Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დაეხმარება რუსების მიერ განადგურებულ ქართულ სამხედრო ბრიგადებს


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის აგრესიის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა წელიწად-ნახევარში უნდა მოხდეს.

კიდევ უფრო სწრაფად აპირებს საქართველოს ხელისუფლება დანგრეული და მაროდიორების მიერ გაძარცული სამხედრო ბაზების, ინფრასტრუქტურისა და საბრძოლო ტექნიკის განახლებას. საინტერესოა რა ხდება რუსეთის აგრესიის შედეგად დაზიანებულ საქართველოს ელიტურ სამხედრო ბაზებზე და დაიწყეს თუ არა მათ ფუნქციონირება.


ფოთში განლაგებული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, პირველი რანგის კაპიტანი ბესიკ შენგელია ყოველდღე მიდის შტაბის განლაგებაში, მაგრამ ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებს. რუსი სამხედროები, რომლებსაც, კრემლის განცხადებით, საქართველოს ტერიტორია 22 აგვისტოს უნდა დაეტოვებინათ, ჯერჯერობით კვლავ აკონტროლებენ ფოთის სამხედრო ინფრასტრუქტურას:

[ბესიკ შენგელია] ”გამომდინარე აქედან, შესვლა არაა პრობლემა, მაგრამ გუშინაც იყვნენ რუსები შემოსულები ბაზის ტერიტორიაზე. ამიტომ, თუ შემოვა, მე იძულებული ვიქნები ცეცხლი გავუხსნა, ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიკავებ პირადი შემადგენლობის შეყვანისაგან.”(სტილი დაცულია)

განსხვავებით ფოთში დისლოცირებული სამხედრო-საზღვაო ძალებისა, ქართველმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს დაბრუნება რუსი სამხედროების მიერ ადრე ოკუპირებული სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, სენაკში დაბრუნდა მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა. საკუთარ ადგილსამყოფელს სულ მალე დაუბრუნდება ყველა სამხედრო ბრიგადა და დანაყოფი, რომლებიც,რუსეთის ოკუპაციის გამო, იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ განლაგება.


[ბათუ ქუთელია] ” სენაკის ბაზა ერთ კვირაში უკვე ფუნქციონირებადი გახდება. ცოტა უფრო რთული სიტუაციაა გორში, თუმცა იქაც უსაშველო არაფერი არ არის. ჯარიც მოტივირებულია, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ბაზის აღდგენაში. და ძალიან მალე ყველაფერი იქნება წესრიგში და ყველა ბაზა იფუნქციონირებს სრული დატვირთვით.

ბათუ ქუთელიას თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ელიტური ქართული ბრიგადების განლაგებას და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, თუმცა სამხედრო უწყება დაუყოვნებლივ დაიწყებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, როგორც კი დასრულდება ბაზების განაღმვა:

[ბათუ ქუთელია] ”მხოლოდ გორის სახმელეთო ბაზაზე რამდენიმე კორპუსი იყო აფეთქებული. ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება. თუმცა ბრიგადას შეეძლება იქ განლაგდეს და იფუნქციონიროს, რადგან ძირითადი ინფრასტრუქტურები აღდგენადია.” (სტილი დაცულია)


სენაკსა და გორში განლაგებული პირადი შემადგენლობა საკუთარ ქვედანაყოფებში შეთხელებული საჭურვლითა და საბრძოლო ტექნიკით დაბრუნდება. რუსმა ოკუპანტებმა ათი დღის განმავლობაში გაანადგურეს და ალაფის სახით რუსეთში გაზიდეს 40-ზე მეტი ტანკი, რამდენიმე ათეული საარტილერიო დანადგარი და ქვემეხი, 2 ათასამდე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ააფეთქეს სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი რამდენიმე სამხედრო კატარღა, თუმცა, როგორც სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა გვითხრა, ძირითადი მცურავი საშუალებები გადარჩა და ის საიმედო ადგილზეა დამალული:

[ბესიკ შენგელია] ”სამი გემია, რომელიც პრაქტიკულად მწყობრში არ იყო. აი, ეს გემებია მარტო განადგურებული და კატერები ჰყავთ კიდევ გაყვანილი, რომელიც დაბომბვის შედეგად იყო დაცხრილული, მაგრამ მერე მაინც არ დატოვეს. ასეთი მხოლოდ თხუთმეტია. დანარჩენი 44 ჩვენ გამოვიყვანეთ და 8 ცალი აქ გვყავს კიდევ, ბათუმში.”

საქართველოს სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მალე აღდგება და არმიაც უფრო თანამედროვე და ეფექტურ საბრძოლო ტექნიკას მიიღებს. საქართველოს არმიის რეფორმირების ძირითადი დონორი, თბილისის ვარაუდით, გახდება ამერიკის შეერთებული შტატები. ვაშინგტონისგან მოელის საქართველოს ხელისუფლება აგრეთვე საბრძოლო იარაღის მიღებასაც. და ეს მოლოდინი, როგორც ჩანს, სულაც არ არის ფუჭი. ამერიკული გამოცემა ”უოლ სტრიტ ჯორნალი” აშშ-ის სენატის წევრების ჯო ლიბერმანისა და ლინდის გრეჰემის სტატიას აქვეყნებს, რომლებშიც სენატორები აცხადებენ, რომ საქართველო აშშ-ისგან ”ჰაერსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სხვა სისტემებს მიიღებს”.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG