Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო კომისია რუსეთში ყოფილ ელჩს დაკითხავს, რომელიც ხმაურიანი განცხადების გაკეთებას აპირებს


მომავალი კვირიდან აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ხელისუფლების წევრთა დაკითხვას გააგრძელებს.

უკვე ცნობილი გახდა, რომ კომისიაზე დაბარებული იქნება რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც თავად ითხოვდა ჩვენების საჯარო მიცემას. სხვათა შორის, კომისიაზე გასვლის სურვილი აქვს ყოფილ თავდაცვის მინისტრ გია ყარყარაშვილსაც, რომელიც აგვისტოს ომის დროს კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა და მზად არის დაუპირისპირდეს ყველა იმ სამხედრო მაღალჩინოსანს, ვინც ამტკიცებდა, რომ ქართულ არმიას ცხინვალი აღებული ჰქონდა.

საქართველოს ბოლო ელჩი რუსეთში, ეროსი კიწმარიშვილი, მიიჩნევს, რომ სავსებით შესაძლებელი იყო რუსეთთან ომის თავიდან აცილება. როგორც რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნა, იგი მზად არის ილაპარაკოს საქართველოს ხელისუფლების იმ შეცდომებზე, რამაც რუსეთის აგრესიას, ფაქტობრივად, გზა გაუხსნა ყველაზე უფრო საშიში სცენარის განხორციელებისათვის.

[ეროსი კიწმარიშვილი] ”უფრო მეტს ვიტყვი: ჩვენ გვქონდა იდეალური საშუალებები, მიუხედავად უმძიმესი და 2005 წლიდან მოწამლული ქართულ-რუსული ურთიერთობებისა, რომ გვეპოვნა გასაღები ქართულ -აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დარეგულირებისა და საქართველოს, მართლაც, ინტეგრაციის მიღწევისა.”(სტილი დაცულია)

ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ამჟამად ხელისუფლებას ჩამოშორებულია, აპირებს საპარლამენტო კომისიას უფრო დეტალურად მოუთხროს, თუ როგორ შეიძლებოდა რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება. კიწმარიშვილი გაურბის პასუხს შეკითხვაზე, ითხოვდა თუ არა რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას და ნეიტრალიტეტის მიღებას. მაგრამ ეროსი კიწმარიშვილი სავსებით ღიად საუბრობს იმ პროვოკაციებზე, რომელთა ტირაჟირებაც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიებით რუსეთში ანტიქართულ ისტერიებს ამძაფრებდა:

[ეროსი კიწმარიშვილი] ”სიტუაცია იყო ასეთი: გავიდა ქართული ტელევიზიით სიუჟეტი, სადაც ქართველი, სამოქალაქო ფორმაში, საკმაოდ უსიამოვნო შესახედაობის ამის გამო, სამართალდამცველები აკავებენ ფორმაში ჩაცმულ რუს სამშვიდობოებს, არის დამტვრეული რუსულით შეურაცხყოფა და მანქანაში ჩატენვის მცდელობა. ანუ კადრი არის, პროფესიონალის ენაზე თუ ვიტყვით, ჭუჭყიანი. დილით კი უკვე მირეკავს ჩემი რამდენიმე თანამშრომელი და მეუბნება, რომ უკვე რუსეთის ბევრი მხარეებიდან მოდის მათთან შეტყობინება, რომ ქართველების მიმართ დაძაბულობისა და გაღიზიანების მომენტი ჩნდება რუსეთში.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში აპირებს საპარლამენტო კომისიას უამბოს, ჰქონდა თუ არა მას სარწმუნო ინფორმაციები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ, თუკი საქართველოს არმია უპასუხებდა ოს სეპარატისტთა შეიარაღებულ პროვოკაციას. ასე რომ, ეროსი კიწმარიშვილის დაკითხვა საპარლამენტო კომისიაზე საკმაოდ დამაინტრიგებელია. საპარლამენტო კომისიაზე გასვლის მზადყოფნას გამოთქვამს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-93 წლებში, გიორგი ყარყარაშვილი, რომელიც რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად აგვისტოს ომის დროს კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა. გიორგი ყარყარაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს სამხედრო ძალებმა ცხინვალის აღების ოპერაცია ვერ მიიყვანეს ბოლომდე:

[გიორგი ყარყარაშვილი] ”მე რაც განახე, ეს არის ის, რაზეც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ცხინვალი არ აღებულა! აი, შანხაის დასახლება, რაც განახე, წერტილებს დაგისვამ ზუსტად, რომელ წერტილში და რომელ ეზოში იყვნენ. არ აღებულა ცხინვალი! ყველაზე დიდი, სადაც ქართველები იდგნენ, ეს არის, აი, რუსი სამშვიდობოს პოსტი სადაც იყო, ზედა ნიქოზის სამშვიდობო პოსტიდან სამასი მეტრი.” (სტილი დაცულია)

გიორგი ყარყარაშვილი მზად არის სხვა საინტერესო ინფორმაციაც მიაწოდოს 5 დღიანი ომის პერიპეტიების შესახებ საგამოძიებო კომისიას, თუმცა საპარლამენტო კომისიას იმდენი მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი დარჩა დასაკითხი, რომ ძნელი სათქმელია მოესწრება თუ არა დარჩენილ თვე-ნახევარში ყველა მსურველის მოსმენა. პარლამენტში შექმნილმა დროებითმა კომისიამ მუშაობა 25 ოქტომბერს დაიწყო. კომისიამ პირველ კვირას რამდენიმე მაღალჩინოსანი დაკითხა, მათ შორის, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გენერალი ზაზა გოგავა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გასულ კვირაში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG