Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი ზეწოლას აძლიერებს დამოუკიდებელ მასმედიაზე


რადიოსადგური ”ეხო მოსკვი”, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მცირეთაგან შემორჩენილ დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებასა და საჯარო დებატების ადგილს წარმოადგენს,

კრემლის მხრიდან სულ უფრო მზარდი ზეწოლის ქვეშ ექცევა. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ეს რადიოსადგური განსაკუთრებით გამოყო ”ეხო მოსკვის” მიერ საქართველოში ომის კრიტიკულად გაშუქების გამო. ამ კვირაში კი ნაციონალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს რადიოსადგურის დახურვის მოთხოვნით. გადარჩება თუ არა ”ეხო მოსკვი”?.

[”ეხო მოსკვის” ეთერის ხმა]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ”ეხო მოსკვი” უფრო დღეგრძელი აღმოჩნდა.

ეს რადიოსადგური თავისი ეთერით ახალ ამბებს, კომენტარებსა და მსმენელთა ზარებს გადასცემს. ის 1990 წელს დაფუძნდა.

მას შემდეგ ”ეხო მოსკვიმ” ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი საინფორმაციო საშუალების რეპუტაცია მოიპოვა ქვეყანაში, სადაც მიუკერძოებელი ინფორმაცია იშვიათ ფუფუნებად იქცა. რუსეთის მსოფლიო რეიტინგი პრესის თავისუფლების საკითხში მუდმივად ეცემა. ”ფრიდომ ჰაუზის” 2008 წლის ანგარიშის თანახმად, რუსეთში პრესის თავისუფლება ისევე ფასდება, როგორც ყაზახეთში, სუდანსა და იემენში.

”ეხო მოსკვის” მიერ საქართველოში მიმდინარე ომის გაშუქებამ გამოიწვია როგორც კრემლის, ისე საზოგადოების უკმაყოფილება.

რადიოსადგურმა, რომელიც, სახელმწიფო მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, პოლიტიკური კომენტატორებისა და სანდო ჟურნალისტების ფართო სპექტრს აერთიანებს, საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების გამო პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის კრიტიკა დაიმსახურა.

16 აგვისტოს სოჭში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც დაახლოებით 30 ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პუტინმა ”ეხო მოსკვის” მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი გამოყო და ის ომის გაშუქებისას საეჭვო შეცდომების დაშვებაში დაადანაშაულა.

მიმდინარე კვირაში, 16 სექტემბერს, ნაციონალისტური გაერთიანების - ”ახალგაზრდობის ევრაზიული კავშირისა” და ”ორთოდოქს მედროშეთა კავშირის” - წევრებმა მოსკოვში დემონსტრაცია გამართეს და ”ეხო მოსკვი” ნაციონალური ინტერესებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს. მათი აზრით, რადიოსადგური რუსეთის უსაფრთხოებას დაემუქრა იმით, რომ ეთერს უთმობდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ”ეხო მოსკვის” წამყვანი მატვეი განაპოლსკი ამბობს:

[განაპოლსკის ხმა]
"პუტინისა და მედიის წარმომადგენელთა 16 აგვისტოს შეხვედრა სოჭში ადასტურებს, რომ ვლადიმირ პუტინისთვის რადიოსადგურის დასახურად ერთი თითის განძრევაც კმარა. ეს ნამდვილად ასეა."

16 სექტემბერს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქცია ლოცვით დაიწყეს, რის შემდეგაც ”ეხო მოსკვი” რასობრივი შუღლის გაღვივებასა და რუსეთის ფედერალური ჯარების ღირსების შელახვაში დაადანაშაულეს. ისინი გამოდიოდნენ რადიოსადგურის დახურვისა და ვენედიქტოვის დაპატიმრების მოწოდებებით.

ამგვარი აქციები - მართალია, ისინი მცირერიცხოვანია, მაგრამ მაინც - ბოლო დროს რუსეთის პოლიტიკური ცხოვრებისთვის სულ უფრო დამახასიათებელი ხდება.

”ახალგაზრდობის ევრაზიულმა კავშირმა”, რომლის წევრებიც ახალი იმპერიის შექმნის იდეას მისდევენ, ახლახან მოსკოვში საქართველოს საელჩოსთანაც გამართა საპროტესტო აქცია. ეს ჯგუფი, რომელსაც, სავარაუდოდ, კრემლის მხრიდან ტაქტიკური მხარდაჭერა აქვს, აიკრძალა უკრაინაში მას შემდეგ, რაც უკრაინის სამთავრობო ვებ-გვერდებზე ”თავდასხმები” და უკრაინის ეროვნულ ძეგლებზე ვანდალიზმის აქტები განხორციელდა.

