Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობის განმუხტვაში?


საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა მკაცრი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს

და მხარი დაუჭიროს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას. ეს მიმართვა მოჰყვა 10 ივლისს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ოფიციალურ დასტურს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა მართლაც დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. როგორი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია და საკმარისია თუ არა ის დაძაბულობის განსამუხტავად?

საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილთან სატელეფონო საუბარში სერიოზული შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დაძაბვასა და რუსული საბრძოლო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ევროკავშირმა ეს ფაქტი უკვე განიხილა რუსეთის ხელისუფლებასთან და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა. ხავიერ სოლანამ დასძინა, რომ კრიზისებიდან გამოსავალი მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით მიიღწევა.
ასევე, ტელეკომპანია ”რუსთავი-2” იუწყება, რომ ევროკავშირის პრეზიდენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც იგი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას კონფლიქტის ზონებში დაძაბულობის ზრდასთან დაკავშირებით და მოუხმობს ეგრეთ წოდებული ”ტროიკის” პარტნიორებს, მოსკოვის მიმართ პროტესტი გამოხატონ.

ამას წინ უძღოდა 11 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული მიმართვა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს დაგმოს საქართველოს მიმართ რუსეთის ღია აგრესიული ქმედებები. პარლამენტარები აღნიშნავდნენ, რომ ეს საქართველოს ბოლო შანსია აუხსნას მსოფლიოს, რომ რუსი სამშვიდობოები რეგიონში ომის დაწყების აშკარა საფრთხეს ქმნიან.

ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოების პასიურობა საქართველოს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის:
[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”რუსეთი მოქმედებს იმიტომ, რომ მას მიაჩნია, რომ ახლა არის დრო, როდესაც შეიძლება, რომ პროვოკაციაზე წამოვიდეს და ეს მას, ასე ვთქვათ, დაუსჯელად შერჩეს.”

რამდენად ადეკვატურია საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი რუსეთის ქმედებებზე? საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნა, რომ, მართალია, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ნამდვილად წარმატებულად საქართველოსთვის მხოლოდ ერთი შედეგი ჩაითვლება:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] ”მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით რუსი ეგრეთ წოდებული მშვიდობისმყოფელების ფორმატიდან გადასვლა სხვა ფორმატზე, კერძოდ, საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგებაზე კონფლიქტისა ზონაში. სხვა შემთხვევაში ჩვენ, როგორც ჩანს, არ დაგვრჩება სხვა გზა, თუ არა ცალმხრივად მოვახდინოთ დელეგიტიმიზაცია რუსეთის ამ ნაწილებისა, რომლებსაც სამშვიდობო მანდატი აქვთ, მაგრამ შეიარაღებითა და ქმედებით უკვე სრულიად სხვა ფუნქიებს ასრულებენ იქ, და ჩვენ თვითონ უზრუნველვყოთ მშვიდობის დამყარება.”(სტილი დაცულია)

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით რუსეთთან შექმნილი დაძაბულობის განსახილველად საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევაც მოითხოვა - ამის შესახებ 11 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. იმ დღესვე ნიუ-იორკს მიაშურა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ. გიორგი გაბაშვილი განმარტავს, თუ რას ელის ქართული მხარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისგან:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] ”ბუნებრივია, ჩვენ ველოდებით მკაფიო მესიჯს, რომ რუსეთის ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება ყველანაირ წესებს საერთაშორისო ნორმებისა, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უშიშროების საბჭომ ამაზე უნდა გამოხატოს პოზიცია.”(სტილი დაცულია)

თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო, მაგრამ არაეფექტიანი ნაბიჯია. პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის განსამუხტავად საერთაშორისო ორგანიზაციებმა პრინციპულად ახალი მიდგომა უნდა შეიმუშაონ:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”ალბათ, ამ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ცალკეული ქვეყნები - შეერთებული შტატები, ევროპის საბჭოს ქვეყნები - რაღაც განცხადებას გააკეთებენ, მაგრამ ეს იქნება მათი ცალკეული კერძო განცხადება და არა გაეროს უშიშროების საბჭოს ეგიდით გაკეთებული განცხადება. არ არის საკმარისი. როგორც ჩანს, თვისებრივად სხვა ძალისხმევა და მუშაობის ფორმატი არის საჭირო.”(სტილი დაცულია)

ვიდრე ოფიციალური თბილისი საერთაშორისო რეაქციას ელოდება, ოფიციალური მოსკოვი სეპარატისტული რესპუბლიკების ხელმძღვანელებს ხვდება. 12 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის შეხვდა. ლავროვმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების იმედი გამოთქვა, კოკოითიმ კი მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ნატოში ეპატიჟებიან, დაფიქრდნენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ნაბიჯს. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სიტუაცია გამწვავდება, - თქვა ედუარდ კოკოითიმ და დაამატა, რომ მზადაა წინ აღუდგეს თბილისის ნებისმიერ სამხედრო ქმედებას.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG