Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცრემლი, ზალპი და ჰიმნი ცხინვალთან დაღუპულთა საძმო სასაფლაოზე


28 აგვისტოს თბილისთან ახლოს, მუხათგვერდის სასაფლაოზე, მიწას მიაბარეს ცხინვალის მისადგომებთან დაღუპული კიდევ 26 უცნობი ჯარისკაცი.

ეს მასობრივი დაკრძალვის მეორე ცერემონიაა რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ. ზუსტად ერთი კვირის წინ კი მხედრული პატივით მიწას მიაბარეს 7 უცნობი ჯარისკაცის ცხედარი. უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების დედები მუხათგვერდში ყველა უსახელო თუთიის კუბოს დასტიროდნენ.


[დედის დატირება]

20 წლის კაპრალი შმაგი ხაიკაშვილი 9 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. ეს ცნობა შვილის დაღუპვის შესახებ ჯარისკაცის დედას, ანასტასია ხაიკაშვილს, შმაგის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა 13 აგვისტოს გაუმხილა. მიუხედავად იმისა, რომ 20 დღე გავიდა, თავდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს დაღუპულად ჩათვალოს კაპრალი შმაგი ხაიკაშვილი, ვიდრე გენეტიკური ექსპერტიზა არ დასრულდება. ამას კი ერთი თვე სჭირდება.

[ანასტასია ხაიკაშვილი] ”ჩქარავე დაიღუპაო იქვე; ამბობენ, 9-ში დაიღუპაო. არ მინდა, რომ დავიჯერო. დღეს კიდევ ისე მოვდიოდი, რომ ვფიქრობდი, იქნებ კიდევ ცდებიან, იქნებ კიდევ გამოჩნდეს ცოცხალი.”

გენეტიკური ექსპერტიზის პასუხს ელოდება უფროს ლეიტენანტ სერგო მელიას მამა, რომელიც 28 აგვისტოს ასევე დასტიროდა დანომრილ თუთიის კუბოებს. რაჟდენ მელიას ჯერ შვილის თანამებრძოლებმა უამბეს მისი შვილის დაღუპვის ამბავი, მერე კი საკუთარი შვილის ცხედარი მან რუსეთის ტელეარხ ”ნტვს” მიერ ცხინვალში გადაღებულ კადრებშიც ამოიცნო. მამის თქმით, სერგო მელია ერთ-ერთი პირველი ქართველი სამხედროა, ვინც ცხინვალის აღების დროს, 8 აგვისტოს, დაიღუპა.

[რაჟდენ მელია] ”2-დან 3 საათამდეა მკვდარი. იმაშია მოყოლილი, თვითმფრინავების დაბომბვაში. ადგილი ვიცით, ყველაფერი, რუკაც. პუშკინის ქუჩაზეა, ცხინვალის გამოსასვლელია ნაძვნარში, იქაა მკვდარი ბავშვი.”

28 გავისტოს 26 უცნობი ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვა სამხედრო რიტუალის სრული დაცვით მოხდა: სასულე ორკესტრი ასრულებდა ჰიმნს, სამხედროები იდგნენ მწყობრში, საპატიო ყარაულმა კი კუბოების ჩაშვების დროს ჰაერში სამჯერ გაისროლა.

[სროლა]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც საძმო სასაფლაოზე უცნობ ჯარისკაცთა ცხედრების დაკრძალვას ესწრებოდა, განაცხადა, რომ მიმდინარეობს გენეტიკური ანალიზი, რის შემდეგაც ყველა დაღუპული ჯარისკაცის ვინაობა დადგინდება.

[დავით კეზერაშვილი] ”მთლიანობაში, გუშინ გადმოსვენებული იყო 43 გარდაცვლილი, ნაწილის ვინაობა ჯერჯერობით არის უცნობი. ჩვენ ავიღეთ დნმ-ის ანალიზი, ამით შევეცდებით დავადგინოთ მათი სახელები და გვარები და ისინი დავუბრუნოთ ჭირისუფალს.” (სტილი დაცულია)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს 178 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათგან 43 უცნობი ჯარისკაცია. უცნობ ჯარისკაცთა შორისაა უფროსი ლეიტენანტი სერგო მელიაც. თუმცა ჯარისკაცის მამა საქართველოს ხელისუფლებას არაფერს სთხოვს, საკუთარი შვილის ცხედრის ამოცნობისა და მისი სიკვდილის დადგენის გარდა. მას არც ფულადი კომპენსაცია აინტერესებს და არც საბრძოლო მედალი სიკვდილის შემდეგ. ომის სასტიკი კანონების პირობებში, აფხაზეთიდან ლტოლვილი მელიების ოჯახისთვის ცხინვალთან დაღუპული შვილის ცხედრის იდენტიფიცირება ერთადერთი საშუალებაა უფროს ლეიტენანტ სერგო მელიას პატივისა და ღირსების დასაცავად. რაჟდენ მელია ცრემლებს ვერ მალავს, როცა ჰყვება, თუ რა უთხრა სერგოს მოხუც ბებიას პოლიციამ:


[რაჟდენ მელია] ”მილიცია მოსულა და უთქვია, სად არისო თქვენი შვილიშვილი? დაჭრილი სადღაც და ბეზდელნიკიაო. ამაზე უთქვამთ, წარმოგიდენიათ?” (სტილი დაცულია)

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG