Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გერმანულ გეგმაზე ქართული მხარის პოზიცია ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა


”გერმანულ გეგმაზე ქართული მხარის პოზიცია ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა ყველა ერთსულოვანია

იმაში, რომ ისეთი ქვეყნის აგრერიგად აქტიურად ჩარევა სამშვიდობო პროცესში, როგორიც გერმანიაა, უაღრესად მნიშვნელოვანია და პოზიტიური. განსაკუთრებით იმ გავლენის გათვალისწინებით, რაც გერმანიას რუსეთის მიმართ გააჩნია”, - წერს ”რეზონანსის” მიმომხილველი. ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში კი პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს: ”არსებობს დიდი ქვეყნებისა და პატარა ქვეყნების ბედი და როდესაც დიდ ქვეყნებს სურთ რაიმე და ამაში პატარა ქვეყნები ხელს უშლიან, მათი ინტერესების იგნორირებით შეიძლება დიდმა ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები უფრო ადვილად დაამყარონ. დღეს რუსეთი ძალიან გაძლიერებულია, ამიტომაც ყველას სურს, რომ იპოვოს, ასე ვთქვათ, რუსეთის გასაღები და ამის პოვნა თუ ვერ მოხერხდა, ის მაინც შეძლოს, რომ ცხოვრება მაინც არ გაირთულოს”, - ამბობს საყვარელიძე, რომელთან ინტერვიუსაც ”რეზონანსი” აქვეყნებს.

პრესა გაეროს უშიშროების საბჭოს 21 ივლისისთვის დანიშნულ სხდომასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე წერს. ”ახალი თაობა”: ”რამდენად იმოქმედებს რუსეთზე უშიშროების საბჭოს დასკვნა, ძნელი სათქმელია. რუსეთთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გაეროში აპრილშიც ისმოდა. ამ განცხადებებმა ჩვენებურებს ფრთები შეასხა და ჩვენი პოლიტიკოსები ლამის უთვითმფრინავო პილოტებივით აიჭრნენ ცაში. მათ სიხარულს ფრთები რუსეთის ქმედებებმა შეაჭრა. აპრილის შემდეგ რუსეთმა საქართველოს მიმართ კიდევ უფრო თავხედური პოლიტიკა აწარმოა”, - წერს გაზეთი. ”24 საათი” ამავე თემაზე: ”რუსეთმა გაეროში მორიგი მტკივნეული მარცხი იწვნია. რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობა მდგომარეობის გამწვავებაზე თბილისს ეკისრებოდა, უშიშროების საბჭოს წევრებმა განსახილველად არ მიიღეს. სამაგიეროდ, უშიშროების საბჭომ, საქართველოს თხოვნით, 21 ივლისს საგანგებო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო”. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”რა შედეგს მივიღებთ? ეს უკვე ყველამ ვიცით - რუსეთს კიდევ ერთხელ გააკრიტიკებენ, რომელიც ამ კრიტიკას არ მიიღებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ბრალს იქით დასდებს და, რაც მთავარია, უფრო გაავდება. სანამ გაეროში ვეტოს უფლება არსებობს, ჩვენ არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. ამ ორგანიზაციის ორგანიზმი საკმაოდ კასტრირებულია, მას მხოლოდ ისეთი რეზოლუციის მიღება შეუძლია, რომელიც ამერიკას, რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას აწყობს”, - აღნიშნავს სოსო ცინცაძე.

”ყველა სიახლის” კორესპონდენტი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს ესაუბრა. ის ამბობს, რომ უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობის დიპლომატიურ რესურსს ვერ ხედავს. ”ამის ნათელი გამოხატულებაა საქართველოს ელჩის რუსეთიდან გამოწვევა. ეს ჩვენი მხრიდან უკიდურესი გადაწყვეტილება იყო”, - აცხადებს გივი თარგამაძე და დასძენს: ”საქართველომ არაერთხელ განაცხადა და დღესაც ვიმეორებთ, რომ ვაპირებთ ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. თავს არავის დავესხმებით, მაგრამ თავდაცვისთვის ვემზადებით.”

რუსეთიდან ელჩის გამოწვევის მოტივზე წერს ”ჯორჯიან ტაიმსი”. გაზეთის თანახმად, ეროსი კიწმარიშვილი მოსკოვიდან იმის გამო გამოიწვიეს, რომ მან საელჩოს ოფიციალური ბლანკით გულითადად მიულოცა დაბადების დღე რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიას, რომელიც პრორუსული და სააკაშვილის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. გაზეთი მილოცვის ფურცლის ასლსაც აქვეყნებს.

ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩ ზურაბ აბაშიძესთან, რომელიც ამბობს: ”ზოგჯერ ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ მთელმა მსოფლიომ და თვით თბილისმაც კი რომ ცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთი ამაზე არ წავა. ეს რუსეთის სახელმწიფო ინტერესებში არანაირად არ შედის. მაგრამ, თუ იქნა ესკალაცია, შესაძლოა, იყოს სხვა გადაწყვეტილებები”, - ამბობს ზურაბ აბაშიძე. მას ”ჯორჯიან ტაიმზის” კორესპონდენტი ესაუბრა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG