Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირ-უკრაინის სამიტი საფრანგეთში


თუ ევროკავშირის ყურადღების ცენტრში დღეს საქართველო დგას, ხვალ ამ ადგილს უკრაინა დაიკავებს. საფრანგეთის ქალაქ ევიანში იმართება ევროკავშირ-უკრაინის სამიტი,

რომელზეც აპირებენ მსჯელობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე. თუმცა, ეს პერსპექტივა, ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტის შეფასებით, შორეული და ზოგადი რჩება.

წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე არ არ გაიჟღერებს ცალსახა დაპირება, რომ უკრაინა მომავალში ამ ბლოკის წევრი გახდება.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინამ და ევროკავშირში მისმა მოკავშირეებმა წააგეს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზეო, - დაასკვნის ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი, რომელიც ამ დღეებში პრაღაშია ჩამოსული და ჩვენი რადიოს შტაბბინაში, ქართულ სამსახურშიც გვეწვია.

[აჰტო ლობიაკასის ხმა] “ევროკავშირი არ აღიარებს უკრაინას “ევროპულ ქვეყნად”, რისი ამბიციაც უკრაინას დიდი ხანია, აქვს. ამის მაგივრად, ორი მხარე, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ ევროკავშირი ცნობს უკრაინის ამბიციას ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, მაგრამ ეს არ იქნება დაპირება. ევროკავშირი ისევ უარს იტყვის დაპირებაზე”.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც 9 სექტემბერს ევიანში იმსჯელებენ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის მონაწილეები: [აჰტო ლობიაკასის ხმა] “იმსჯელებენ ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და სხვა საკითხები. და ხელს მოაწერენ აგრეთვე ერთობლივ დეკლარაციას საქართველოს შესახებ. დეკლარაციაში არ იქნება პირდაპირი მითითება რუსეთზე, მაგრამ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დეკლარაცია შეეხება მთავარ საკითხებს, რომლებიც უკრაინის შეშფოთებას იწვევს”. წინასწარ ეს შეიტყო ბრიუსელში ჩვენმა კორესპონდენტმა აჰტო ლობიაკასმა.

უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე, სავარაუდოდ, მიაღწევენ ერთსულოვნებას პარტნიორობის ახალი ხელშეკრულების შემუშავებაზე - ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასთან “ასოცირებული შეთანხმების” შესახებ. უნდა ითქვას, რომ ეს ეტაპი გავლილი აქვთ ევროკავშირის ახალ, აღმოსავლეთევროპელ წევრ სახელმწიფოებს. თუმცა, უკრაინისთვის ეს პრეცენდენტები დიდი შვების მომგვრელი არ არის.

ევროკავშირში უკრაინის მოკავშირეები - ძირითადად აღმოსავლეთევროპული ქვეყნები, აგრეთვე შვეცია და ბრიტანეთი - აცხადებენ, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ცხადჰყოფს უკრაინასთან ევროკავშირის დაახლოების აუცილებლობას, თუმცა რუსეთის არგუმენტს იყენებს მოწინააღმდეგე ბანაკიც, რომელსაც ჰოლანდია მეთაურობს. ის და ევროკავშირის გაფართოების დანარჩენი მოწინაააღმდეგეები შიშობენ, რომ ამჟამინდელ ვითარებაში უკრაინასთან დაახლოებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს რუსეთთან ევროკავშირის ისედაც დაძაბული ურთიერთობა.

თუმცა ეს ბრიუსელის სიფრთხილის ერთადერთი მიზეზი როდია: ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა ითვალისწინებს თავისი მოსახლეობის უარყოფით დამოკიდებულებას ბლოკის კიდევ უფრო გაფართოების მიმართ, ითვალისწინებს უკრაინაში რეფორმების არც თუ შთამბეჭდავ წარმატებას და, პოლიტიკურ კრიზისს, რომელსაც კიევში ჯერ-ჯერობით დასასრული არ უჩანს.

დღეს გავრცელებული ცნობით, პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ის პროკურატურაში დაიბარეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იუშჩენკომ სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა. უკრაინის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ტიმოშენკომ სათანადოდ მკაცრად არ გააკრიტიკა საქართველოში რუსეთის შეჭრა, რათა მოსკოვის მხარდაჭერა მოიპოვოს უკრაინაში 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG