Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან 7 კვირის შემდეგ ვითარება


“რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან 7 კვირის შემდეგ ვითარება კვლავინდებურად დაძაბულია” - ასე იწყება “ეკონომისტში” დაბეჭდილი სტატია,

რომელშიც მოყვანილია საქართველოში მძიმე ვითარების ამსახველი არაერთი ფაქტი: სამი ქართული პოლიციელის მოკვლა სეპარატისტული რეგიონების საზღვრებთან, ქართული სოფლების სისტემური განადგურება, ძარცვა და ეთნიკური წმენდა როგორც სამხრეთ ოსეთში, ისევ მიმდებარე რეგიონში.

ავტორიტეტიან გამოცემა “ეკონომისტს” მოჰყავს იძულებით ადგილნაცვალ პირთა ამსახველი სტატისტიკაც და მიუთითებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის უთანხმოებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მეთვალყურეთა განთავსების ადგილის გარშემო. შემდეგ სტატიაში ვკითხულობთ: “სააკაშვილი კვლავინდებურად კატეგორიულად აცხადებს, რომ ომი მას არ დაუწყია. ქართველები ავრცელებენ სამხილებს, მათ შორის სატელეფონო ჩანაწერებს იმის საჩვენებლად, რომ დიდი რაოდენობით რუსი ჯარისკაცები როკის გვირაბით შევიდნენ სამხრეთ ოსეთში 7 აგვიტოს - დიდი ხნით ადრე, ვიდრე ქართველები დაიწყებდნენ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალის დაბომბვას. სააკაშვილი ირწმუნება აგრეთვე, რომ დაბომბვა განხორციელდა ოსური მხარის მიერ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ (...) სააკაშვილი ამბობს, რომ მიესალმება გამოძიებას იმის დასადგენად, თუ როგორ დაიწყო ომი, იმასაც ამბობს, რომ პირველმა მოითხოვა ასეთი გამოძიების დაწყება”.

მაგრამ, განაგრძობს ჟურნალი “ეკონომისტი”, დასავლეთში მაინც შეშფოთებული არიან საქართველოს პრეზიდენტის ნაბიჯებით. უფრო ადრე რატომ არ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარები სამხრეთ ოსეთში შედიოდნენ? ამ ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილი ხაფანგში გაება - არასწორად გათვალა, რომ შეეძლო სამხრეთ ოსეთის აღება, ვიდრე რუსეთის ჯარები დამატებითი ძალით შეივსებოდნენ.

არასწორ გათვლას ვარაუდობს შეერთებული შტატების გამოცემა “ნეშნლ ინტერესტში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი, ცნობილი პოლიტოლოგი უილიამ ჰილიც. “სამხრეთ ოსეთის სწრაფი სამხედრო ოპერაციით აღების იმედი ქიმერა იყოო”, - წერს ის და საქართველოში ამჟამინდელი ვითარების გაანალიზების შემდეგ ასეთ რჩევებს აძლევს აშშ-სა და მის მოკავშირეებს:

საქართველოში რუსეთის ნაბიჯების დაგმობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ აშშ-ის უმაღლესი რანგის ოფიციალური წარმომადგენლების რიტორიკის გარეშე - მიზანია კონკრეტული შედეგების მიღწევა და არა ჩივილი და მუქარა, რომლის მიღმაც არაფერი დგას.

უილიამ ჰილი აუცილებლად მიიჩნევს ასევე საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის გაგრძელებას, რაც არ ნიშნავს სეპარატისტული რეგიონების ძალით დაბრუნებაზე ზრუნვას.

ერთ-ერთ მთავარ ამოცანად სტატიის ავტორი ასახელებს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას, ხოლო პრიორიტეტად - აშშ-ის რეალურ მონაწილეობას სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებაში. ჰილის აზრით, საკუეთესო შემთხვევაში საქართველოში, მოცემულ ეტაპზე, კვიპროსის მსგავს ვითარებას მივიღებთ.

საჭიროდ სახელდება ასევე ნატოს გაფართოების პროცესის შენელება იმ ადგილებში, სადაც ნატოს არ შეუძლია, ან არ სურს თავდაცვის პროცესში მონაწილეობა.

ამერიკელი პოლიტოლოგის შეფასებით, აუცილებელია მოსკოვთან კონკრეტულ საკითხებზე დიალოგის განახლება - თუმცა, ის აღიარებს, რომ რუსეთთან ემოციების გარეშე საქმიანი ურთიერთობის პერსპექტივა მოცემულ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენია: “რუსეთის ამჟამინდელი ლიდერები ერთი მხრივ მეტისმეტად თავდაჯერებული, მეორე მხრივ - მეტისმეტად მგრძნობიარე არიან.” ამ და სხვა მოსაზრებებს უილიამ ჰილი აყალიბებს სტატიაში, რომელსაც ამერიკული გამოცემა “ნეშნლ ინტერესტი” აქვეყნებს.

დაბოლოს, ინფორმაცია, გავრცელებული ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო CTK-ს (ჩეტეკას) მიერ. გუშინ უკვე ვიუწყებოდით ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის შესახებ, რომლის თანახმადაც ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი რუსეთის აგენტები ცდილობენ გაზარდონ საზოგადოების წინააღმდეგობა ქვეყანაში შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების მიმართ. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ სარადარო სისტემის შესახებ, რომლის აგებასაც პრაღის სიახლოვეს შეერთებული შტატები გეგმავს, რუსეთის აგენტები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკოსებთან და მასმედიასთან იყვნენ კავშირში.

დღეს CTK უფრო დაწვრილებით იუწყება კონტრდაზვერვის სამსახურის ანგარიშის შინაარსზე: წერს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურ ძალსიხმევას მიმართავენ, რათა შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ევროპაში ევროკავშირისა და ნატოს თაოსნობით იწყებენ ფაშიზმის გამართლებას და მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის დამარცხებაში საბჭოთა კავშირის როლის უარყოფას. ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი ამოცანაა ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის საფინანსო ინტერესების მხარდაჭერაო - იუწყება ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო CTK ჩეხეთის კონტრდაზვერვის წლევანდელ ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
XS
SM
MD
LG