Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებიდან თავის დაღწევის გზებს ეძებს


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე კავშირის წევრებს მოუწოდა, ევროპის რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად,

იმ პროექტების დაფინანსება დაიწყონ, რომლებიც კასპიის რეგიონიდან ენერგომატარებლების მოწოდებასთანაა დაკავშირებული. ლაპარაკია ახალი გაზსადენის მშენებლობაზე, გაზსადენისა, რომელმაც ევროპას, აზერბაიჯანის გაზთან ერთად, საქართველოს გავლით, ყაზახეთისა და შუა აზიის სხვა სახელმწიფოების ენერგორესურსები უნდა მიაწოდოს. „ნაბუკოს“ სახელწოდებით ცნობილი ეს პროექტი, რუსეთის ნაბიჯების გამო, ბოლო დრომდე დაფინანსების პრობლემებს განიცდიდა. რა პერსპექტივა აქვს რუსეთის ალტერნატიული ენერგოდერეფნის პროექტს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის განხორციელების შემდეგ?

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ევროპაში ბევრს საუბრობენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების პრობლემაზე. რუსეთის გაზი ევროპის კავშირის ქვეყნებისთვის საჭირო ბუნებრივი აირის 40 პროცენტს შეადგენს. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ცდილობს ევროპელი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ გადახედავს და გაზის მიწოდება არ შეწყდება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდი ნაწილი შეშფოთებულია ბოლო დროს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიით და რუსეთისგან მეტ ენერგოდამოუკიდებლობას მოითხოვს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის აზრით, რუსეთზე ევროპის დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კასპიის რეგიონიდან ენერგომატარებლების მოწოდებასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება. ეს მოსაზრება გორდონ ბრაუნმა გაზეთ „ობსერვერში“ გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქვა.

ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის სამხედრო ქმედებების შემდეგ ევროკავშირი უფრო მეტ ინტერესს გამოიჩენს ალტერნატიული ენერგოპროექტების მიმართ:

[თემურ გოჩიტაშვილის ხმა] „მოგეხსენებათ ნაბუკოს პროექტის შესახებ, რომლის ძირითადი მასაზრდოებელი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენი. მოგეხსენებათ ყოფილი ოდესა-ბროდის, ახლა კი ევრო-აზიური ნავთობის სატრანსპორტო კორიდორის პროექტის შესახებ. ევროგაერთიანება ძალიან დიდ მხარდაჭერას იჩენს ამ პროექტისადმი. ეს ასე იყო, მაგრამ ახლა ევროპა მხარში ამოუდგება ამერიკას, რათა ეს მარშრუტები დაცული იყოს პოლიტიკურად და სამხედრო აგრესიისაგან. “(სტილი დაცულია)

რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაბომბვების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ენერგოდერეფნის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა: რუსეთის სამხედრო ავიაციამ ჭურვები ჩამოყარა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მახლობლად; რამდენიმე დღის შემდეგ სარკინიგზო ხიდი აფეთქდა, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა; ოდნავ მოგვიანებით კი რუსეთის ნაღმების აფეთქების გამო ცეცხლი გაუჩნდა ყაზახეთის ნავთობით დატვირთულ სარკინიგზო შემადგენლობას.

ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული მარშრუტის უსაფრთხოების პრობლემები ინვესტორებს რუსეთის ალტერნატიული ენერგოდერეფნის დაფინანსების სურვილს დაუკარგავს. სააგენტო „რეიტერის“ ანალიტიკურ მასალაში ექსპერტი ემი ფარის როტმანი წერს, არასტაბილურობა საქართველოში აზერბაიჯანს აიძულებს ეძებოს გაზისა და ნავთობის სხვა მარშრუტებიო. სხვა მარშრუტი კი ერთადერთია - რუსეთი.

ამ აზრს ბევრი არ იზიარებს. რუსეთმა ჯერ კიდევ აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირების პირველი ალტერნატიული პროექტის, ბაქო-სუფსის მშენებლობის, დაწყებისას საქართველოზე ზეწოლის არაერთ მეთოდს მიმართა, მათ შორის საავიაციო დაბომბვასაც, მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი,თუმცა ეკონომიკურად წამგებიანი, პროექტის განხორციელება მაინც მოხერხდა.

კავკასიის რეგიონში წამოწყებული პროექტები რომ კვლავაც გაგრძელდება, ეს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოანმა დაადასტურა, რომელიც რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის დღეებში ჯერ მოსკოვში, შემდეგ თბილისში, შემდეგ კი ბაქოში იმყოფებოდა. თბილისში ვიზიტისას რეჯეფ ტაიპ ერდოანმა ენერგეტიკული პროექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალ კონცეფციაზე ილაპარაკა, რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროა შეიქმნას რეგიონალური უსაფრთხოების ორგანიზაცი:.

[რეჯეფ ტაიპ ერდოანის ხმა] „ეს პროექტი მოიცავს სამ ქვეყანას - აზერბაიჯანს საქართველოს და თურქეთს. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ჩვენი მიზანი გახლავთ უზრუნველვყოთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება. რეგიონის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი და კავკასიური უსაფრთხოების პლატფორმის ინიციატივა მიგვაჩნია გზად ამ უსაფრთხოებისა და მშვიდობისკენ.“

კასპიის რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების პროექტის, „ნაბუკოს“, რეალიზება 2010 წელს უნდა დაიწყოს და საქართველოს გავლით აგებული მილსადენით ევროპა აზერბაიჯანული გაზის პირველ ნაკადს 2013 წელს მიიღებს. 2014-ში ”ნაბუკოს” მილსადენთან ახალი წყაროების მიერთება იგეგმება და 2016 წელს პროექტის მეორე ფაზის მშენებლობა დაიწყება. ნავარაუდევია, რომ ”ნაბუკოს” პროექტი 2018 წელს დასრულდება, თუ, რა თქმა უნდა, ამ ვადებში კორექტივები ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილებებმა არ შეიტანა.
XS
SM
MD
LG