Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარება


საქართველოში მუშაობა დაასრულა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში,

დეპარტამენტის მდივნის მოადგილის ჯონ სალივანის გარდა, 19 კომპანიის წარმომადგენელი შედიოდა. აშშ-ის ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს ადგილზე გაეცნენ და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის სურვილი ხელშეკრულებითაც დაადასტურეს. რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკით ამერიკელი ინვესტორების დაინტერესება და რას აპირებენ ისინი უახლოეს მომავალში?

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში 25 ოქტომბრიდან იმყოფებოდა. სხვადასხვა დონის სამთავრობო თუ ბიზნეს სტრუქტურებში გამართული შეხვედრებისა და საქართველო-აშშ-ის ბიზნეს ფორუმის დასრულების შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ ჯონ სალივანმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

[ჯონ სალივანის ხმა] „სავაჭრო მისიის წარმომადგენლები კარგი შთაბეჭდილებების ქვეშ არიან არა მხოლოდ იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც აშშ-ის მთავრობა გამოხატავს, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რასაც ისინი საქართველოში გაეცნენ. სავაჭრო მისიის ჩამოსვლა საქართველოში, ამერიკულ-ქართული ბიზნეს სამიტის ორგანიზება გახლავთ ნაწილი შეერთებული შტატების დამოკიდებულებისა საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი.“

ჯონ სალივანის განცხადებით, აშშ-ის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, საქართველოსთვის ერთი მილიარდი დოლარის დახმარების გარდა, გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ვაჭრობის პრეფერენციების სისტემა ჯი-ეს-პი პლუსში. ამის მეშვეობით საქართველოში დამზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია საბაჟო გადასახადების გარეშე მოხვდება ამერიკის ბაზარზე. გარდა ამ სამთავრობო დახმარებისა, საქართველოს ეკონომიკის მიმართ დაინტერესება გამოთქვეს ამერიკელმა ინვესტორებმაც. ჯონ სალივანი ამ ინტერესის მიზეზებს განმარტავს:

[ჯონ სალივანის ხმა] „შეერთებული შტატების 19 კომპანია ჩამოვიდა თბილისში. მათი მონაწილეობა ბიზნეს ფორუმში არის ნდობის გამოხატულება ამერიკული ბიზნესმენების მხრიდან. ასევე ეს არის შედეგი მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მეთხუტმეტე ადგილის მინიჭებისა 181 ქვეყანას შორის, ბიზნესის წარმოების გამარტივებისათვის.“

საქართველოს ბიზნეს კლიმატის შესასწავლად შეერთებულ შტატებში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს კომპანიებიდან ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული „დოჰან გლობალ გრუპის“ ვიზიტი აღმოჩნდა.
მასა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს საქართველოში დაახლოებით 175 მილიონი აშშ დოლარი დააბანდოს და, საერთო ჯამში, 100 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ააშენოს. კომპანიის მენეჯერის ირვინ კეტსოფის კომენტარი:

[ირვინ კეტსოფის ხმა] „ჩვენ ველით, რომ წარმატებული თანამშრომლობა გვექნება. ის ზრდა და განვითარება, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, შეუდარებელია.“

ამერიკელმა სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ბოლოდროინდელი სირთულეების მიუხედავად, კვლავაც გაგრძელდება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც შეერთებული შტატების კომპანიების მოზიდვა განაპირობა:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] „საკანონმდებლო ბაზა ისეთი არის...“

ამ მიზეზების გამო, ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „დოჰან გლობალ გრუპს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოში უახლოესი სამი წლის მანძილზე ოთხი ან ექვსი ჰიდროელექტროსადგური აშენდება. კიდევ რამდენიმე კომპანიამ სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ელექტროსადგურების გადაიარაღებისა და სხვა სახის პროექტებში.
XS
SM
MD
LG