Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, შეერთებული შტატები თეირანში დიპლომატების მივლინებას გეგმავს


დასავლეთის პრესაში იზრდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში აშშ-ის დიპლომატების გაგზავნას გეგმავს

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად. მითქმა-მოთქმას ისიც აძლიერებს, რომ თავად სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ცნობას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

17 ივლისის დასავლეთის პრესა სავსეა ცნობებით იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი მზადაა თეირანში დიპლომატთა მცირე ჯგუფი მიავლინოს, რათა მათ იქ შეერთებული შტატების ინტერესები წამოადგინონ.

ბრიტანეთის ყოველდღიური ”გარდიანი” წერს, რომ, მისი წყაროების ცნობით, ამის შესახებ განცხადება მომავალ თვეში გაკეთდება. გაზეთი წყაროებს ანონიმურად ტოვებს. ამასთან, ”გარდიანი” აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ამ ცნობას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად გამომავალი ”ნიუ იორკ ტაიმსი” ადასტურებს, რომ ამერიკელი დიპლომატების ირანში გაგზავნა მართლაც განხილვის საგანი იყო, მაგრამ, ასევე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

ამ ცნობებს ირანი ”დადებით სიგნალად აღიქვამს”. ”ჩვენ ხალხთა შორის ურთიერთობის გამყარებისკენ მიმართულ ნებისმიერ ნაბიჯს მივესალმებით”, - უთხრა ჟურნალისტებს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მიმდინარე კვირის დასაწყისში და დასძინა: ”ჩვენ რაიმე ოფიციალური თხოვნა არ მიგვიღია, მაგრამ ვთვლით, რომ ორ ხალხს შორის ურთიერთობის განვითარება სწორი ნაბიჯი იქნება.”

ეს სიტყვები დიდწილად მსგავსი იყო იმ ფრთხილი განცხადებისა, რომლითაც გასულ თვეში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გამოვიდა. ”ჩვენ გვსურს, რომ შეერთებულ შტატებს მეტი ირანელი ეწვიოს”, - თქვა რაისმა. - ”ჩვენ ვაპირებთ ირანელ ხალხს ხელი გავუწოდოთ.”

ამერიკელი დიპლომატები თუ მართლა დაბრუნდებიან თეირანში, ეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველი ასეთი შემთხვევა იქნება. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ გაუტოლდება დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენას.

შეერთებულ შტატებსა და ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური კავშირები მას შემდეგ შეწყდა, რაც ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის დროს თეირანში ამერიკელი დიპლომატები მძევლად აიყვანეს.

მას შემდეგ ურთიერთობა დაძაბული დარჩა - თეირანსა და ვაშინგტონს შორის ხშირად იჩენს თავს უთანხმოება სხვადასხვა საკითხის ირგვლივ, იქნება ეს ერაყი, შეერთებული შტატების მიერ გამოთქმული ბრალდება, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს უჭერს მხარს, თუ ირანის ატომური პროგრამა.

ირანში ამერიკელი დიპლომატების შესაძლო მივლინებასთან დაკავშირებით ცნობების გავრცელების პარალელურად, ვაშინტგონი და თეირანი ირანის ატომური კრიზისის ირგვლივ უკეთესი თანამშრომლობის ნიშნებს ავლენენ.

შაბათს, 19 ივლისს, ჟენევაში ევროკავშირსა და ირანს შორის გაიმართება მოლაპარაკება, რომელსაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი დაესწრება. შეხვედრაზე გაირკვევა, როგორ უპასუხებს ირანი ევროკავშირის უკანასკნელ წინადადებებს ირანისთვის ურანის გამდიდრების შეწყვეტის სანაცვლოდ წამახალისებელი ინიციატივების შეთავაზების თაობაზე.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა დანა პერინომ ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე ბერნსის დასწრება შეერთებული შტატების პოზიციის შეცვლას არ მოასწავებს:

[პერინო]
”ჩვენ ამ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა გვსურს. ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთ ხმაში მუშაობას - და სწორედ ეს მოხდება შაბათის [შეხვედრაზე]. მაგრამ მთავარი, ძირეული პრინციპი ის გახლავთ, რომ არანაირი მილაპარაკება არ გაიმართება, თუკი ირანი ურანის გამდიდრებას არ შეწყვეტს.”

თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ ბერნსი პირველი ამერიკელი დიპლომატი იქნება, რომელიც ირანსა და ევროკავშირს შორის გამართულ შეხვედრაში უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას. საყურადღებოა, რომ, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, აქამდე ამ მოლაპარაკებებს ის ფაქტორი აფერხებდა, რომ ირანი, ურანის გამდიდრების სანაცვლოდ, დასავლეთისგან შეთავაზებულ ნებისმიერ ინიციატივებზე ვაშინგტონის გარანტიებს ითხოვს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG