Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ ”რეზონანსში” ქვეყნდება სახალხო დამცველის განცხადება. სოზარ სუბარი წერს: ”მე


დღევანდელ ”რეზონანსში” ქვეყნდება სახალხო დამცველის განცხადება. სოზარ სუბარი წერს: ”მე არაერთგზის მივმართე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს

იმის შესახებ, რომ საქართველოში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და იზღუდება დემოკრატია. მიუხედავად დაპირებებისა, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა, სინამდვილეში კიდევ უფრო დამძიმდა. ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ”დემოკრატიის ახალი ტალღა”, ანუ ფსევდოდემოკარტიული ცვლილებები, მხოლოდ ფასადის შელამაზებას ისახავს მიზნად და არა ძირეულ გარდაქმნას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები ისევ დაირღვევა, კანონი ისევ არ იკანონებს. ჩემს მოქალაქეობრივ და სამსახურებრივ მოვალეობად მიმაჩნია, ვამცნო ამის შესახებ საზოგადოებას.”

სახალხო დამცველის ამ განცხადების გარდა, ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილთან: ”როგორც თქვენთვის ცნობილია, იწყება სასამართლო რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც თავისი შინაარსით იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ახალი ტალღა სასამართლო სისტემაში”, - აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და აზუსტებს: ”ეს ტალღა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს: ხალხის პირდაპირ მონაწილეობას მართლმსაჯულებაში - ნაფიცი მსაჯულების სისტემის მეშვეობით, ასევე - სისხლის საპროცესო მართლმსაჯულების აბსოლუტურ შეცვლას”. კონსტანტინე კუბლაშვილი დღეს ამბობს, რომ მომავალში უზრუნველყოფილი იქნება შეჯიბრებითობის პრინციპი და ბრალდებისა და დაცვის მხარის სრული თანასწორობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, უფრო მეტიც, დაცვის პოზიციის გაძლიერება და უპირატესობა ბრალდების მიმართ.

”ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურას და კარგად ვიცი, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები”, - აცხადებს ”დემოკრატიის განვითარების ფონდის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ბურჯანაძე აზუსტებს: ”პრეზიდენტის ერთი სიტყვაა საჭირო, რომ არათუ ტელევიზიის პირველი არხი, არამედ ყველა არხი თავისუფალი და ობიექტური გახდეს. ასე რომ, თუ პრეზიდენტი მართლა სერიოზულად ლაპარაკობს დემოკრატიულ ტალღაზე და გულწრფელად სურს, რომ ქვეყანაში მედიაც თავისუფალი იყოს, საგამოძიებო კომისიაც არსებობდეს და ისე მუშაობდეს, როგორც საჭიროა, ამისთვის მისი პოლიტიკური ნებაა საკმარისი და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ პრეზიდენტი მართლა გულწრფელად ლაპარაკობდა დემოკრატიის ახალ ტალღაზე”. ბურჯანაძე ამ ინტერვიუშიც იმეორებს, რომ ხელისუფლებამ არგუმენტირებული პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება. ”თუ აღმოჩნდება, რომ ამ პროვოკაციის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ხელისუფლებას არ ეყო გონიერება ქვეყნისთვის ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად, ამას უკვე შეცდომა აღარ ჰქვია. ეს არის ქვეყნის წინაშე დანაშაული, რომელსაც ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს.”

”24 საათის” ფურცლებზე ამ გაზეთისა და ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” პარასკევის რუბრიკაში ”წრე” კონფლიქტოლოგ, რესპუბლიკური პარტიის წევრ პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებებს გაეცნობით. ის ამბობს: ”დღეს ქვეყანა კრიზისშია, საომარი მოქმედებები დასრულდა, მაგრამ ამის გაფორმებაა საჭირო. დაგომისის ხელშეკრულება გაუქმებულია, მოსკოვის ხელშეკრულება გაუქმებულია, ოქტომბერში ჟენევაში იწყება მოლაპარაკებები. ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, ხელისუფლება არ გვაჩვენებს, რისი გამკეთებელია. ის საომარი კრიზისიდან ვერ გამოვიდა, მაგრამ დიპლომატიური კრიზისიდან იქნებ გამოვიდეს. ამის შანსი უნდა მივცეთ. გადარჩენის შანსები კიდევ არსებობს. სააკაშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ ეს ხელშეკრულებები უვარგისია, იქ საშინელებები წერია... აი, ბატონო, ბურთი და მოედანი, აღარ არის ხელშეკრულებები, კეთილი ინებოს და დადოს. მე ამის მომხრე ვარ. ახლა რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ყველაფერი ახალს დაბრალდება. სააკაშვილს ხომ სჭირდება, რომ ყველაფერი ვიღაცას გადააბრალოს. მიმაჩნია, რომ არ უნდა მივცეთ ამის თქმის საშუალება”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

”ვერსია” წერს საქართველო-სომხეთის საზღვრის ერთ მონაკვეთზე არსებული ვითარების შესახებ. ”სამი სოფელი - სადახლო, ბურმა და თაზაქენდი საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები არიან. აღნიშნულ ტერიტორიას ბრმა ნაწლავის ფორმა აქვს და სამი მხრიდან სომხეთის მიწები ესაზღვრება”, - წერს ”ვერსიის” ავტორი და განაგრძობს: ”ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ ჩიოდა, რომ ყოველწლიურად სომეხი ჯარისკაცები პერიოდულად თვითნებურად სწევდნენ აქეთ საზღვარს, რომლის დემარკაცია დღემდე არ არის დასრულებული. 2007 წლისთვის კი სასაზღვრო ზოლი ბურმასა და თაზაქენდთან ისე ახლოს მოვიდა, ამ სოფლის რამდენიმე მცხოვრების სახლი სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მოგვიანებით ამ გლეხებს სომეხმა ჯარისკაცებმა სახლების დატოვება მოსთხოვეს”. ”ვერსია” ამ საკითხზე ექსპერტ მამუკა არეშიძის კომენტარსაც ბეჭდავს. არეშიძე პრობლემის ძირითად მიზეზად ხელისუფლების მიერ სომხეთთან საზღვრის დემარკაციის განუხორციელებლობას ასახელებს: ”ამ გულგრილობის გამოა, რომ, როგორც მოსახლეობა ამბობს, საქართველო-სომხეთის საზღვარი საგრძნობლადაა ჩვენკენ გადმოწეული და ჩვენი რამდენიმე მოქალაქის სახლი დღეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა. ასეთი გულარხეინობის ჟამს ყველაფერი ხდება. წითელ ხიდთან საზღვრის არასწორი დემარკაციის გამო უზარმაზარი ტერიტორია დავკარგეთ. თავად ვიყავი ამ საქმეში ჩართული და ვიცი, რომ აზერბაიჯანული მხარე გაცილებით მომგებიან წინადადებაზე იყო წამომსვლელი, მაგრამ დემარკაციის კომისიის უყაირათობისა და არაპროფესიონალიზმის გამო არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გამორიცხული არაა, აქაც იგივე განმეორდეს”, - ამბობს მამუკა არეშიძე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG