Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფინანსო კრიზისი გრძელდება. გრძელდება მოლაპარაკებაც მის მოსაგვარებლად


შეერთებულ შტატებში წუხელ ჩაიშალა მწვავე საფინანსო კრიზისის მოსაგვარებლად ორგანიზებული მოლაპარაკება

რესპუბლიკელებისა და დემოკრატების უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მოლაპარაკება უნდა განახლდეს, მაგრამ ნათელი არ არის, დაბრუნდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან რესპუბლიკელი კანონმდებლები. მიმომხილველები პოლიტიკურ ქაოსზე ლაპარაკებენ.

ამერიკელი კონგრესმენების ლიდერები ისევ შეეცდებიან ერთსულოვნების მიღწევას 700-მილიარდიან გეგმაზე, რომელიც თეთრმა სახლმა შეიმუშავა უოლ სტრიტის დასახმარებლად. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შეკრიბა რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები - მათთან ერთად პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, ჯონ მაკკეინი და ბარაკ ობამა - გეგმაზე შეთანხმების, რაც შეიძლება, მალე მისაღწევად.

მოლაპარაკების დაწყებამდე ბუში ოპტიმისტურად იყო განწყობილი: [ბუშის ხმა] “მინდა მადლობა გადავიხადო ამ, ზეპარტიული თანამშრომლობის სულისკვეთებისთვის, რომელიც აქ ვაშინგტონში მჟღავნდება. ერთი რამ უნდა იცოდეს ამერიკელმა ხალხმა: ყველა, ვინც ამ მაგიდის გარშემო ვსხედვართ, ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს. და ვიცით, რომ რამე უნდა მოვიმოქმედოთ, რაც შეიძლება სწრაფად. და ჩვენი შეხვედრა ამ პროცესის წინ წაწევის მცდელობაა”.

მაგრამ შეხვედრაზე, მისი მონაწილეების თქმით, კონსტრუქციული მოლაპარაკების ნაცვლად მწვავე კამათი დაიწყო, როცა რესპუბლიკელების ნაწილმა ალტერნატიული გეგმა წამოაყენა საფინანსო კრიზისის მოსაგვარებლად. ასე რომ, ყველაზე მწვავედ მაინცდამაინც ჯორჯ ბუშის თანაპარტიელები დაუპირისპირდნენ თეთრი სახლის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელსაც, ბუნებრივია, თვით ჯორჯ ბუში ემხრობა.

ალტერნატიული გეგმა ითვალისწინებს გაცილებით ნაკლები ხარჯის გაწევას უოლ სტრიტის დასახმარებლად, ვიდრე თეთრი სახლის წინადადება, გამოიყოს 700 მილიარდი დოლარი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების აუნაზღაურებელი კრედიტებისა და საინვესტიციო პროგრამების შესასყიდად - უოლ სტრიტის ამ ინსტიტუტების კოლაფსის ასაცილებლად.

მოლაპარაკება, როგორც ვთქვით, ჩაიშალა, რის შემდეგაც პრეს-კონფერენციებისა და ურთიერთბრალდებების დრო დადგა. დემოკრატმა კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარე ბარნი ფრენკმა ასე აღწერა შეხვედრა: [ბუშის ხმა] “რესპუბლიკელი კონგრესმენები ცოტა ხანი იყვნენ (შეხვედრაზე), შემდეგ წავიდნენ. ახლა კი გვეუბნებიან, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენები არ აპირებენ მონაწილეობას ამ გეგმის შემუშავებაში, ან კიდევ მისი დამტკიცების მხარდაჭერაში”.

როგორც იუწყებიან, თეთრი სახლის გეგმის ავტორები, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი და აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე წუხელ გვიანობამდე მართავდნენ შეხვედრებს რესპუბლიკელ კონგრესმენებთან მათს დასარწმუნებლად, რომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. რაიმე გეგმაზე შეთანხმება რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს, ეს აუცილებლობა მორიგი ბანკის გაკოტრებამ დაადასტურა: გუშინ დაიხურა აშშ-ის უდიდესი შემნახველი და საკრედიტო ბანკი “Washington Mutual”.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ჯონ მაკკეინი მიიღებს მონაწილეობას შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების პირველ დებატში, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. მანამდე დებატების დაწყება კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც მაკკეინი მათი გადადების მოწოდებით გამოვიდა საფინანსო კრიზისთან დაკავშირებით. პრეზიდენტობის დემოკრატი და რესპუბლიკელი კანდიდატების, ბარაკ ობამასა და ჯონ მაკკეინის პირველი დებატი, თბილისის დროით, დილის 6 საათზე იწყება მისისიპის უნივერსიტეტში. საპრეზიდენტო არჩევნები 4 ნოემბერს გაიმართება.

ბარაკ ობამა აუცილებლად მიიჩნევს დებატების ჩატარებას: [ობამას ხმა] “მჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რის გაკეთებაც მე და ჯონ მაკკეინს შეგვიძლია - გარდა ვითარებისთვის თვალყურის დევნებისა და კონგრესის ლიდერებთან და ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებისა - არის მისისიპის უნივერსიტეტში საათნახევრით მისვლა, ამერიკელი ხალხის წინაშე გამოსვლა და ჩვენი ხედვის განმარტება იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ეკონომიკა. ოთხ თვეში ჩვენგან ერთ-ერთის მოვალეობა იქნება ამ არეულობასთან გამკლავება. და ჩემი აზრით, ამერიკელ ხალხს აქვს არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაც, გაერკვევს, საით გვინდა ქვეყნის წამყვანა და რისი გვწამს”.

გადავადება მანამდე მაკკეინმა მოითხოვა საფინანსო კრიზისის გამო და ჯერ არ არის ნათელი, მაინც ჩაერთვება თუ არა დებატში.

[მაკკეინის ხმა] “მე ყოველთვის ქვეყანას ვაყენებ პირველ ადგილას. ვხედავ, რომ შეთანხმება არა გვქონდა და სამწუხაროდ, არც ახლა გვაქვს. მაგრამ ვფიქრობ, რომ წინსვლა არის და მჯერა, რომ მივაღწევთ შეთანხმებას. რა წვლილს შევიტან ამ საქმეში, ამის განსჯას თქვენ და სხვებს მოგანდობთ. მაგრამ გავაკეთებ იმას, რაც ამ ქვეყნისთვის სწორად მიმაჩნია. ამჟამად ვიმყოფებით ლამის უპრეცედენტო პროპორციების კრიზისში - ყოველ შემთხვევაში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. და უნდა გავაკეთო ის, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო”.
XS
SM
MD
LG