Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”მაპ-ი, ალბათ, დეკემბერშიც არ იქნება” – ამ სათაურით ”რეზონანსში” გამოქვეყნებული წერილი ეხმაურება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებას:

”ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ნატოს წევრ სახელმწიფოებთან, რათა მაპ-ის მინიჭების საკითხი უკვე დეკემბერში დადებითად გადაწყდეს. თუმცა, შესაძლოა, მცირე ხნით მოცდა მოგვიწიოს”. სახელმწიფო მინისტრის ამ ფრაზაზე გაზეთი კომენტარს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს სთხოვს. ის ამბობს: ”არ მესმის ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი. მთავარია ის, რომ შეხვიდე ნატოში, მაგრამ როდის მოხდება - ეს სხვა თემაა. შეიძლება, ამას ერთი წელი დასჭირდეს, შეიძლება - 10. მთავარია, რომ ჩვენ მაპ-ი მივიღოთ, მაგრამ დეკემბერში იქნება ეს თუ 2009 წელს, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი”, - ამბობს საყვარელიძე.

”რეზონანსიდანვე” შეიტყობთ, რომ ნინო ბურჯანაძე თავისი ფონდის პრეზენტაციას 7 ივლისს გამართავს. ”პოლიტოლოგების აზრით, ბურჯანაძის ფონდს, რომელიც მისთვის პოლიტიკაში დასაბრუნებელი ტრამპლინი იქნება, პოლიტიკაში ინტელექტუალური კადრების სამჭედლოს ფუნქცია ექნება და, რაც ყველაზე მთავარია, ფონდის მეშვეობით ბურჯანაძე უცხოეთიდან დიდი ოდენობით თანხებს მოიზიდავს, რაც პირდაპირ პოლიტიკური პარტიის შემთხვევაში საეჭვო იქნებოდა”, - წერს ”რეზონანსი”.

კობა დავითაშვილი ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”თუ ბურჯანაძე იქნება ვირტუალური და ხელოვნური ოპოზიცია, ის ჩვენს ნიშას ვერ დაიკავებს”. რაც შეეხება ბურჯანაძესთან გაერთიანებული ოპოზიციის შესაძლო თანამშრომლობას, დავითაშვილი ფიქრობს, რომ ”პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, მოწინააღმდეგეები რიგდებიან ხოლმე და ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ შიმშილობის დროს ”ახლებს” რომ პლედები არ შეატანინა, მის რეპუტაციაზე ეს შავ ლაქად ყოველთვის დარჩება.” კობა დავითაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ელის ”როდის გამოფხიზლდება საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ მოტყუვდა და იყიდეს.”

”ორი პარალელური პროცესია: ნატოში გაწევრიანების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. მე მაინც მიმაჩნია, რომ რომელიმე ერთი უნდა ავირჩიოთ”, - ამბობს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე და დასძენს: ”რუსეთი ცოტა სხვანაირი ფორმით აყენებს საკითხს. რუსეთი ამბობს, რომ არავითარი ნატო და ვიმსჯელოთ აფხაზეთზე. მე ვამბობ, იქნებ ნატო და ცოტახანი გადავდოთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. საქმე ის არის, რომ პარალელური გზით სვლა ძალიან რთულია და ჩემთვის ვარაუდის დონეზეც რთული სათქმელია შედეგამდე მიგვიყვანს თუ არა”, - ამბობს არეშიძე, რომელსაც ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”24 საათი” შვეიცარიაში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის გიორგი კავკასიძის ვრცელ წერილს ბეჭდავს. ავტორის აზრით: ”იმის გამო, რომ ამჟამინდელ ოპოზიციას კონსტრუქციული კრიტიკის უნარი არ გააჩნია, ხოლო ახალი პარლამენტის მუშაობას ოპონირება და დახმარება სჭირდება, მე მგონია, დროა ჩამოყალიბდეს (ნამდვილ) ექსპერტთა ”კლუბი” ან ”დასი”, რომელიც პროფესიონალურად შეაფასებს ახალი პარლამენტისა და მთავრობის მოქმედებებს, გააანალიზებს გადაწყვეტილებებს და, რაც ყველაზე მთავარია, უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, ალტერნატიულ წინადადებებს შესთავაზებს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ორგანოებს. აუცილებელია, რომ ეს მსჯელობები თუ დებატები მედიის, პირველ რიგში კი, ტელევიზიის საშუალებით გაშუქდეს”, - ასეთ სურვილს გამოთქვამს შვეიცარიაში მცხოვრები გიორგი კავკასიძე ”24 საათის” ფურცლებზე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG