Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი პრესა 8 სექტემბერს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შეფასებას იძლევა.


დღევანდელი პრესა 8 სექტემბერს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შეფასებას იძლევა.

”რუსები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან არ გავლენ”, ”დიპლომატიური მასტერკლასი რუსეთისთვის”, ”ევროპას რუსეთზე ზემოქმედებისთვის ბევრი ბერკეტი აქვს”, ”კაპიტულანტურია თუ არა ეს დოკუმენტი, ამას ისტორია განსაზღვრავს” და ა.შ.

”რეზონანსი”: ”მთავარი კითხვა არის ის, დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს მთელი ტერიტორია თუ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მიწები. რეალობა კი ასეთია - რუსეთი სამხრეთ ოსეთიდან (საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ საზღვრებში) და აფხაზეთიდან გასვლას არ აპირებს. საერთაშორისო დამკვირვებლები კი, ჩვენს ხელთ არსებული შეთანხმების რუსული ვარიანტის მიხედვით, ”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე” განლაგდებიან.” - გაზეთში კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის მოსაზრებასაც გაეცნობით. ის ამბობს: ”როცა სარკოზიმ თქვა, რომ ამ ეტაპზე გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო, - ეს ნიშნავს, რომ თავზევით ძალა არ არის და გასაკეთებელი ბევრი დარჩა. დოკუმენტი სიტუაციის შესაბამისია, მაგრამ ბუნდოვანი. მაგალითად, ახალგორისა და კოდორის საკითხი. ამ დოკუმენტის მიხედვით. კოდორიდან და ახალგორიდან რუსები არ გავლენ. ეს ცალსახაა. სხვა რამეც მაწუხებს, ცხინვალის მიმდებარე სოფლებში, მხოლოდ დამკვირვებლების შემთხვევაში, ვერც ერთი მოსახლე უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს თავს”, - ამბობს არეშიძე და დასძენს: ”დოკუმენტში ბევრი თეთრი ლაქაა, რომლის გამოც ვხედავ, რომ პროცესი თვეობით გაიჭიმება და განუწყვეტელი დიპლომატიური თამაშები იქნება.”

ამავე საკითხზე ”ვერსიას” თავის მოსაზრებებს უზიარებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: ”რაც საქართველომ ამ ეტაპზე მიიღო, მაქსიმუმია და ევროპული დიპლომატიის დიდი მიღწევაა. რუსეთს, პრინციპში, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. უნდა დათანხმებულიყო და დაეთანხმა კიდეც. მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და, შესაძლოა, ვიღაც მოელოდა, რომ სარკოზისა და მის თანმხლებთა ვიზიტით მედვედევი სამაჩაბლოსა და აფხაზეთს დაგვიბრუნებდა. ალბათ, ასეთ არასერიოზულ, ცოტა სულელურ გათვლებზე იყო დამყარებული ის ბავშვური ეიფორია, რაც ჩვენთან უკანასკნელ დღეებში იგრძნობოდა”, - ამბობს სოსო ცინცაძე, რომელსაც ”ვერსიის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”ახალი თაობა” ”საქართველოს გზის” ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”ჩვენ თუ გვინდა გადარჩენა, თუ გვინდა სერიოზულად დავდგეთ კონფერენციაზე, უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიციები უცხოეთთან, რადგან ჩვენი ბედი წყდება საზღვარგარეთ და არა საქართველოში ან ჩვენს დემოკრატიულობაში. იქ ან გამოვალთ ერთიანი ხმით და ერთი სტრატეგიით და მოვიგებთ, ან წავაგებთ. მე ვთვლი, რომ ვარ ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ეს შეუძლია. მე მზად ვარ. მზად ვარ, თუ ამას ჰქვია თანამშრომლობა, ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან. სიტყვების არ მეშინია. მე ვიცი, რომ ამ საქმეს ვაკეთებ ქვეყნისთვის. მე არც მიშას გადაყენება მაინტერესებს, არც მისი გამარჯვება. მიშა საერთოდ არ მაინტერესებს”, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

პრესაში წაიკითხავთ არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმების შესახებაც. ”რეზონანსი” რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”იმედი მაქვს, რომ წამყვანი ოპოზიციური ძალები - ”ახლები”, ლეიბორისტები, კონსერვატორები 3 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებში იმ პოზიციას დაადგებიან, რაც ჩვენ გვაქვს. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მოძალადე ხელისუფლებაა და ამიტომ ხულოში, შუახევში, ან აჭარის რომელიმე სხვა რაიონში წინააღმდეგობის შექმნით ამ ხელისუფლებას, რომელიც გასაშვებია, რეალურ პრობლემებს ვერ შევუქმნით, რადგან ელექტრონული მედიასაშუალებები - რუსთავი 2, რუსთავი 7, რუსთავი 9, ყველა ერთია და მათ ხელშია”, - ამბობს დავით ბერძენიშვილი და დასძენს: ”ვაპირებთ ისეთი პირობების შექმნას, რომ საქართველოში და ქვეყნის გარეთაც ხალხი დარწმუნდეს იმაში, რომ არჩევნები გაზაფხულზეა ჩასატარებელი და ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG