Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს - ამბობს ნატოში შეერთებული შტატების ელჩი


რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოში აშშ-ის ელჩმა კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესი

კონფლიქტამდელ პოზიციებზე მათი დაბრუნებით უნდა დასრულდეს. ამასთან, კურტ ვოლკერის აზრით, 15 ოქტომბერს ჟენევაში დანიშნულ მოლაპარაკებებზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილებად” უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. გაგაცნობთ ინტერვიუს, რომელიც რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტმა აჰტო ლობიაკასმა ჩაწერა:

ნატოში შეერთებული შტატების ელჩს, კურტ ვოლკერს, რადიო ”თავისუფლებამ” პირველი შეკითხვა იმ შეთანხმების შესახებ დაუსვა, რომელსაც ევროკავშირმა 8 სექტემბერს მოსკოვში მიაღწია და რომელიც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილიდან რუსეთის ჯარის გაყვანას გულისხმობს. კურტ ვოლკერს ვკითხეთ, რამდენად დამაკმაყოფილებლად მიაჩნია შეერთებულ შტატებს ამგვარი გარიგება.

ნატოში შეერთებული შტატების ელჩის თანახმად, ეს შეთანხმება სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ახლა მთავარია რუსეთმა დანაპირები შეასრულოს.

შეკითხვას, შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთზე უფრო ძლიერი ზეწოლის განხორციელება, კურტ ვოლკერმა ასე უპასუხა:

[ვოლკერი]
”ჩემი აზრით, უკანასკნელ კვირებში ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოხატული საკმარისად ერთიანი პოზიციის მომსწრენი გავხდით - იქნება ეს ევროკავშირი, ნატო, ცალკეული ქვეყნები თუ დიდი შვიდიანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები. დარწმუნებული ვარ, თუკი რუსეთი ამ შეთანხმებას არ შეასრულებს, ეს საერთაშორისო ზეწოლა და საერთაშორისო თანამეგობრობისგან რუსეთის იზოლაცია მხოლოდ გაიზრდება.”

რამდენად ერთიანია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოზიცია საქართველოდან რუსეთის ძალების გაყვანის საკითხთან მიმართებით? მიაჩნია თუ არა შეერთებულ შტატებს, რომ რუსეთმა თავისი ჯარი დანარჩენ საქართველოსთან ერთად სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდანაც უნდა გაიყვანოს? - ვკითხეთ ნატოში შეერთებული შტატების ელჩს.

[ვოლკერი]
”12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსეთმა თავისი ძალები 6 აგვისტომდელ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს. ეს ნიშნავს, რომ მათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გარკვეული ძალები ეყოლებათ, მაგრამ ეს არ იქნება საბრძოლო ძალები. მათი რაოდენობაც ისეთივე იქნება, როგორც მანამდე იყო. ასეთია როგორც ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატებისა და ნატოს ერთიანი პოზიცია.”

ამასთან, კურტ ვოლკერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ერთგულია და ამ კონფლიქტური რეგიონების საკითხის პოლიტიკური გადაჭრა გრძელვადიანი პროცესით უნდა მოხდეს.

როგორია შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ 15 ოქტომბერს ჟენევაში დანიშნულ მოლაპარაკებებზე სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებლად უნდა წარდგნენ? - ვკითხეთ კურტ ვოლკერს:

[ვოლკერი]
”საბოლოო ანგარიშით, თუკი ამ კონფლიქტური რეგიონების საკითხს გადავწყვეტთ, ამ პროცესში ყველა მხარე უნდა იყოს წარმოდგენილი. თუმცა [ეს რეგიონები] იქ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ უნდა წარდგნენ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხები ამ პროცესში საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილების სახით უნდა იყვნენ ჩართულნი.”

რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრის ბოლოს ნატოში შეერთებული შტატების ელჩმა კურტ ვოლკერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთავარია რუსეთმა პირობა შეასრულოს და საქართველოდან თავისი ძალების გაყვანა დაიწყოს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG