Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დებატები დაიწყო


დღეს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესია გაიხსნა. პირველი გამომსვლელი გენერალური მდივანი ბან კი მუნი იყო. დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გამოსვლა.

გენერალურ ასამბლეას სიტყვით უკვე მიმართეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ. დღესვე გენერალურ ასამბლეას სიტყვით ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი მიმართავს. სესია საკმაოდ დაძაბულ საერთაშორისო ატმოსფეროში მიმდინარეობს.

გაეროს გენერალური ასამბლეის დებატები რამდენიმე მწვავე საკითხის ირგვლივ იმართება - იქნება ეს მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მასშტაბური რყევები, ისლამაბადში, სასტუმრო ”მერიოტში”, რამდენიმე დღის წინ მომხდარი თავდასხმა თუ ირანის ატომური პროგრამის რეალური მიზნები.

ამ საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი თემა, რომელიც დებატებს სიმწვავეს საგრძნობლად მატებს, საქართველოში განვითარებული მოვლენებია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასამბლეას სიტყვით დღეს მიმართავს. როგორც გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, პრეზიდენტი ყურადღებას რამდენიმე ასპექტზე გაამახვილებს:

[ალასანიას ხმა]
”ჩემი აზრით, სიტყვა იქნება მიმართული მომავლისკენ. შეფასებითი ნაწილი იქნება, რაც მოხდა იმისი, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი გამოვა და მსოფლიოს ეტყვის, რეალურად რა გეგმები აქვს, როგორ უნდა გამოვიდეს ამ კრიზისიდან, როგორ უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო მექანიზმებში, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, და რა პერსპექტივებია ზოგადად ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგის აღსადგენად.”

საქართველოს შესახებ თავის გამოსვლაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც ილაპარაკა და ასამბლეას საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

[ბუშის ხმა]
"უნდა გავერთიანდეთ საქართველოს ხალხის მხარდაჭერის საქმეში. გაეროს ქარტია ითვალისწინებს თანასწორ უფლებებს დიდი და პატარა სახელმწიფოებისთვის. რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული თავდასხმა ამ დებულების დარღვევა იყო. მსოფლიოს ახალგაზრდა დემოკრატიები აკვირდებიან იმას, თუ რა პასუხს გავცემთ ამ გამოცდას. შეერთებული შტატები თანამშრომლობს თავის მოკავშირეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის კავშირი და ნატო, რათა დაცულ იქნეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაწეულ იქნეს ჰუმანიტარული დახმარება. და ჩვენი ქვეყნები მომავალშიც განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას."

თუმცა, სავარაუდოდ, საქართველოს საკითხის ირგვლივ ასამბლეაზე ერთგვაროვანი ვითარება არ იქნება. საკუთარი პოზიციის სასარგებლოდ მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას ქართულთან ერთად რუსული მხარეც შეეცდება.

საინტერესო დამთხვევით, გენერალური ასამბლეის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ დ’ესკოტო ბროკმანია. შეგახსენებთ, რომ ნიკარაგუა, რუსეთის შემდეგ, მეორე და ჯერჯერობით უკანასკნელი ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ბროკმანი თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთში გადადგმული ნაბიჯების მწვავე კრიტიკით გამოვიდა - ამას გაეროს წესდების დარღვევა და ”აგრესია” უწოდა. მაგრამ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოველი ექსპერტი ანდრეი ზაგორსკი ამბობს, მისი შეფასებები ასამბლეის მსვლელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს:

[ზაგორსკის ხმა]
”ამ რეაქციაში გასაკვირი არაფერია, ბროკმანი ხომ ნიკარაგუას წარმოადგენს - მსოფლიოს მეორე ქვეყანას, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო. მაგრამ, დაზუსტებით თუ ვიტყვით, თავმჯდომარის ფუნქცია პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლა კი არა, ასამბლეის სხდომების გაძღოლაა. ამდენად, გენერალური ასამბლეის მუშაობაზე ამგვარი განცხადებები ვერანაირ არსებით გავლენას ვერ მოახდენს.”

ეს, რაც შეეხებოდა საქართველოს საკითხს. მის გარდა, გენერალური ასამბლეის სხდომებზე კიდევ ბევრ მწვავე თემას განიხილავენ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი მსოფლიოს ბაზრებზე მიმდინარე რყევები იქნება. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა უკვე გამოთქვა უკმაყოფილება შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ინიციატივის გამო, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად 700 მილიარდი დოლარის გაღებას ითვალისწინებს. ბან კი მუნის ვარაუდით, ეს თანხა, ძირითადად, ბანკების გადარჩებას მოხმარდება და არა განვითარებადი ქვეყნების დახმარებას.

ჯორჯ ბუშის გამოსვლის შემდეგ ორ საათში პოდიუმს ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაიკავებს, რომლის ნიუ-იორკში ჩასვლასაც უკვე მოჰყვა მწვავე რეაქციები.

ორშაბათს გაეროს შტაბბინის წინ ებრაული ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 2,000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი მოითხოვდნენ აჰმადინეჟადს არ მისცემოდა გაეროს შტაბბინაში შესვლის უფლება.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავისი პოზიცია ასე გამოხატა:

[აქციის მონაწილე]
”ამ შეხვედრის მიზანია ირანმა არ მოიპოვოს ატომური იარაღი. საქმე მართლაც ასე მარტივადაა. თუკი ირანი ატომურ იარაღს მოიპოვებს, ის გაანადგურებს ისრაელს და შემდეგ უკვე ამერიკას. ისინი [ამ ქვეყნებს] ”დიდ სატანას” და ”პატარა სატანას” უწოდებენ. ისრაელი პატარა სატანაა, ამერიკა კი - დიდი, და რომ შეეძლოთ, ისინი ორივეს გაანადგურებდნენ.”

შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს ირანისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მაგრამ ამ ინიციატივას მხარს არ უჭერენ რუსეთი და ჩინეთი - ისინი ფიქრობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის საკამათო ელემენტების საკითხი დიპლომატიის გზით უნდა მოგვარდეს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG