Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სახის დახმარებას მიიღებს ცხინვალის რეგიონიდან და კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგება ან ხელახლა აშენდება ყველა ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაინგრა ან დაზიანდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ საერთაშორისო ფინანსური დახმარების მიღებამდე დაიწყო. მათ დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ შიდა რესურსები გამოძებნა. გადაწყვეტის სტადიაზეა დევნილი მოსახლეობისთვის ფულადი დახმარების საკითხიც. საინტერესოა, რა სახის დახმარებას მიიღებენ ცხინვალის რეგიონიდან და კოდორის ხეობიდან ლტოლვილები.

ამ ბოლო დღეებში სხვადასხვა სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ფულადი თუ ტექნიკურ-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ. ჯერჯერობით უცნობია საერთაშორისო დახმარების საერთო მოცულობა, რადგან დახმარების მსურველთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. სანამ უცხოური ფინანსური თუ ტექნიკური დახმარება საქართველომდე მოაღწევდეს, ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა თავად დაიწყოს ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ლტოლვილთა დახმარების პროგრამები. ამის შესახებ 25 აგვისტოს გორში გამართულ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრეს.

[ნიკა გილაურისა და მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ გაგვაჩნია იმის საფინანსო რესურსი, რომ დავიწყოთ რეაბილიტაცია... - ზამთრამდე არც ერთი უსახლკარო ადამიანი საქართველოში არ უნდა დარჩეს.“

20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის გამო სარეზერვო ფონდიდან 8 მილიონი ლარი გამოიყო. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე იქნა მიღებული გადაწყვეტილება აღდგენითი სამუშაოების დამატებითი სუბსიდირების შესახებ. ამიტომ ამ დროისთვის რთულია იმის დადგენა, თუ, საბოლოო ჯამში, რა მოცულობის თანხა დაიხარჯება სარეზერვო ფონდიდან. განიხილება ლტოლვილთა ფინანსური დახმარების საკითხიც. ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი მოქალაქეების იმ კატეგორიაზე საუბრობს, რომლებიც ლტოლვილის კომპენსაციას მიიღებენ.

[პაპუნა პეტრიაშვილის ხმა] „როცა დაბრუნდება ყველა თავის სახლში და ვინც დარჩება და დევნილის სტატუსი მიენიჭება, იმათზე გაიცემა კომპენსაციები, როგორც გაიცემა აფხაზეთიდან დევნილებზე.“(სტილი დაცულია)

მოცემულ მომენტში სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულია 118 ათასი დევნილი. სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, რეგისტრირებულ დევნილთა დიდი რაოდენობა საკუთარ სახლებში ბრუნდება.

[გიორგი ვაშაძის ხმა] „118 ათასი დევნილია დარეგისტრირებული, საერთო ჯამში, ჩვენს ბაზაში, მაგრამ 87 ათასი არის მოსახლეობა, რომელიც თავის სახლებს უბრუნდება. რაც შეეხება დარჩენილ 31 ათასს, ესენი არის ცხინვალის რეგიონისა და გორის სოფლები, სადაც დაბრუნება საფრთხის შემცველია. ამიტომ ისინი რჩებიან კარვების ქალაქებში.“(სტილი დაცულია)

31 ათას ლტოლვილს შორის არის კოდორის ხეობიდან დევნილი 800-მდე მოქალაქე და ისინი დროებით გორსა და თბილისში მოწყობილ კარვების ქალაქში განსახლდებიან. ისინი მიიღებენ როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე ლტოლვილის შემწეობასაც. საქართველოს პარლამენტის წევრი კობა სუბელიანი, რომელიც ლტოლვილთა საკითხებს კურირებს, ამბობს,რომ მომავალში სახელმწიფო დევნილთა განსახლებაზეც იზრუნებს:

[კობა სუბელიანის ხმა] „გეგმა არის ასეთი: დამთავრდეს დევნილების რეგისტრაცია და ზუსტი იდენტიფიცირება მათი სამუშაო ადგილების მიხედვით და შემდეგ მათთვის გამოიყოფა მიწები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და დაიწყება კოტეჯების მშენებლობა.“

ლტოლვილთა სოციალური უზრუნველყოფის გარდა, საქართველოს მთავრობა იმ საერთაშორისო ფინანსური რესურსების მობილიზებაზე მუშაობს, რომლის მეშვეობითაც რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ეკონომიკის განვითარება უნდა მოხდეს.

უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად 750 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფის საკითხს განიხილავს.

ფინანსური დახმარების მოცულობის დასადგენად ამ დღეებში საქართველოში აშშ-ის რამდენიმე დელეგაციაც იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათთან შეხვედრებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის 3-4 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG