Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა საქართველოსა და კიდევ 175 ქვეყნისთვის პრეფერენციების GSP სისტემის მოქმედების ვადა გააგრძელა


ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა "ევროკავშირის შეღავათების (პრეფერენციების) ზოგადი სისტემის" (GSP) მარეგულირებელი ახალი წესი მიიღეს,

რომელიც 2009 წლის იანვრიდან 2011 წლის ბოლომდე იმოქმედებს. ამ წესების მიხედვით, ევროკავშირი 176 განვითარებად სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, ექსპორტის შეღავათიან პირობებს ანიჭებს. საქართველო ევროკავშირთან ვაჭრობის სპეციალური წამახალისებელი სისტემით, ე.წ.,”GSP+” (”ჯი-ეს-პი პლუსი”)-ითაც სარგებლობს. რას ნიშნავს ეს პროგრამები და რა სარგებელი მოაქვს მას საქართველოსთვის?

ევროკავშირის პრეფერენციების ”ჯი-ეს-პი“ სისტემით საქართველო 1999 წლიდან სარგებლობს, 2005 წელს კი სპეციალური წამახალისებელი სქემა, GSP პლუსი, მიენიჭა. საქართველო ერთ-ერთია იმ 15 ქვეყნიდან, რომლებიც "GSP+"-ით სარგებლობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეწარმეებს საშუალება აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 7200-მდე დასახელების პროდუქტის ექსპორტი ნულოვანი საბაჟო გადასახადის პირობებში განახორციელონ. ასევე, ამ პროგრამის მიხედვით, 3600-მდე დასახელების ქართული ნაწარმი შეღავათიანი საბაჟო ტარიფით იბეგრება. მაგალითად, თხილის ბიზნესში ჩართული ექსპერტის, შოთა ბუხაიძის, განცხადებით, ”ჯი-ეს-პი პლუსის“ შედეგად, საქართველოს თხილის პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდა:

[შოთა ბუხაიძის ხმა] ”მე მინდა ერთი კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ: ამ კანონის გამო 4%-ით იაფი ღირს ქართული თხილი, ვიდრე თურქული.” (სტილი დაცულია)

თხილის გარდა, ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე ექსპორტირების საშუალება ეძლევა საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის უამრავ პროდუქტს, მძიმე მრეწველობის პროდუქციას თუ ხელნაკეთი სუვენირების მწარმოებელ კერძო პირებს. საქართველოსთვის ”ჯი-ეს-პი პლუს“ სისტემის სარგებლიანობის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე საუბრობს:

[თამარ კოვზირიძის ხმა] „თუ ქართული პროდუქცია შედის ევროპის ბაზარზე, შესაბამისად, ნულოვანი საბაჟო ტარიფით ხდება განბაჟება. ეს ხელს უწყობს ექსპორტის განვითარებას. საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის დაახლოებით 50 პროცენტი გადის, აი, ამ შეღავათებით. ეს არის, ასე ვთქვათ, ცალმხრივი სქემა, რომელსაც ევროკავშირი შეიმუშავებს და მსოფლიოში მხოლოდ 15 ქვეყანას აქვს ასეთი პრეფერენცია - დსთ-ს სივრცეში მარტო საქართველოს და მოლდავეთს.“

ევროკავშირის პრეფერენციების სანაცვლოდ, განვითარებადმა ქვეყნებმა - ისეთმა, როგორიცაა საქართველო - საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებები უნდა განახორციელონ "მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობის" ჩამოსაყალიბებლად. ამით ევროკავშირი ცდილობს ხელი შეუწყოს GSP პლუსის მიმღებ ქვეყნებში ადამიანისა და შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კარგი მმართველობის შესახებ შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების რატიფიკაციას და განხორციელებას.


სულ, 27 კონვენციიდან, საქართველოს რატიფიცირებული აქვს 25 და დარჩენილი ორის გამო ”ჯი-ეს-პი პლუს“ სისტემით სარგებლობის უფლების შეჩერება ემუქრება, რადგან რატიფიკაციისთვის განკუთვნილი სამწლიანი ვადა თითქმის ამოიწურა. ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ კოვზირიძის კომენტარი:

[თამარ კოვზირიძის ხმა] „ჩვენ რატიფიცირებული გვაქვს 25 და დაგვრჩა ორი - ანტიკორუფციული და ბიოუსაფრთხოების შესახებ. შემოდგომაზე პარლამენტი ამ კონვენციების რატიფიკაციას მოახდენს. რადგან საარჩევნო პერიოდი იყო, შემოდგომამდე ეს ვერ მოხერხდება.“(სტილი დაცულია)

ევროკავშირის "შეღავათების (პრეფერენციების) ზოგად სისტემას" რეალური ეკონომიკური სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისათვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ამ სისტემის გამოყენებით ვაჭრობის მოცულობამ 2007 წელს 57 მილიარდი ევრო შეადგინა.
XS
SM
MD
LG