Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დარჩნენ ახალ მთავრობაში ძველი ძალოვანი მინისტრები?


გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი და ძველი ძალოვანი მინისტრები ჰყავს.

რატომ დაკარგა თანამდებობა ძველმა პრემიერმა და რატომ შეინარჩუნეს პოსტები ძალოვანმა მინისტრებმა აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ?

საზოგადოების ერთმა ნაწილმა ხელისუფლების მორიგ ცინიზმად აღიქვა ის ფაქტი, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რომელშიც საქართველომ ადამიანები და ტერიტორიები დაკარგა, მინისტრთა კაბინეტში შეიცვალნენ კულტურისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ხოლო თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა პოსტები შეინარჩუნეს.

ყველაზე ზედაპირული ახსნა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ომის წაგებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ აგვისტოს დღეებში მთავრობამ კარგად იმუშავა. სწორედ მისი არაღიარების შესაბამისი გადაწყვეტილებაა ძალოვანი მინისტრების დატოვება საკუთარ თანამდებობებზე.

მეორე, ნაკლებად ზედაპირული ახსნა პრეზიდენტის შინაგანი ბმაა თავისი გუნდის ზოგიერთ წევრთან, რომელთაგან ვანო მერაბიშვილი გამორჩეულია. მერაბიშვილმა ისეთ დარტყმებს გაუძლო ბოლო წლების განმავლობაში და იმდენად გაძლიერდა ამ დარტყმების ფონზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ძალაუფლება მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. რაგინდ რა გასაჭირი გადაიტანოს ქვეყანამ, რა უბედურებაც უნდა დაატყდეს თავს, მუდმივად ვრცელდება ხმები, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტს კონსტრუქციულ რჩევებს აძლევდა და დამანგრეველი გადაწყვეტილებების წინააღმდეგი იყო. ზუსტად ასეთი ხმები ვრცელდებოდა გასული წლის შვიდ ნოემბერს და, მოგვიანებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც. გამოდის, რომ სახელისუფლო კატაკლიზმები ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ ფიგურას კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს. არ არის შემთხვევითი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის პოპულარული იუმორისტული გადაცემა – „კლაბ–შოუ“ გასულ კვირაში ვანო მერაბიშვილს ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ადამიანად ხატავდა.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, იგი ნებისმიერ პოსტზე შემთხვევით ფიგურად აღიქმება და პასუხიც ნაკლებად მოეკითხება, აქაოდა, გინდ ყოფილა და გინდ არაო. კეზერაშვილის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ერთნაირად გულგრილი იყო და არის წაგებული ომის წინ და – შემდეგ.

და მაინც, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, თანამდებობებზე დატოვოს ყველა ადამიანი, ვისაც პირდაპირი შეხება ჰქონდა აგვისტოს მოვლენებთან, შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილი მოტივებით არ იყოს ნაკარნახევი.

ძნელი წარმოსადგენია, რომ პრეზიდენტი ბოლომდე არ აცნობიერებდეს, რა ზიანი მოუტანა ქვეყანას კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის იმ გზამ, რომელიც მან აირჩია, თავის უახლოეს გარემოცვასთან ერთად. ისიც ცხადია, რომ თუ ოდესმე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მათ შორის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებიც იქნებიან, რადგან სწორედ მათ ევალებოდათ რეალურად შეეფასებინათ რისკები და შესაძლებლობები, რაც არ თუ ვერ გააკეთეს.

მართალია, ქვეყანაში მხოლოდ ის მაგალითი არსებობს, რომ ჯერ ზვიად გამსახურდიამ, შემდეგ – ედუარდ შევარდნაძემ და ბოლოს – მიხეილ სააკაშვილმაც ძალის გამოყენებით გადაწყვიტეს ტერიტორიული პრობლემების მოგვარება და კატასტროფული შედეგები მიიღეს, მაგრამ ამისთვის პასუხი არც ერთს უგია, არც მეორეს და, სავარაუდოდ, მესამეც იმედოვნებს, რომ ბედი განსაკუთრებით მკაცრი არც მის მიმართ იქნება.

მაგრამ, მაინც, იმ შემთხვევაში, თუ ოდესმე მიხეილ სააკაშვილს პასუხს მოსთხოვენ აგვისტოში განვითარებულ კონფლიქტში ჩართვის გამო, მისთვის გაცილებით კომფორტული იქნება გვერდით ჰყავდეს ის ადამიანები, რომლებსაც, თანამდებობის მიხედვით, ევალებოდათ პრეზიდენტისთვის სწორი რჩევები მიეცათ. თანამდებობიდან გათავისუფლებული რომელიმე მინისტრი პასუხისმგებლობისგანაც თავისუფლდება, პრეზიდენტი კი მარტო და დაუცველი რჩება მეტისმეტად დიდი ტვირთის პირისპირ.

არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მძიმე ფსიქოლოგიური ფაქტორის ზეგავლენით დატოვეს პოსტები იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე ნაკლები შეხება ჰქონდათ აგვისტოს ომთან, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძის ჩათვლით. თანამდებობები კი იმ მინისტრებმა შეინარჩუნეს, რომლებმაც პრეზიდენტთან ერთად უნდა ზიდონ პასუხისმგებლობის სიმძიმე.

დღეს თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ საქართველოში მოვლენები მოლოდინის და გარინდების რეჟიმში გადავიდა. ახალი კაბინეტის შემადგენლობაც, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ამ რეჟიმის ადეკვატურია. მიმდინარე პოლიტიკურ ეტაპზე არა მხოლოდ პრეზიდენტს, მის ოპონენტებსაც ხელს აძლევთ აგვისტოს ომის დროინდელი ძალოვანი მინისტრების შენარჩუნება მიხეილ სააკაშვილის გუნდში.
XS
SM
MD
LG