Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადაწყდა კონტროლის პალატისა და კიდევ რამდენიმე უწყების ქუთაისში გადატანა


საქართველოს პარლამენტმა 15 ივლისის რიგგარეშე

სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარედ ლევან ბეჟაშვილი დაამტკიცა. მისი კანდიდატურის განხილვისას ერთ-ერთი დეპუტატი კონტროლის პალატის თბილისიდან ქუთაისში გადატანის საკითხით დაინტერესდა როგორც ცნობილია, კონტროლის პალატასთან ერთად, დედაქალაქის დატოვება მოუწევთ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას და გზების დეპარტამენტს. რატომ გადაწყდა ამ უწყებების ქუთაისში გადატანა და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

კონტროლის პალატის, ისევე როგორც ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისა და გზების დეპარტამენტის, თბილისიდან ქუთაისში გადატანა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქუთაისში სტუმრობისას გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად პრეზიდენტმა ქუთაისის განვითარებისთვის ხელშეწყობა დაასახელა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ხვალიდანვე დავიწყოთ ამ შენობების რემონტი. მე ვთხოვ ადმინისტრაციის უფროსს და მთავრობის ხელმძღვანელს, რომ გამოყონ ფული. და მინიმუმ უახლოესი კვირების განმავლობაში ქუთაისში უნდა შევქმნათ, თუნდაც სახელმწიფო უწყებებში, ათასობით სამუშაო ადგილები, სადაც ექსკლუზიურად უნდა დასაქმდნენ ქუთაისელები.”(სტილი დაცულია)

ამ განცხადებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ კონტროლის პალატა და პრეზიდენტის მიერ ნახსენები სხვა უწყებები ჯერ კიდევ თბილისში მუშაობენ. არც უკანასკნელ საბიუჯეტო ცვლილებებში აისახა ამ სამი სტრუქტურული ერთეულის დედაქალაქიდან გადატანისთვის საჭირო თანხები. კონტროლის პალატის ახალი თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის, განცხადებით, პალატის ქუთაისში გადატანისთვის საჭირო თანხები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში აისახება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ამ უწყების ადგილმდებარეობის შეცვლას 18 მილიონი ლარი დასჭირდება. ამ ცვლილების წინააღმდეგ გამოდის საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, რომელსაც მიაჩნია, რომ მთავრობა კონტროლის პალატისა და კიდევ რამდენიმე უწყების ქუთაისში გადატანით სამუშაო ადგილების პრობლემას ვერ გადაწყვეტს:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] ”მიმაჩნია, რომ ეს მიზანი ამით არ განხორციელდება. ცოტა არასერიოზულად ვუყურებ ამ მიზნით კონტროლის პალატის გადატანას ქუთაისში. თბილისი დედაქალაქია და, ვფიქრობ, კონტროლის პალატა და საკონსტიტუციო სასამართლო თბილისში უნდა იყოს განლაგებული, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრში.”

საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას კონტროლის პალატის ახალმა თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კონტროლის პალატა ეფექტურად მუშაობას ქუთაისიდანაც შეძლებს და გადასვლა ეტაპობრივად განხორციელდება:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე პირობებში, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, პრობლემა კონტროლის განხორციელებისა არ იქნება. ჩვენ ეტაპობრივად შევეცდებით ეს ნაბიჯები გადავდგათ და ეტაპობრივად მოხდეს, რაც შეიძლება ხავერდოვნად, ადგილმდებარეობის შეცვლა და ამასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.” (სტილი დაცულია)

თუ კონტროლის პალატის გადასვლა მომავალი წლისთვის იგეგმება, ქუთაისში უკვე გადაბარგდა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია. მისი დროებითი ოფისის გახსნის საზეიმო ცერემონიალი უახლოეს დღეებში გაიმართება. ქუთაისში მარეგულირებელი კომისიის 90 კაციანი შტატის დაახლოებით 70 პროცენტი გადავიდა. კომისიას კადრებით დაკომპლექტების პრობლემასთან ერთად შენობის რეკონსტრუქციისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაც მოუწევს.
XS
SM
MD
LG