Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება, ანტიკრიზისული საბჭო კი პირველ სხდომას მართავს


პარლამენტსგარეთა ოპოზიციური პარტიები ერთიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაზე კონსულტაციებს მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ამის შესახებ ოპოზიციური პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. კონსულტაციის მიზანია, კრიზისის მოგვარების რამდენიმე ხედვის არსებობის პირობებში, ოპოზიციამ საერთო მოთხოვნებზე შეჯერება შეძლოს. დღესვე პარლამენტში მუშაობას შეუდგა ანტიკრიზისული საბჭო, რომელშიც მონაწილეობაზე მხოლოდ ერთი პარლამენტსგარეთა ოპოზიციური პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, დათანხმდა. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დღეს განხილვის ძირითადი საგანი სეპარატისტთა ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაა.

პოლიტიკურ პარტიათა ქარტიის ფარგლებში შექმნილ ანტიკრიზისულ საბჭოს ფრაქცია „ძლიერი საქართველო–ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია თორთლაძე უხელმძღვანელებს. საბჭო, რომელიც რამდენიმე სამუშაო ჯგუფად გაიყოფა, სამოქმედოდ ორ ძირითად პრიორიტეტს ირჩევს – დევნილთა და ეკონომიკური პრობლემები და დემოკრატიული რეფორმებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება. მოხერხდება თუ არა ამ უკანასკნელი მიმართულებით ანტიკრიზისული საბჭოსა და პარლამენტსგარეთა ოპოზიციური პარტიების გეგმებისა თუ პროექტების ჰარმონიზაცია, ჯერ მხოლოდ განსჯის საგანია. მანამდე კი საბჭოში შემავალი დეპუტატები, მმართველი პარტიიდან, აცხადებენ, რომ ანტიკრიზისული საბჭო ნებისმიერი ინიციატივისათვის გახსნილი იქნება.

[პავლე კუბლაშვილის ხმა]“ პრეზიდენტმაც თავის მიმართვაში პარლამენტისადმი და ხალხისადმი ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ინიციატივისთვის ეს საბჭო იქნება ღია. უკვე რაც დავაზუსტებთ, თუ რაში მდგომარეობს კონკრეტულად ინიციატივა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, მივიღებთ გადაწყვეტილებას.“(სტილი დაცულია)

ამბობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. ანტიკრიზისული საბჭოს ქმედითობასა და სამომავლო ეფექტურობას უკვე წინასწარ გამორიცხავენ პარლამენტსგარეთა ოპოზიციური პარტიები.

[კობა დავითაშვილის ხმა]“მეეჭვება ეს ორგანო ეფექტური აღმოჩნდეს რეალური ოპოზიციის გარეშე. ”
[კორესპონდენტი] მაშინ რატომ გადგნენ განზე თქვენ მიერ რეალურ ოპოზიციად მიჩნეული პარტიები?
[კობა დავითაშვილის ხმა]“ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ორგანოსთან მიმართებაში გამოიკვეთა პოზიცია, რომ ეს არის ორგანო, რომლის ამოცანაა შეასრულოს დიალოგის ილუზია და არა რეალურად გადაწყვიტოს პრობლემა.“

გვითხრა „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა ოპოზიციური პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამ შეხვედრის მთავარი მიზანი დიპლომატებისათვის იმ პრიორიტეტების გაცნობა იყო, რომელთაც ძირითადი პარლამენტსგარეთა პარტიები სახავენ.

[დავით უსუფაშვილის ხმა]“ აუცილებელია შიდაპოლიტიკური პროცესების გეგმის შედგენა. სხვა შემთხვევაში გარდაუვალია სერიოზული შეცდომები ხელისუფლების მხრიდან და, არაა გამორიცხული, ოპოზიციის მხრიდანაც. ამიტომ უნდა არსებობდეს გეგმა. ყოველ თვეს უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ტელემედიის გათავისუფლების თაობაზე, რა ხდება სასამართლოს გათავისუფლების ნაწილში, რა ხდება საარჩევნო სისტემის გამართვის საკითხში და, ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი უნდა დაგვირგვინდეს გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით.“

ასეთია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის მოსაზრება. დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას, მის გარდა, ესწრებოდნენ ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, „ხალხის პარტიისა“ და „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენლები. შესაბამისად, დიპლომატებმა ამ პარტიების პირველი პირებისაგან მოისმინეს კრიზისის დაძლევის ისეთი რადიკალური ნაბიჯების აუცილებლობის შესახებ, როგორიც, მაგალითად, აქვს მოძრაობას „ერთიანი საქართველოსთვის“.

[ეკა ბესელიას ხმა]“ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების და მისი პირველი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ვთქვით, რომ ბევრ პუნქტში, აი სამი პუნქტი ჩვენი და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ერთმანეთს ემთხვევა. მაგრამ არის ძირითადი საკითხი, პასუხისმგებლობის საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ის, რომ დღესვე უნდა დაისვას.“ (სტილი დაცულია)

ეკა ბესელია ამ პოზიციით, შეიძლება ითქვას, ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრის სხდომათა დარბაზში უმცირესობას წარმოადგენდა. ზომიერთა ფრთას კი, პირობითად, კონსერვატიული პარტია და ხალხის პარტია ქმნიდნენ იმ მემორანდუმით, რომლის ოთხი პუნქტის თანახმად, უნდა მოიხსნას შეზღუდვები კერძო ტელეკომპანიების საკუთრებასა და მაუწყებლობაზე, დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიება, შეფასდეს საქართველოს მთავრობის საქმიანობა და მიღებულ იქნეს ახალი საარჩევნო კოდექსი, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი. აქვე ვიტყვით, რომ პარლამენტსგარეთა ოპოზიციის ანტიკრიზისული ხედვების დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობა კონკრეტული მიზანდასახულებითაა ნაკარნახევი. კოკა გუნცაძე განმარტავს:

[კოკა გუნცაძის ხმა]“ეს ჩვენი მოქმედების ფორმაა. ბუნებრივია, ორი გზა არსებობს. ერთია დიპლომატიური კორპუსის გააქტიურება და ჩარევა და მეორეა ქუჩაში პროცესების დაძვრა. სხვა ენას სააკაშვილი არ ცნობს. ამიტომ იძულებულნი ვართ, ამ ფორმებს მივმართოთ.“

რას ეთანხმებიან დიპლომატები და რას ურჩევენ ისინი ოპოზიციას? საქართველოში გერმანიის ელჩის პატრიცია ფლორის კომენტარი:

[პატრიცია ფლორის ხმა]“ პირველ რიგში, მოხარული ვარ იმით, რომ ოპოზიცია აქტიურადაა ჩართული კრიზისის დაძლევის საშუალებათა ძიების საქმეში. მეორეც, არაერთ მოთხოვნას, რაც მე დღეს ოპოზიციისგან მოვისმინე, ევროპელებიც აყენებენ. ასეთია, კერძოდ, მოთხოვნა აგვისტოს მოვლენების ობიექტური გამოძიებისა, რასაც მხარს საქართველოს მთავრობაც უჭერს. აუცილებელია ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. დაბოლოს, მე ვთხოვე ოპოზიციას დაუბრუნდეს პარლამენტს. ვიმედოვნებ, რომ ეს თემა მომავალში კვლავ გახდება განხილვის საგანი.“
XS
SM
MD
LG