”ეხო მოსკვის” არ გაუშუქებია 16 სექტემბრის საპროტესტო აქცია და არც ვენედიქტოვისა და მისი მოადგილის, სერგეი ბუტმანის, მიწვდომა იყო შესაძლებელი ინტერვიუების ჩასაწერად. თუმცა, ვენედიქტოვს ”ნიუ-იორკ ტაიმსისთვის” არ დაუმალავს ის სირთულეები, რასაც მის რადიოსადგურს რუსეთში მოქმედი რეჟიმი უქმნის. პუბლიკაცია ამერიკულ გაზეთში 22 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ექსტრემალურ სიტუაციებში მომუშავე ჟურნალისტების ცენტრის დირექტორმა ოლეგ პანფილოვმა განაცხადა, რომ აგვისტოში პუტინის მიერ რადიოსადგურის გაკიცხვამ შესამჩნევი ზეგავლენა მოახდინა ”ეხო მოსკვის” ეთერზე:

[პანფილოვის ხმა]
"ვფიქრობ, ეს მეტად სერიოზული გაფრთხილებაა და ვხედავ, რომ რადიოსადგურმა უკვე მკვეთრად შეცვალა საინფორმაციო პოლიტიკა. ამას საკუთარ თავზეც კი ვგრძნობ: საქართველოში 30 აგვისტომდე ვიყავი და 16 აგვისტომდე დღეში რამდენჯერმე მირეკავდნენ და კომენტარს მთხოვდნენ. მე მათ იმას ვუამბობდი, რაც საქართველოში ხდებოდა. 16 აგვისტოს შემდეგ მათ ჩემთან რეკვა შეწყვიტეს და დღემდე ერთი ზარიც აღარ მიმიღია რადიოდან."

ვენედიქტოვმა, რომელიც პრესასთან საუბრობდა კრემლის მხრიდან ზეწოლის გამო ”ეხო მოსკვის” მუშაობის გართულებაზე, როგორც ამბობენ, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, სულ ცოტა, ერთი წამყვანი ”მოხსნა” ეთერიდან. ვენედიქტოვმა აგრეთვე განაცხადა, რომ პოპულარული პროგრამის წამყვანი, კრემლის კრიტიკოსი იულია ლატინინა რამდენიმე კვირის განმავლობაში არ იქნება ეთერში.

ამგვარი ცვლილებების მიუხედავად, ”ეხო მოსკვი” კვლავაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას. იმის მიუხედავად, რომ ”ეხო მოსკვის” ნაწილობრივი მფლობელი გახლავთ ენერგო-გიგანტი ”გაზპრომი”, ”ნოვაია გაზეტასა” და ჯერჯერობით უკონტროლო ინტერნეტსივრცის მსგავსად, ქმნის დამოუკიდებელი ინფორმაციის უკანასკნელ ბასტიონს რუსეთში.

ამ ტიპის საინფორმაციო საშუალებები რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 5-6 პროცენტს სწვდება, მაშინ როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გაზეთებიდან, რადიოდან და ტელევიზიიდან იღებს. მატვეი განაპოლსკი ამბობს, რომ რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კრემლის უკიდურესად შეზღუდული და უზომოდ ”გაპრიალებული” პოლიტიკით კვებავენ:

[განაპოლსკის ხმა]
"აქ, მოსკოვში, მოქმედებენ ეგრეთ წოდებული ფედერალური რადიოსადგურები, რომლებიც პროპაგანდის სახელმწიფო აპარატის ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ჩვენსავით არიან. განსხვავება იმაშია, რომ ისინი ცრუობენ. საქართველოს მოვლენების გაშუქებისას მსმენელს საშუალება ეძლევა გაიგოს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ან, მაგალითად, პრეზიდენტ მედვედევის მოსაზრება და არავინ იცის, რას ფიქრობს ამ საკითხზე საქართველოს მხარე, რას ფიქრობენ ნატოს ხელმძღვანელები თუ ევროპის კავშირის ლიდერები."

მართალია, მცირერიცხოვანნი არიან, მაგრამ ის რუსები, რომლებსაც აზრთა მრავალფეროვნების მოსმენა სურთ, ისევ ”ეხო მოსკვის” სიხშირეზე მომართავენ თავიანთ რადიომიმღებებს. სწორედ აუდიტორიის სიმცირე შეიძლება იყოს ამგვარი მედიასაშუალებების გადარჩენის საფუძველი. პანფილოვი ამბობს, რომ ”ეხო მოსკვის” მსგავსი საინფორმაციო საშუალებები მუშაობას განაგრძობენ მანამდე, სანამ მათი ზეგავლენა მცირე იქნება და მათი სუფთა რეპუტაცია კი - კრემლისთვის გამოსადეგი:

[პანფილოვის ხმა]
"ინფორმაციის ეს ალტერნატიული წყაროები გავლენას ვერ ახდენენ მოსახლეობაზე, საზოგადოებრივ აზრზე. და თან, პუტინს - და ახლა მედვედევსაც - ყოველვის შეუძლია თქვას, რომ, დიახაც, არის რუსეთში სიტყვის თავისუფლება - მუშაობს "ეხო მოსკვი" და გამოდის რამდენიმე გაზეთი. კრემლის მესვეურები ევროპაში ყიდულობენ ვილებსა და ბინებს, მათ იქ მოგზაურობა სურთ, ამიტომ მათთვის დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნება აუცილებელია."
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG