Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიწუნა საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი


საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პირველ ნოემბერს მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს 2009 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი უნდა წარუდგინოს.

დაახლოებით ერთი თვის წინ მომზადებული პროექტი პირველი განხილვისას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამაც კი დაიწუნა. დეპუტატებს, ძირითადად, სოციალური სფეროს დაფინანსების საკითხები არ მოეწონათ. მას შემდეგ პრეზიდენტმა მთავრობის შემადგენლობა გადაახალისა და პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურაც დაასახელა. მინისტრთა ახალი კაბინეტი თავის ძირითად ამოცანად სოციალური პრობლემების მოგვარებას ასახელებს.

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი რომ დასრულებული და საბოლოო არ იყო, ეს თავიდანვე ცნობილი იყო. მიუხედავად ამისა, 2009 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტების მიმართ დეპუტატებმა - მათ შორის, უმრავლესობიდანაც - ბევრი შენიშვნა გამოთქვეს. პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა ბიუჯეტის პროექტი სოციალური პრიორიტეტების ნაკლებობის გამო გააკრიტიკა. მას იმედი აქვს, რომ ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებული იქნება:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] „მე ვფიქრობ, რომ გათვალისწინებული იქნება ის საკითხები, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, მათ შორის - მასწავლებელთა ხელფასების ზრდა; აქედან გამომდინარე, ვაუჩერების რაოდენობის გაზრდის დაფინანსება, ასევე პენსიების 100 დოლარამდე გაზრდა და ჩინოვნიკების ხარჯების შემცირება.“

ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა დაასახელა და მთავრობა გადაახალისა. პრემიერობის კანდიდატმა გრიგოლ მგალობლიშვილმა პარლამენტში მთავრობის ახალი პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ მისი საქმიანობის მთავარი მიზანი სოციალური პრობლემების დაძლევა იქნება:

[გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა] „ფინანსთა მინისტრი საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამაზე და ბიუჯეტის წარმოდგენის შემდეგ ეს მიიღებს უფრო ნათელ ფორმას. უკვე 2009 წლიდან საპენსიო პაკეტი, განსაკუთრებით ყველაზე გაჭირვებული ფენისათვის, მიუახლოვდება - და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიუახლოვდეს - 100 დოლარს.“(სტილი დაცულია)

საპენსიო პაკეტის გაზრდასთან ერთად, 50 ლარით გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასებიც. გაგრძელდება ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება და ერთი მილიონ 200 ათასამდე მოქალაქე უფასო დაზღვევის პოლისს მიიღებს.

სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები, სკოლის მასწავლებლები, შეიარაღებული ძალის შემადგენლობა და პოლიცია. ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის კომენტარი:

[ნიკა გილაურის ხმა] „ეს არის ჩვენი პირობა და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება. ეტაპობრივად, 100 დოლარზე ავა პენსია.“

ამ პირობის გარდა, პარლამენტარები - მათ შორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილიც - მთავრობას ძველ დაპირებებს შეახსენებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია იაფი კრედიტის პროგრამა.

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] „მე ვფიქრობ, რომ სწორედ დღეს არის აუცილებელი მეწარმეებისთვის დახმარება, შეღავათიანი კრედიტების სახით, და ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ იქნება გათვალისწინებული.“(სტილი დაცულია)

ამ იმედის მიუხედავად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ესმის, რომ პირველ ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებული მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ისევ არ იქნება სრულყოფილი. ამის მიზეზი კი ახალი პრემიერ-მინისტრია, რომელსაც გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება 2009 წლის საფინანსო გეგმაში საკუთარი კორექტივების შესატანად.
XS
SM
MD
LG