Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ავიაციის რეიდი, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტის ფონზე


საქართველოში ერთბაშად ორი მაღალი რანგის დიპლომატი იმყოფება: ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი და

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენიელ ფრიდი. საყურადღებოა, რომ დენიელ ფრიდი მონაწილეობდა ჟენევის 15 ოქტომბრის შეხვედრაში, რომელიც პროცედურული საკითხების შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო ჩაიშალა. დენიელ ფრიდის საქართველოში ვიზიტის მიზანი საბოლოოდ ცნობილი მხოლოდ ორშაბათს გახდება, მანამდე კი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ხვდება. მინდა ამ ვიზიტებისა და დღის სხვა მნიშვნელოვანი ამბების შესახებ უფრო ვრცლად გესაუბროთ.

დენიელ ფრიდი, ამერიკის შეერთებული შტატების თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, საქართველოში 18 ოქტომბერს ჩამოვიდა და ორშაბათამდე საკმაოდ აქტიური შეხვედრები აქვს დაგეგმილი როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. თუმცა ერთ-ერთი პირველნი, ვისთანაც 18 ოქტომბერს პირისპირ შეხვედრა საქართველოში მყოფმა დენიელ ფრიდმა გამართა, ქართული მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ამ შეხვედრის მონაწილის, რადიო ”უცნობის” ჟურნალისტის, ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, შეხვედრა დახურული იყო, თუმცა ჩემი მოსაუბრე იქ საკუთარი სათქმელით მივიდა:

[ნინო ჟიჟილაშვილი] ”მე მაინტერესებს, შეიცვალა თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მისამართით; თვლიან თუ არა ისინი კიდევ, რომ საქართველოში დემოკრატიაა და მიხედავენ თუ არა ისინი უფრო მეტად საკითხს, რომელსაც ჰქვია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა, არამხოლოდ სიტყვიერად.”(სტილი დაცულია)

დენიელ ფრიდს სხვადასხვაგვარი მოსაზრებების მოსმენა მოუწევს ასევე საქართველოს ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპიზიციის წარმომადგენლებისაგან, რომლებთანაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეხვედრებს ორშაბათს გამართავს. თუმცა არც საპარლამენტო უმრავლესობისა და არც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, თუ რა ფორმატში და სად გაიმართება დენიელ ფრიდთან შეხვედრა. პარლამენტში დაგეგმილი შეხვედრა კი, როგორც პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, შესაძლოა, საერთოდ არ გაიმართოს:

[ გია თორთლაძე] ”ესე იგი, ეგ შეხვედრა უნდა ყოფილიყო კვირას, უნდა ჩატარებულიყო პარლამენტში, მაგრამ რადგან დავით ბაქრაძე ამაღამ მიდის, ნუ, აღარ შედგება ეგ შეხვედრა, როგორც ჩანს. ”(სტილი დაცულია)

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატის გარდა, საქართველოში ოფიციალურად იმყოფება ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი, რომლის ვიზიტი ოფიციალურია და, აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო გამჭვირვალეც. ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 18 ოქტომბერს თბილისში განაცხადა, რომ იმ პრინციპების მკაცრი დამცველია, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის ევროინტერგაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს გზავნილი მთელი ევროკავშირის პოზიციაც არის:

[დავით დარჩიაშვილი] ”ესპანეთი ევროკავშირის წევრია და, გამომდინარე ამ სტრუქტურის თავისებურებებიდან, მის ყოველ წევრთან მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს საიმისოდ, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსთან იყოს მაქსიმალურად ერთიანი, პრინციპული და საკმაოდ აქტიური, რადგან ევროკავშირი ამწუთას თამაშობს წამყვან როლს ჩვენი პრობლემატიკის გადაწყვეტაში, რამაც საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა.”(სტილი დაცულია)

თუმცა ესპანეთის საგაერო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ხელი არ შეუშლია რუსეთის უპილოტო თვითმფრინავისათვის, კიდევ ერთხელ დაერღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავი გარკვეული დროის განმავლობაში სოფელ ნიქოზის თავზე დაფრინავდა, შემდეგ კი ცხინვალის მიმართულებით გაფრინდა. თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში დაუპატიჟებლად დაფრინავს რუსული ავიაცია, სამაგიეროდ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ამერიკული სამხედრო ხომალდები. 18 ოქტომბერს ფოთში ღუზა ჩაუშვა ამერიკულმა საკრეისერო ფრეგატმა ”ვარიმ”, რომელიც რიგით მეოთხე ამერიკული ხომალდია, რუსეთთან ომის შემდეგ მეგობრული ვიზიტით რომ ესტუმრა საქართველოს. ფრეგატი ”ვარი” საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 20 ოქტომბრამდე დარჩება და რამდენიმე საზოგადოებრივ ღონისძიებას ჩაატარებს ფოთის კეთილმოწყობის მიზნით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG