Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეოკუპაცია რუსულად


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული საჯარისო ნაწილების გაყვანის გადაწყვეტილება

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა 8 სექტემბერს მიიღეს. შეთანხმების თანახმად, ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონებში რუსული ბლოკ–პოსტების სრული გაუქმების პროცესი 10 ოქტომბრისთვის უნდა დასრულებულიყო. დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, ოკუპირებული რჩება დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობები, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. მინდა გესაუბროთ თემაზე: დასრულებულია თუ არა საქართველოდან რუსული საჯარისო ნაწილების გაყვანის ეგრეთ წოდებული მეორე ეტაპი და რა პროცესები განვითარდება შემდგომ.



რუსული ძალების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე ტერიტორიების ერთი თვის ვადაში დატოვება, ამ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსება, ეუთოს დამკვირვებლების ცხინვალში დაბრუნება, გაეროს დამკვირვებლების აფხაზეთში დარჩენა, რუსულ–ქართული ომის შედეგებზე ჟენევაში საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა და ძალის გამოუყენებლობის პირობების შესრულება - ესაა 8 სექტემბერს სარკოზი-მედვედევის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ძირითადი პუნქტები, რომელთა ნაწილი შესრულდა, ნაწილი კი - არა. საქართველოს ხელისუფლებაში მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ, ევროკავშირის ქვეყნების მტკიცე და თანმიმდევრული ქმედებების შედეგად, საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს ნაწილი დატოვეს. თუმცა, ამის მიუხედავად, სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმ ეტაპს, რომელიც 10 ოქტომბერს იწურება, დასრულებულად არ მიიჩნევენ. როგორც საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ გვითხრა, იმისათვის, რომ რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვალოს, საოკუპაციო ნაწილებმა, სულ მცირე, ახალგორის რაიონი უნდა დატოვონ:

[კახა ლომაიას ხმა]“ პერევიც, ბუნებრივია, მიუღებელია, ისევე როგორც ახალგორი. თუმცაღა პერევში, იქ შეიწევიან და, საბოლოო ჯამში, გაყვანის მესამე ეტაპში ესეც უნდა მოყვეს, მაგრამ ახალგორი არის აბსოლუტურად საგანგაშო. ახალგორი დამოუკიდებელ საქართველოში არ ყოფილა კონფლიქტური რეგიონის ნაწილი, ის არასოდეს არ ყოფილა რომელიმე იურისდიქციის ქვეშ, გარდა საქართველოს მთავრობის იურისდიქციისა, ამიტომ შესრულებულად ვერ ჩაითვლება, თუ ახალგორიდანაც არ გავიდნენ.“(სტილი დაცულია)

ახალგორიდან და კოდორის ხეობიდან რუსული საჯარისო ნაწილების გაყვანის შესახებ პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა დაიწყოს, – განაცხადა გორში 10 ოქტომბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა, რომლის აზრითაც, შედეგის მისაღწევად რამდენიმე სხდომის მოწვევა გახდება საჭირო:

[ბერნარ კუშნერის ხმა]“ევროკავშირმა სულ რამდენიმე დღეში შეძლო რუსეთის არმიის შეჩერება და ომის შეწყვეტა, რაც სხვამ ვერავინ შეძლო. 10 ოქტომბერს დასრულდება პირველი ეტაპი, რის შემდეგაც პოლიტიკური მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და დევნილები საკუთარ სახლებს უნდა დაუბრუნდნენ.“

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე ნაკისრ ვალდებულებებს მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს, გარკვეული პროგრესი მაინც მიღწეულია. ანალოგიურ მოსაზრებას გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. დეპარტამენტის წარმომადგენლის, შონ მაკკორმაკის განცხადებით, რუსული ჯარების გაყვანის პროცესი თავისთავად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა პოლიტიკური დასკვნები მხოლოდ ევროკავშირთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაკეთდება. რუსული მხარის მიერ 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე ევროკავშირ–ამერიკის კონსულტაციები უახლოეს ხანში გაიმართება. მომავალ კვირაშია დაგეგმილი ჟენევის შეხვედრაც, რომელიც, წინასწარი ფორმატით, უნდა დათმობოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ღონისძიებები და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, თუ როგორია პოსტკონფლიქტური ვითარების მოგვარების პრაქტიკა. ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში, დღევანდელი მონაცემებით, შევა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების გარეთ დარჩენილი ბლოკ–საგუშაგოების გაუქმების საკითხიც.

[თემურ იაკობაშვილის ხმა]“ყოველთვის გვქონდა ამის შიში, რომ რუსები, ასე ვთქვათ, რაღაცა პროცენტით შეასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს და დაიტოვებდნენ სავაჭროდ კიდევ თემებს. ვხედავთ, რომ ასეთი თემა ხდება, სამწუხაროდ, ახალგორის თემა, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს უფლება და ვერ დავთმობთ ვერანაირ თემას - ვერც ახალგორს, ვერც ცხინვალს, ვერც სოხუმს და ვერც სხვა ყველაფერს.“(სტილი დაცულია)

ამბობს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. კითხვით, თუ რა მიზნებისთვის იტოვებს ეგრეთ წოდებულ სავაჭრო თემებს რუსეთის ხელისუფლება და მოსალოდნელია თუ არა გარღვევა და კომპრომისები ჟენევის შეხვედრაზე, ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში, თორნიკე შარაშენიძეს, მივმართეთ.

[თორნიკე შარაშენიძის ხმა]“ჟენევის შეხვედრაზე ჩვენ რუსეთი, ცხადია, გვაჯობებს თავისი დიპლომატებით, ვერ გვაჯობებს, რა თქმა უნდა, სიმართლით.საკითხავი იქნება ახლა ის, რა შეფასებებს გააკეთებს ევროპა ამ სიტუაციაში; როცა არის უამრავი სხვა პრობლემა გარშემო, ეკონომიკური პრობლემები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ერთად, რას იზამს ევროპა, რას ჩათვლის საჭიროდ - გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე და ჩათვალოს, რომ ეს პრინციპულად აუცილებელია მისთვისაც და, საერთოდ, მსოფლიო მომავლის წესრიგისთვის, თუ ეხლა ამ სიტუაციაში უმჯობესია დახუჭოს თვალი რაღაც–რაღაცეებზე და ეს ყველაფერი ჩაყლაპოს. ესაა მნიშვნელოვანი. ჟენევაში, იმედია, ეს გაირკვევა. რუსები შეეცდებიან დაარწმუნონ ევროპა, რომ მეორე უკეთესია მათთვის, შერიგება რუსეთთან.“(სტილი დაცულია)

ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მონაწილეობას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ჟენევაში საქართველოს დელეგაციის სავარაუდო ხელმძღვანელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ მოხდება შეთანხმება ისეთ ფუნდამენტურ საკითხზე, როგორიცაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული საოკუპაციო ძალების საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება, ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყველა თემის, მათ შორის, დევნილი სახელწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელების ჩართვაც გახდება შესაძლებელი.


XS
SM
MD
LG