Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება რუსული აგრესიის წინააღმდეგ


საქართველოს მთავრობა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვას აპირებს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ ყველა შესაბამის უწყებას ამ მიმართულებით მუშაობა დაავალა. კონსულტაციები დაწყებულია, გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული. ამასობაში კი პრეზიდენტ მედვედევის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით წახალისებული დე ფაქტო ლიდერები რუსეთის საელჩოების გასახსნელად შენობებს არჩევენ და რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაზე დასავლეთის მხრიდან გამოხატული მკვეთრი ნეგატიური რეაქციის პირობებში, რუსეთის საპასუხო პოლიტიკური კონტრნაბიჯების გადადგმას პრაქტიკულად შეუდგა საქართველოს ხელისუფლებაც.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცებისა და ოკუპაციის ლეგალიზების მიზნით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადების პასუხად, საქართველოს პარლამენტში მზადდება სპეციალური დადგენილება, რომელშიც რუსული აგრესიის სამართლებრივი შეფასება აისახება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტში კი კონკრეტულად განისაზღვრება რუსული აგრესიის ზონები.

[ლაშა ჟვანიას ხმა]“ ვმუშაობთ აბსოლუტურად ცივ გონებაზე, იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაშიც ახლა ვართ. დღეს საქართველო იმყოფება ოკუპაციურ პირობებში, რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის საკმაოდ დიდ ნაწილი, რუსეთის ხელისუფლებამ ცნო ამ ორი ავტონომიის დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რაც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სამართლებრივად დაფიქსირდეს ამ ტერიტორიების ოკუპაცია.“ (სტილი დაცულია)

განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა ჟვანიამ. უახლოეს დღეებში - სავარაუდოდ, 28 აგვისტოს - საგანგებო სხდომაზე საქართველოს პარლამენტი მიიღებს ასევე მიმართვას სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებისადმი და საერთაშორისო პარლამენტთაშორისი ორგანიზაციებისადმი. ეს დოკუმენტი, თავის მხრივ, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დასაგმობად საერთაშორისო ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირებას მოემსახურება. პარალელურად საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით მიმართა როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, ისე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს. საქართველო სთხოვს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიიღოს ყველა ზომა, რათა შეწყდეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ, პირდაპირ თუ ირიბად, ქართველების დისკრიმინაცია და სეპარატიზმისა და ეთნიკური ნიშნით სეგრეგაციის მხარდაჭერა. ამასთანავე დაუშვებლად იქნეს გამოცხადებული რუსეთის ანდა ნებისმიერი სხვა მხარის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმების ცნობა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“ რუსეთმა სცადა დაეკანონებინა კონტროლი, თუ მთელს საქართველოზე არა, ორ რეგიონზე მაინც. მაგრამ ამის ნაცვლად მან მსოფლიოში თავისი მდგომარეობისთვის უზარმაზარი გრძელვადიანი პრობლემა მიიღო და, როგორც არასდროს, ამ კონფლიქტებთან მიმართებაში საკუთარი პოზიციები შეარყია. პრაქტიკულად, მან გაანულა თავისი როლი საქართველოს შიდა საკითხებთან მიმართებაში და მიიღო სწორედ ის, რისი თავიდან აცილებაც უნდოდა ამ წლების განმავლობაში.“(სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილის დავალებით, საქართველოს ხელისუფლება ახლა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვაზე მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, საქართველო –რუსეთის ურთიერთობები მხოლოდ საკონსულოების თანამშრომლობის დონეზე შენარჩუნდება. მოუსმინეთ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს:

[თემურ იაკობაშვილის ხმა]“ დიპლომატიური ურთიერთობა უახლოეს ხანში რუსეთთან წარმომიდგენია როგორც მინიმუმამდე დაყვანილი და მინიმუმამდე დაყვანილი დიპლომატიური ურთიერთობები გულისხმობს სპეციალური დესპანების დონეზე ურთიერთობას და არა ელჩების ყოლას და ასე შემდეგ. ანუ არის მარტო 2 დიპლომატი საელჩოში და არის კიდევ საკონსულო სამმართველო, რომელიც ემსახურება მოსახლეობას, რომელსაც საკონსულო საჭიროებები აქვს. აი, ასე წარმომიდგენია.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG