Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სჭირდება და რა დახმარებას ჰპირდებიან საქართველოს ეკონომიკას


საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგში რუბენ ჯეფრი მესამე.

ის თავის დელეგაციასთან ერთად საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციის საკითხებს შეისწავლის. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობამ ათასგვერდიანი პროექტი წარუდგინა რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა დახმარება სჭირდება ქვეყანას რუსეთის ოკუპაციის შედეგად ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანის დასაძლევად.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მთავრობას ეკონომიკის რეკონსტრუქციისთვის 18 თვიანი ვადა მისცა. 25 აგვისტოს გორში გამართულ მთავრობის სხდომაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკონომიკის განვითარება და წინსვლაა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „უახლოესი სამი თვე არის კრიტიკული მინიმიზაციისთვის უკიდურესი ზიანის და შემდეგი 15 თვე არის აღორძინების და ახალ ეკონომიკურ ზრდაზე გასვლის პერიოდი. ეს გზა არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე ცხელი ომის დღეები. მაგრამ ეს გზა არის გასავლელი იმისათვის, რომ საქართველომ ყველას დაუმტკიცოს, რომ ვართ ცივილიზებული ევროპული ერი.“(სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობამ საკუთარი ძალებით უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ მხოლოდ საქართველო ვერ შეძლებს იმ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოიქმნა. დანგრეული ინფრასტრუქტურა, დაზიანებული კომუნიკაციები, ეკოლოგიური ზარალი, გაუარესებული საინვესტიციო გარემო - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ახლა საქართველოს ეკონომიკის მთავარ პრობლემებს წარმოადგენს. მათ შესწავლას საქართველოში სამდღიანი ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ცდილობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადებით, აშშ-ის დახმარება ფართომასშტაბიანი იქნება:

[ლადო გურგენიძის ხმა] „აქ არის მათი ეკონომიკური გუნდი, რომელიც ჩამოსულია იმ მიზნით, რომ ჩვენთან ერთად და თავისი დაკვირვებების საფუძველზე დაადგინოს რა სახით დაგვეხმაროს, რომ ოპტიმალური იყოს ეს დახმარება. სერიოზულ დახმარებაზეა საუბარი. ეს არის დახმარება საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ზოგადად ეკონომიკური ხასიათის დახმარება.“(სტილი დაცულია)

თავად შეერთებული შტატების დელეგაციის წევრების განცხადებით, თავდაპირველად უნდა მოხდეს ზარალის ზუსტი შეფასება, რის საფუძველზეც დახმარების პროგრამა მომზადდება. საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა „დიდმა შვიდიანმა“. მაგრამ ჯერჯერობით ცნობილი არ არის მონაწილეობის ფორმა და მასშტაბები.

საქართველოს ფინანსურ დახმარებას ჰპირდება რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკა, რომელმაც უკვე გამოყო დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარი და საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის დონორთა კონფერენციის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა.
აქტიურობს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, რომლებიც საქართველოსთვის დაბალპროცენტიანი კრედიტების გამოყოფის საკითხებს განიხილავენ.

ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკას დახმარება ძირითადად ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სასურსათო მომარაგებაში ესაჭიროება:

[დავით ნარმანიას ხმა] „საერთაშორისო დიდი დახმარებები ქვეყანაში გარკვეულ მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას იწვევს ხოლმე. ამიტომ რაღაც გარკვეული ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა დასჭირდება ჩვენს ქვეყანას. მაგრამ არა მგონია, მარშალის გეგმის მსგავსი და დიდი რეაბილიტაციის გეგმის განხორციელება დასჭირდეს.“ (სტილი დაცულია)

ჯერჯერობით დაუდგენელია რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის მოცულობა. შესაბამისად, უცნობია საერთაშორისო დახმარების მასშტაბებიც. ამჟამად საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის თვალსაჩინო სურათს საგადასახადო შემოსავლების დინამიკა წარმოადგენს. თუ საომარი მოქმედებების დასრულებამდეც კი საგადასახადო შემოსავლების დღიური მაჩვენებელი 16 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, ამჟამად ეს ყოველდღიური მაჩვენებელი 10 მილიონ ლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG