Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რეპორტიორები უსაზღვრებოდ”: “არ არსებობს თავისუფლება პრესის თავისუფლების გარეშე.”


“რეპორტიორები უსაზღვრებოდ” - ასე უწოდებს თავის თავს

საფრანგეთში დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტთა უფლებებისთვის იბრძვის და იცავს მათ. იცავს დღეს. მაშინ კი მიზანი სხვა იყო: მსოფლიოს, ასე ვთქვათ, მივიწყებული რეგიონების ტრაგედიის შესახებ მაუწყებლობა. მოგვიანებით პროფილი შეიცვალა.
ახლა უკვე საერთაშორისოდ აღიარებულ ამ ორგანიზაციას ბევრ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ის 1985 წელს დააარსა სამმა ფრანგმა ჟურნალისტმა. ერთი მათგანი, რობერ მენარი, განსწავლული ფილოსოფოსი, შემდგომ ჟურნალისტი, დიდხანს ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას. მასვე ეკუთვნის ლოზუნგი: საუკეთესო განზრახვის შემთხვევაშიც კი, ცენზურა ყველაზე ცუდი გამოსავალია. სექტემბერში მენარმა პოსტი დატოვა, ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო, მაგრამ დარჩა ორგანიზაციაში და დღეს მისი საპატიო თავმჯდომარეა.

ჩვენმა კორესპონდენტმა პრაღაში გამართული საერთაშორისო კონგრესის - “ფორუმი 2000”-ის - მონაწილეთა შორის მიაგნო მას. რაზე უნდა ესაუბრო ასეთ ადამიანს? ბევრ რამეზე და, პირველ რიგში, მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, ჟურნალისტებისა და, საერთოდ, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. თავიდანვე გეტყვით, რომ მენარი უკომპრომისოა და არავის ინდობს კრიტიკის დროს. თუ ვის აკრიტიკებს, ამაზე ქვემოთ, ჯერ კი, მოდით, ვკითხოთ, რა შეიცვალა იმ დროის განმავლობაში, რაც ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” არსებობს - განთავისუფლდა მედია? ან არიან ჟურნალისტები უფრო მეტად თავისუფალნი, ვიდრე იყვნენ 80-იან წლებში?

(მენარის ხმა) “ჩემი აზრით, დღეს, რა თქმა უნდა, პრესა უფრო თავისუფალია, ვიდრე 1985 წელს. მაშინ ნახევარ ევროპას კომუნისტური მთავრობები განაგებდნენ. მაშინ პრაღაში ასე დგომა და ამ თემებზე საუბარი შეუძლებელი იყო. მაშინ ბევრად მეტი სამხედრო დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი არსებობდა სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში და სხვაგან. ისე რომ, საერთოდ, პრესა უფრო თავისუფალი გახდა, მაგრამ მას ახალი საფრთხეები შეექმნა. დღეს პრესას ნაკლებად ესხმიან თავს მთავრობები. უფრო მეტად მაფიოზები, კორუმპირებული პოლიტიკოსები, რელიგიური ფუნდამენტალისტები და ასევე სეპარატისტულ მოძრაობათა წარმომადგენლები არიან მზად დახოცონ ისინი, ვინც არ იზიარებს მათ თვალსაზრისს. ასე რომ, პრესის მეტი თავისუფლება გვაქვს, მაგრამ მედიის მიმართ მეტი ძალადობაცაა. შეხედეთ რიცხვებს: ამდენი ჟურნალისტი, რამდენიც შარშან (მათი რიცხვი 87-ია), არასოდეს მოუკლავთ. 20 წლის წინ ეს რიცხვი ბევრად ნაკლები იყო. ამავე დროს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ჟურნალისტი მუშაობს.”

“რეპორტიორები უსაზღვრებოდ” 1991 წლიდან გამოსცემს ანგარიშს მსოფლიოს ქვეყნებში პრესის თავისუფლების შესახებ. მაშინ იყო, რომ შეიქმნა ორგანიზაციის ლოზუნგი: “არ არსებობს თავისუფლება პრესის თავისუფლების გარეშე.” აქვე გამცნობთ, რომ ამ ანგარიშს ათი წლის შემდეგ უკვე პრესის თავისუფლების შესახებ რეიტინგის გამოქვეყნება მოჰყვა. მის მიხედვით, საქართველო შარშან 66-ე ადგილზე მოხვდა და ჩამორჩა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა განა, კოსტარიკა და ნიკარაგუა, მაგრამ გაუსწრო უკრაინას, თურქეთს, არგენტინას.

რობერ მენარი ამბობს, რომ პრესის თავისუფლებას მტრები შეეცვალა. ჩვენს ორგანიზაციას ახლა უფრო უჭირს, ვიდრე უწინ, რადგან ჩვენ ჩამოვყალიბდით დიქტატორული და ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიცით როგორ მოვახდინოთ ზეწოლა მთავრობებზე, მაგრამ, მაგალითად, რელიგიური ფუნდამეტალიზმის წინააღმდეგ მოქმედება ბევრად ძნელიაო:

(მენარის ხმა) “ერთ მაგალითს მოვიყვან. 90-იან წლებში ალჟირში ადამიანის უფლებები საზარლად ირღვეოდა. მაშინ 100 ათასი ადამიანი დახოცეს. ალჟირში მოქალაქეებს, ჟურნალისტებს და უფლებადამცავებს ორი მტერი ჰყავდათ: ალჟირის მთავრობა და, მასთან ერთად, რელიგიური ფუნდამენტალისტები. როგორ გინდა ზეწოლა მოახდინო რელიგიურ ფუნდამენტალისტებზე? აშშ-ის მთავრობაზე ზეწოლა გუანტანამოს გამო შესაძლებელია, მაგრამ რა გინდა უყო ალ ყაიდას? ამიტომაა, რომ მუშაობა ორგანიზაციისა “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ძლიერ შეიცვალა. დღეს ბევრად რთულია ადამიანის უფლებების დაცვა, ვიდრე 20 წლის წინ იყო.”

ბელორუსიასთან დაკავშირებით მენარი ამბობს, რომ ეს ევროპის უკანასკნელი დიქტატურაა. ის განცვიფრებულია ამ ქვეყანაში ბოლო არჩევნებით, რომელიც, ევროკავშირის მოლოდინით, უკეთესი უნდა ყოფილიყო. სანამ რუსეთისგან მხარდაჭერა აქვს, მასზე ზეწოლა ძნელი იქნება, - განაგრძობს რობერ მენარი, - კერძო პირებზე ზეწოლას მივაღწიეთ, მაგრამ მეტის გაკეთებაა საჭიროო. ჩვენი რესპონდენტი კრიტიკულია ევროპის მემარცხენეთა მიმართ, რომლებიც დადებითად არიან განწყობილი საეჭვო რეჟიმების, მაგალითად ვენესუელისა და მისი პრეზიდენტის, უგო ჩავესისადმი. მაგრამ იქვე ამბობს, რომ ევროპის კავშირს მეტი სიმკაცრე მართებს. მენარის აზრით, თუკი ავტორიტარული რეჟიმები, წახალისების, მათთვის კარის მეტად გაღებისა და ა. შ., არ ასრულებენ პირობებს, საჭიროა მეტი სიმკაცრე, მათ მიმართ უფრო მკაცრი სანქციების გამოყენება. მაშინ, როცა ევროპის პარლამენტი ცდილობს უფლებათა დარღვევებზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს, მენარის დაკვირვებით, ისეთი უწყებები, როგორიცაა ევროკომისა და მინისტრთა საბჭო, თავშეკავებულები არიან. ის კრიტიკულია ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ ჩინეთის გამოც, სადაც, ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, დისიდენტების განთავისუფლების ნაცვლად, ხალხი დაიჭირეს, რათა ისინი ოლიმპიადის დროს არ შეხვედროდნენ ჟურნალისტებს.იცით, რატომ მოხდა ეს? კითხულობს მენარი და განმარტავს:

(მენარის ხმა) “ჩვენი დემოკრატიული ქვეყნების სიმხდალის გამო. ჩინეთში არიან სხვაგვარად მოაზროვნეები. გაგიგიათ, რომ ევროპის რომელიმე სახელმწიფოს ან ევროკავშირს დაეცვას ისინი? ბატონი სარკოზი, ჩემი პრეზიდენტი, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ჩავიდა. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ამ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური თავისუფლება, არაა რელიგიური თავისუფლება, არაა თავისუფლება ვაჭრობაში. იქ შრომის კოლონიებია გახსნილი. ერთ დროს დემოკრატები ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტებს იცავდნენ, რადგან ბევრი მათგანი ამგვარ ბანაკებში იჯდა. ყოფილ საბჭოთა კავშირში მათ “გულაგს” უწოდებდნენ.”

მენარს მიაჩნია, რომ არის განსხვავება მაშინდელ საბჭოთა კავშირსა და ახლანდელ ჩინეთს შორის, რადგან ჩინეთი დღეს ეკონომიკურად გვჭირდება. მაგრამ ის ამბობს, შოკირებული ვიყავი ევროპის კავშირის ქმედებით ოლიმპიადის დროს, ეს იყო მომენტი, როცა ჩინეთისგან უფლებათა დაცვის სფეროში მოთხოვნების წაყენება შეიძლებოდა, მაგრამ სარკოზიმ და ევროპის კავშირმა გვიღალატაო. თუმცა მენარი ფიქრობს, რომ სპორტსმენები უნდა ჩავიდნენ ოლიმპიადაზე. ჩვენმა კორესპონდენტმა მენარს ჰკითხა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის თაობაზე, ემხრობა თუ არა ის ამ ოლიმპიადის მიმართ ბოიკოტს.

(მენარის ხმა) “რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა მეთაურები სოჭში არ უნდა ჩავიდნენ. პრობლემა ისაა, როგორ მიიღეს იქ ოლიმპიადის ჩატარების გადაწყვეტილება. პუტინი არ წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის ნიმუშს. და, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ის ასევე იქნება კატასტროფა. გინახავთ რამოდენა კონსტრუქციას აშენებენ ნაკრძალში? დამნაშავეა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც. კომიტეტი ამბობს, ოლიმპიურ სულს, ოლიმპიადის ქარტიას ვიცავთ, რომელიც ადამიანის ღირსებას ეხებაო. სინამდვილეში, მათ არ ადარდებთ ადამიანის ღირსება. ჟაკ როგის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, არ ადარდებს ადამიანის უფლებები, ადამიანის ღირსება, ოლიმპიური სული. ერთადერთი, რაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აინტერესებს, სპონსორები და ფულია, რომლის მოხვეტაც მას სურს. მე მეგონა, ოლიმპიური მოძრაობა არ ფიქრობდა მხოლოდ ფულზე, მეგონა, რომ ის ფასეულობებზეც ზრუნავდა. ჩანს, ვცდებოდი.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG