Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დღეს გამომავალი ქართული ბეჭდური მედიის მთავარ საკითხს, კერძოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტს, გაზეთი „24 საათი“ რამდენიმე სტატიით ეხმიანება.

„დასავლური სამშვიდობო მისია“ – ამ სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთმა ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გერმანული სამშვიდობო გეგმის ჩაგდება გადაწყვიტა იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად იგი მისთვის მიუღებელ პირობას არ შეიცავს: ”როგორც ჩანს, კრემლს იმის შიში გაუჩნდა, რომ, სამშვიდობო გეგმის წარმატების შემთხვევაში , საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლის შესახებ ალიანსის დეკემბრის მინისტერიალის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღება რეალური გახდება, მით უმეტეს, რომ გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე გერმანიის თანხმობის პირობად სწორედ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლა დაასახელა.“ პუბლიკაციის დასასრულს გამოთქმულია მოსაზრება, რომ გერმანულ დიპლომატიას ამ დღეებში თავად შეუძლია დარწმუნდეს იმაში, კონფლიქტის მხარეებიდან ვინაა დაინტერესებული პრობლემის მოგვარებით, ვინ კი ხელის შეშლით. დღესვე „24 საათში“ ქვეყნდება სტატია „ კავკასიური ცარცის წრე, ანუ საქართველო ამერიკასა და რუსეთს შორის.“ სტატია წარმოადგენს გლობალური და რეგიონალური პოლიტიკის დინამიკის მოკლე ანალიზს, რომლის თანახმად, პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკა–რუსეთის დღევანდელ დაპირისპირებას კვებავს იდეური ჭიდილი უფრო მეტად, ვიდრე უსაფრთხოების სტრატეგიისა და ენერგეტიკული რესურსების საკითხი: „ ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში ორივე მხარისთვის გაცილებით მეტი დევს სასწორზე, ვიდრე, უბრალოდ, საქართველო. ამიტომ არც ამერიკა და არც რუსეთი დათმობას ვერ შეძლებს მანამ, სანამ რომელიმე მათგანის საგარეო პოლიტიკური პრინციპები ძირეულად არ შეიცვლება“ - ნათქვამია სტატიაში, რომლის დასკვნის თანახმად, ამერიკა და რუსეთი კავკასიური ცარცის წრეში თავისი ინტერესების გატანას ცდილობენ. ყველაზე მძიმე კი, რა თქმა უნდა, იმის ხვედრია, ვისაც ამ წრის შუაგულში მოუხდა დგომა.

„რას ჩამოიტანს შტაინმაიერი სოხუმიდან“ - ”რეზონანსის” პუბლიკაცია ძირითადად ასახვაა იმ შეფასებებისა, რომელთაც პოლიტიკოსები ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მომწესრიგებელი სამშვიდობო გეგმის შესახებ გამოთქვამენ. თანახმად ამ რიგის ერთ–ერთი შეფასებისა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ეკუთვნის, კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ გეგმაში უმთავრესი აქცენტი დევნილების დაბრუნებაზე უნდა გაკეთდეს. ამავე გაზეთის ფურცლებზე, რუბრიკით „საფრთხე“, წაიკითხავთ სტატიას: „რუსები საქართველოში მშვიდობის იძულებით დამყარებაში“ ვარჯიშობენ. „ რუსები ღიად ამბობენ, რომ წვრთნები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ საბრძოლო ქმედებებს უკავშირდება. ამ განცხადებას პირდაპირი პოლიტიკური და სამხედრო დანიშნულება აქვს.იმ დროს, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს სამშვიდობო პროცესის დაძვრას, რუსეთი კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციას ამწვავებს და სურს სამხედრო შენაერთების შემოყვანა. რუსეთი ცდილობს დასავლეთს დაანახვოს კუნთები” , - უთხრა გაზეთ „რეზონანსს“ ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილმა.
XS
SM
MD
LG