Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაისი მწვავედ აკრიტიკებს მოსკოვს


დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის პრესკონფერენიცია, რომელზეც მან საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

მან მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და დაიცვას საზავო შეთანხმება, რომელიც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ინიციატივით იქნა შემუშავებული:

”თუკი რუსეთი მართლაც არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას - და უნდა ვთქვა, რომ შემოსული ინფორმაცია არ იძლევა იმედს, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას იცავს და დადებულ პირობას ასრულებს - ეს მხოლოდ რუსეთის იზოლაციის ხარისხს გაზრდის. ეს მხოლოდ გააღრმავებს ძლიერ და მზარდ განცხას, რომ რუსეთის ქცევა არ შეეფერება ისეთი საერთაშორისო პარტნიორის ქცევას, როგორადაც ყოფნა, მისივე თქმით, რუსეთს სურს.”

პრესკონფერენციაზე რაისმა გააფრთხილა რუსეთი, რომ ის საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა უჩვეულოდ მწვავე რიტორიკას მიმართა და არაორაზროვანი ისტორიული პარალელები მოიხმო:

"იწყება რუსეთის საერთაშორისო დაგმობა იმისთვის, რასაც ის აკეთებს. ეს არ გახლავთ 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია, როცა რუსეთს შეუძლია დაემუქროს თავის მეზობლებს, დაიკავოს დედაქალაქი, დაამხოს ხელისუფლება და შერჩეს ეს. ახლა სხვა ვითარებაა."

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მისამართით ასეთი მკაცრი განცხადება წლების მანძილზე არ გაკეთებულა ვაშინგტონიდან.

პრესკონფერენციაზე რაისს დაუსვეს შეკითხვა: როგორ შეგიძლიათ იყოთ ნამდვილი შუამავალი, როცა რუსეთი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ძალიან ხართ დაახლოებული. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისიტრმა ლავროვმა საქართველოს აშშ-ის საგანგებო პროექტი უწოდაო. რაისის პასუხი ასეთი იყო:

“საქართველო ქვეყანაა დემოკრატიული მთავრობით კავკასიაში. მან აირჩია თავისი ლიდერები. ვუწოდოს ამას ვიღაცის პროექტი, ალბათ, უფრო მეტს იმაზე გვეუბნება, თუ როგორ უყურებს რუსეთი თავის მეზობელებს ვიდრე, ამრიკის საგარეო პოლიტიკაზე”.

ერთმა ჟურნალისტმა კონდოლიზა რაისს სთხოვა კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომ შეერთებულ შტატებს მოუწევს არჩევნის გაკეთება საქართველოს მხარდაჭერასა და მართლაც მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხში რუსეთთან თანამშრომლობას შორის. თანაც, ჟურნალისტმა დასძინა, ხომ არ შეიძლება ლავროვს ირანის ბირთვული პროგრამა ეგულისხმაო.

კონდოლიზა რაისის თქმით, ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ამ საკითხში თანამშრომლობით მოსკოვი მხოლოდ ვაშინგტონს უკეთებს კარგ საქმეს. თუ რუსეთი მართლაც არის დაინტერესებული სტაბილური ახლო აღმოსავლეთით, მაშინ ის იმითაც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ ჩაიგდოს ხელშიო, თქვა რაისმა.

დღეს კონდოლიზა რაისი საფრანგეთში მიემგზავრება საქართველო-რუსეთის კონლიქტზე მოლაპარაკებებისთვის. ხვალ კი ის თბილისს ესტუმრება - როგორც თავის გამოსვლაში თქვა - ქართველი ხალხისთვის სოლიდარობისა და თანადგომის დემონსტრირებისთვის.

XS
SM
MD
LG