Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ განაპირობა საქართველოში ინფლაციის შემცირება


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ბოლო 6 თვის მიხედვით, საქართველოშია, ყველაზე მაღალი კი უკრაინაში,

- იტყობინება დსთ-ს სტატისტიკის კომიტეტი. ინფლაციის შემცირებაზე საუბრობს საქართველოს მთავრობაც. პრემიერ- მინისტრ ლადო გურგენიძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში ინფლაცია 9 პროცენტზე ოდნავ მეტია, მაშინ როდესაც წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 11 პროცენტს აღემატებოდა. რამ განაპირობა საქართველოში ინფლაციის შემცირება?

საქართველოს რიგითი მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ხშირად უჩივის ინფლაციას და სამომხმარებლო ფასების მატებას:

[მოქალაქეთა ხმა] ”რამდენად, არ ვიცი, მაგრამ რომ გაიზარდა, ამას ყველა ვხედავთ. არ ვიცი, მთავრობის ბრალია თუ დრომ მოიტანა ეს. არ ვიცი, საით მივდივართ.”

”ყველაფერმა მოიმატა, პროდუქტმა. აი, ზეთი თუ ღირდა შარშან 4 ლარი, ის წელს 5 ლარი ღირს. ჩვენი ბიუჯეტი არ იზრდება, მაგრამ მაინც ვახერხებთ როგორღაც.”

მოქალაქეთა ასეთი განცხადებები ძირითადად ზოგად ტენდენციას ასახავს, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ჩამოყალიბდა. სტატისტიკური ინფორმაციით კი, უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე სულ სხვა ტენდენცია შეიმჩნევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადებით, ქვეყანაში, ფასების კლების მხრივ, კარგი ტემპი შეიმჩნევა. მაგალითად, თუ მაისის თვეში ფასების მატება თითქმის ერთი პროცენტი იყო, ივნისში მატება არ შეიმჩნეოდა, ხოლო ივლისში ფასებმა ვარდნა დაიწყო და კლების მაჩვენებელი 1 პროცენტს აღემატება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 6 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:

[ლადო გურგენიძის ხმა] „ივლისი ჩვენ გვქონდა რიგით მეორე თვე, როდესაც ჩვენ გვქონდა დეფლაცია -1.2 პროცენტი იყო ინფლაცია, იგივე დეფლაცია. ფასებმა დაიკლო ივლისის განმავლობაში.“(სტილი დაცულია)

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ლადო გურგენიძის განცხადებით, ის 11 პროცენტზე მეტი იყო და ახლა 9 პროცენტის ფარგლებშია. გურგენიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის მიზანი წლიური ინფლაციის 8 პროცენტამდე შემცირებაა, რაც საქართველოსთვის ნორმალური მაჩვენებელი იქნება. მისი აზრით, ინფლაციის დაბალი დონე ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების მატების შედეგია და სავსებით შესაძლებელია დეფლაციურ პროცესებს საპროცენტო განაკვეთების შემცირებაც მოჰყვეს.

მთავრობის პოზიციისგან განსხვავებული აზრი აქვს ეკონომიკის ექსპერტს დავით ნარმანიას, რომელიც ინფლაციის შემცირებას ეჭვქვეშ აყენებს:

[დავით ნარმანიას ხმა] „საწვავზე ფასების შემცირება არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის ბაზარზე, სურსათის ფასები იზრდებოდა. ერთადერთი, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ფულის მასა შეამცირეს ხელოვნურად - ბანკები არ გასცემდნენ კრედიტებს და შეიძლება ამის გამო რამდენიმე პუნქტით შემცირდა ინფლაცია.“ (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებული ინფლაციის დონე ყველაზე დაბალია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში. ასეთი დასკვნა გააკეთა თანამეგობრობის სტატისტიკის კომიტეტმა, რომლის ინფორმაციით, საქართველოში 6 თვის მანძილზე ინფლაცია მხოლოდ 4 პროცენტზე ოდნავ მეტი იყო, მაშინ როდესაც უკრაინაში ეს მაჩვენებელი 15 პროცენტს აღემატება. ინფლაციის მაღალი დონის მქონე ქვეყნებს შორის უკრაინასთან ერთად არიან ყირგიზეთი და აზერბაიჯანი.

XS
SM
MD
LG