურით აქვეყნებს ”რეზონანსი” პარტიის სამომავლო გეგმების შესახებ პუბლიკაციას, სტატიაში კი ვკითხულობთ: "ახალმა მემარჯვენებმა" სამომავლო გეგმები პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომაზე დასახეს და სექტემბრისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას ახალი ძალებითა და გადახალისებული კადრებით აპირებენ.”



პარლამენტის პარასკევის სხდომის შესახებ უკვე შაბათის პრესა წერს. ,,არც მრავალპარტიული და არც ერთპარტიული ” - ასეთია ”24 საათის” პუბლიკაციის სათაური. ,,ოპოზიციის საერთო ინტერესების ღალატი თუ ამ ინტერესების დაცვა - პარლამენტში ხელისუფლებასთან ოპონირების გზით?” - ამ ბოლო დღეების ერთ-ერთი აქტუალური ალტერნატივით იწყება ”24 საათის” პუბლიკაცია. გაზეთი წერს, რომ ,,ქრისტიან-დემოკრატებმა საკუთარი ქმედება მეორე შეფასებასთან გააიგივეს და, თავიანთივე პოლიტიკური ბანაკიდან წამოსული მძაფრი კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტის ზღურბლი მაინც გადალახეს.”

”24 საათი” წერს, რომ ”ქრისტიან-დემოკრატებს პლენარულ დარბაზში ის ადგილები გამოუყვეს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში ასევე ოპოზიციურ დემოკრატიულ ფრონტს ეკავა და რომლის რამდენიმე წევრმა საკუთარი ნებით თქვა უარი დეპუტატის მანდატზე. ”

ადგილების თემა აქტუალური იყო პარლამენტის ამ სხდომის გაშუქებისას. ”ახალი თაობა” წერდა: ,, გიორგი თარგამაძისა და მისი ფრაქციისათვის გუშინდელი სხდომა დებიუტი იყო. აი, ჯონდი ბაღათურია კი უკვე მეორედ დაესწრო პარლამენტის სხდომას. ის გუშინაც იმავე ადგილას იჯდა, რომელი ადგილიც 18 ივნისს დაიკავა. ამ რიგში წინა სხდომაზე ის მარტო იჯდა. ამ და სხვა მიზეზების გამო მას მადლიერმა ქართველმა ერმა ,,ჯონდი ადინოკი” შეარქვა”, - წერს ”ახალი თაობა”.

პარლამენტს გარეთ კი ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, ,,ვინ გახდება ოპოზიციის ახალი ლიდერი”. ამ კითხვას წამოსწევს შაბათის ”ალია” თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში. პასუხის ერთ ვერსიას ამ კითხვაზე ”რეზონანსის” სათური გვთავაზობს: ,,გაჩეჩილაძე შეიძლება ოქრუაშვილმა შეცვალოს”. აი, ერთი ამონარიდი შაბათის ”რეზონანსის” ამ პუბლიკაციიდან: ,,გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკიდან მიდის. მის ადგილას ბევრი ერთიან ეროვნულ საბჭოში თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს მოიაზრებს. ” გაზეთი წერს, რომ ეს ინფორმაცია ”რეზონანსს” გაერთიანებული ოპოზიციიდან მიაწოდეს. ,, როგორც ”რეზონანსის” წყარო აცხადებს, - ვკითხულობთ გაზეთში, - ეს თავად გაჩეჩილაძის ინიციატივით ხდება, რომელსაც ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა ბატალიებმა ჯანმრთელობა გაუუარესა. მის ადგილზე კი ერთიანი ეროვნული საბჭოს ნაწილი ოქრუაშვილს მოიაზრებს.”

კიდევ რა ხდება პარლამენტს გარეთ? ,,თავბრუდახვევა ფასებისაგან” - წერს ”24 საათი”, - განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტის ფასებისგანო, რომლებმაც ბოლო ხანებში განსაკუთერებით დაიწყო მომატება. ”რეზონანსის” პირველ გვერდზე კი გაკავებული გარემოვაჭრის ფოტოა მოთავსებული. ფოტოს ამგვარი მინაწერი აქვს: ,,არჩევნები დამთავრდა და გარემოვაჭრეების რბევა დაიწყო - ფაქტია, დეკემბერ-მაისის პერიოდში მსგავსი რამ არ ხდებოდა”. - უფრო მეტს ამ თემაზე ”რეზონანსის” შაბათის ნომერში წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG