Accessibility links

ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ "ინტერფაქსის“ სააგენტოს დაუდასტურა,

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ "ინტერფაქსის“ სააგენტოს დაუდასტურა,
რომ მისი ხელისუფლება ფლობს ნუსხას რესპუბლიკის და რუსეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ და ფულს დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციისგან იღებდნენ. ინფორმაცია თამარაშენში, ქურთასა და კეხვში მსგავსი სიების აღმოჩენის შესახებ, დღეს გაზეთმა "კომერსანტმა" გაავრცელა. მისივე ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით უკევ დაკავებულია დე-ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის მაიორი თემურ გუჩმაზოვი. "კომერსანტის" ამავე სტატიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დიმიტრი სანაკოევი ჯაშუშთა სიების არსებობას დეზინფორმაციას უწოდებენ.

ყველა ახალი ამბავი

ადვოკატი თოდუა: დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოსამართლემ განაჩენით თავი ყულფში გაყო

ადვოკატი ზურაბ თოდუა

არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას მიერ დავით სარალიძის მკვლელობის დამამტკიცებელი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, გარდა სამი ჩვენებისა:

„პირველია ჯანაშიას მიერ მიცემული ჩვენება, რომლის საფუძველზეც მან საპროცესო შეთანხმება მიიღო, მეორეა ბარბაქაძის ჩვენება, რომელიც ცდილობდა მიეღო საპროცესო შეთანხმება, მაგრამ არ მიიღო იმის გამო, რომ დადუნაშვილის ოჯახმა პრინციპული პოზიცია დაიკავა და მესამე გახლავთ მენაბდის ჩვენება, რომლის მიმართ გამოძიებას უამრავი კითხვა უნდა ჰქონდეს და ამ ბავშვის მიმართ ცალკე არის თემა სამსჯელი“, - აღნიშნა ზურაბ თოდუამ. მისი განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტით დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლად იმ პირის ჩვენების გამოყენება, რომლის მიმართაც გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება:

„ამიტომ ვაცხადებ, რომ თუ მარსაგიშვილმა გაბედა და ეს გააკეთა, ჩათვალეთ, რომ მან გაყო ყულფში თავი. თუ ესეც არ გააკეთა და ისე დაასაბუთა ეს განაჩენი, მით უფრო უარესი მისთვის“, - აღნიშნა ზურაბ თოდუამ. იგი განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გამოცხადებამდე აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას მკვლელობაში ბრალეულობის მტკიცებულებები არ არსებობს, გარდა იმ ჩვენებებისა, რომლებსაც საპარლამენტო კომისიის სხდომებზე ბავშვები „მშობლების დახმარებით გაზეპირებული ფრაზებით“ იმეორებდნენ.

ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ კალანდია ზაზა სარალიძის დასამშვიდებლად დააკავეს. ზაზა სარალიძე კი თავის მხრივ გამოიყენეს პოლიტიკურმა პარტიებმა:

„ჩვენმა ზოგიერთმა ბინძურმა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტეს გაუბედურებული ადამიანის მხარზე პოლიტიკური დივიდენდების აგორება, დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ აქ იმიტომ არ ხდება ზოგიერთი საკითხი, რომ ამ ბავშვის უკან არის მირზა სუბელიანი, რომელსაც გააჩნია ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები და მოდი ეს გამოვიყენოთო. დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ კალანდიას იმიტომ არ აძლევენ პასუხისგებაში, რომ მირზა სუბელიანი დაემუქრა ხელისუფლებას, თქვენ თუ კალანდიას დაიჭერთ, მე ტრაპიზონში მაქვს კადრები. ამან იმუშავა ყველაზე მეტად“,- განაცხადა ადვოკატმა. მისი თქმით, დაცვის მხარე მზადაა განაგრძოს სამართლებრივი ბრძოლა ზაზა სარალიძის საქმეში მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.

არასრულწლოვნების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე.

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოძიების მიმდინარეობისას მუდმივად აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა მიხეილ კალანდიაც. კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი რეკომენდაცია.

დავით ზალკალიანი ყირიმის ანექსიის 6 წლისთავს განცხადებით ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის რანგში გამოეხმაურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის 6 წლისთავს. დავით ზალკალიანის განცხადება ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

”წელს აღინიშნება რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 6 წლისთავი.

როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩემი ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ გვახსოვს მსხვერპლთა ოჯახები და ყველა ვინც კონფლიქტით დაზარალდა. ყველას გვსურს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელება და აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.

უკვე გადაიდგა რამდენიმე ხელშემწყობი ნაბიჯი, როგორიც იყო შარშან ნორმანდიის ფორმატში პატიმართა გაცვლა. ევროსაბჭო კვლავაც შეშფოთებულია ყირიმში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებული სიტუაციით, განსაკუთრებით უმცირესობებთან დაკავშირებით",- ანცხადებს დავით ზალკალიანი.

კიდევ უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ

ახალი კორონავირუსის შემთხვევები უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაშია აღმოჩენილი, ვირუსი ხუთ ადგილასაა კონცენტრირებული, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ ვირუსის შეკავების ძალისხმევას შედეგი არ მოჰყვა და ახლოს არის პანდემიის დასაწყისი.

შემთხვევათა უმრავლესობა აღირიცხა ჩინეთში, სადაც ვირუსი დეკემბერში გამოჩნდა, ისევე, როგორც იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში და ირანში. 26 თებერვალს ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ შემოწმება უტარდება პირს, რომელმაც ახლახან იტალიაში იმოგზაურა. დადასტურების შემთხვევაში ეს სამხრეთ ამერიკაში ვირუსის პირველი შემთხვევა იქნება.

კორონავირუსის პირველი შემთხვევების შესახებ გამოაცხადა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ - ავსტრიამ, ხორვატიამ, ესპანეთმა და შვეიცარიამ - შემთხვევები მოიცავს პირებს, რომლებიც ახლახან იტალიაში იყვნენ ჩასული. კორონავირუსის შემთხვევის აღმოჩენის შესახებ აცხადებს ალჟირიც. იტალიაში ვირუსით დაავადდა 330-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 11.

ბოლო დღეეებში ვირუსის პირველი შემთხვევების აღმოჩენის შესახებ ასევე გამოაცხადეს ავღანეთმა, ბაჰრეინმა, ერაყმა, ქუვეითმა და ომანმა, ყველა შემთხვევა ეხება პირებს, რომლებიც ამ ქვეყნებში ირანიდან ჩავიდნენ. ირანში ვირუსით 100-მდე ადამიანია დაავადებული, ოფიციალური მონაცემებით, იქ ვირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა - თუმცა არის ცნობები, რომ ირანი მალავს ვირუსის გავრცელების რეალურ მასშტაბს.

ფინანსთა მინისტრი: რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია და ამ მიმართულებით მთავრობამ შეიძლება იფიქროს. ამის თაობაზე ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი სიტყვებით, არსებობს ევროკავშირის საუკეთესო მაგალითები, როდესაც ლიანდაგი და ძირითადი ინფრასტრუქტურა რჩება სახელმწიფოს ხელში და გადაზიდვები, მათ შორის, „ტრეიდინგი“ არის კომერციალიზებული.

„90-იან წლებში, როცა ლიბერალური ფრთის ეკონომისტებს ეკითხებოდნენ, რას ურჩევთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რუსეთს, ამბობდნენ, სამ რამეს ვურჩევთო - „პრივატიზაციას, პრივატიზაციას, პრივატიზაციას!“, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ათწლეულების განმავლობაში ამ სიტყვას უარყოფითი ელფერი მიეცა და ეშინიათ კიდეც მთავრობებს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ფრთხილობენ, რადგან ეს არის სტრატეგიული ობიექტი.

იყო საუბარი, რკინიგზის პრივატიზაცია არის თუ არა შესაძლებელი, როცა ის სტრატეგიული ობიექტია. აქ ორ ყოფით მაგალითს გეტყვით - ჩვენს ოჯახში, ბინებში დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი - ყველა კერძო კომპანიის მიერ მოგვეწოდება. ჩვენს შვილებს სითბო ექნება თუ არა, ამაზე სტრატეგიულია, ზემოთ ვაგონი რომ გაივლის რკინიგზაზე? ამ მიმართულებით ფიქრი შეიძლება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა და დასძინა, რომ „ეს არა მარტო შეიძლება, ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ“.

მისი თქმით, იგივე სიტუაციაა ენერგეტიკაშიც, „დიდი ნაწილი პრივატიზირებულია - გენერაციის და გადაცემის დიდი ნაწილი, საცალო დისტრიბუციაც პრივატიზირებულია, იქაც შეგვიძლია სურათი უფრო გლობალურად დავინახოთ, რადგან სივრცე არის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სლოვაკმა კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს საერთაშორისო კონვენციას ქალთა უფლებებზე

სლოვაკეთის ერთპალატიანმა პარლამენტმა 25 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე უარყო საერთაშორისო კონვენცია ქალთა უფლებებზე.

150 ადგილისგან შემდგარ ეროვნულ საბჭოში დამსწრე 113 პარლამენტარიდან 96-მა უარი განაცხადა რატიფიცირებაზე სტამბოლის კონვენციის სახელით ცნობილი ხელშეკრულებისა, რომელსაც ასევე ეწოდება "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია".

კონვენცია ევროპის საბჭომ 2011 წელს მიიღო, ევროპაში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემასთან საბრძოლველად. მისი უარყოფის მოწოდებით გამოვიდა სლოვაკეთის ულტრანაციონალისტური ორიენტაციის ეროვნული პარტია, რომელიც მმართველი კოალიციის წევრია და მას მხარი დაუჭირა ძირითადმა მმართველმა პარტიამ, მემარცხენე ორიენტაციის სმერმა - სოციალ დემოკრატიამ. ეროვნული პარტიის წევრებმა პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას მოუწოდეს, ევროპის საბჭოს შეატყობინოს, რომ სლოვაკეთი კონვენციის გარეთ რჩება. კონვენციის წინააღმდეგ მისცა ხმა ასევე ოპოზიციურმა, ულტრამემარჯვენე სახალხო პარტია - ჩვენმა სლოვაკეთმა.

ძირითადად კათოლიკე სლოვაკეთში კონვენციის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ დოკუმენტი ბოლოს მოიტანს მესამე სქესის ოფიციალურ აღიარებას და ქორწინების დაკანონებას ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის.

საქართველოში სტამბოლის კონვენცია 2017 წლის პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

ტრამპმა ერთი წლით გააგრძელა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლით გააგრძელა ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების მოქმედების ვადა.

რუსეთის მოქმედება უკრაინაში, მათ შორის, ყირიმის ანექსია და აგრესია დონბასში „ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს და ინსტიტუტებს უკრაინაში“ და, უკრაინის გარდა, საფრთხეს უქმნის აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უშიშროებას, - ნათქვამია თეთრი სახლის საიტზე 25 თებერვალს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.


სიმბოლურია, რომ დონალდ ტრამპის მიერ მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას, მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაგრძელება ემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მეექვსე წლისთავს.

2014 წლის 27 თებერვლის გარიჟრაჟზე მწვანე უნიფორმიანმა შეიარაღებულმა პირებმა, რომელთაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ, შტურმით აიღეს რეგიონული პარლამენტი სიმფეროპოლში და შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს. ასე დაიწყო ნახევარკუნძულის ოკუპაცია, რომელსაც სულ მალე რუსეთის მიერ ორგანიზებული უკანონო „რეფერენდუმიც“ მოჰყვა.

კრემლი უარყოფს ყირიმის ანექსიას და აცხადებს, რომ ყირიმი რუსეთს ნებაყოფლობით „შეუერთდა“.

თეთრი სახლის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მომავალი წლის 6 მარტამდე იმოქმედებს.

რელიგიურ ნიადაგზე შეტაკებების ფონზე, ინდოეთის პრემიერი "ძმობის" მოწოდებით გამოდის

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი გამოდის სიმშვიდის დამყარების მოწოდებით, იმ ფონზე, როცა ინდუიზმის მიმდევრებსა და მუსლიმ უმცირესობას შორის რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელებულმა შეტაკებებმა დედაქალაქში სულ მცირე 20 ადამიანი იმსხვერპლა.

"მივმართავ ჩემს დებს და ძმებს დელიში, ყველა ვითარებაში შეინარჩუნონ მშვიდობა და ძმობა", - წერს მოდი ტვიტერზე 26 თებერვალს. მისი თქმით, "სიტუაცია დეტალურად განიხილა" და "პოლიცია და სხვა სააგენტოები ადგილზე მუშაობენ მშვიდობის და ნორმალური ვითარების უზრუნველსაყოფად".

დელიში 23 თებერვალს დაიწყო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სისხლიანი ძალადობა, რომელიც მოჰყვა დემონსტრაციებს ახალი, კამათის საგნად ქცეული კანონის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მოგვიანებით შეტაკებებმა რელიგიური ელფერი მიიღო, გავრცელდა ცნობები, რომ ადამიანებს მათი სარწმუნეობრივი კუთვნილების მიხედვით ესხმოდნენ თავს. ფოტოები, ვიდეოჩანაწერები და სოციალური მედიის ანგარიშები აჩვენებდა სურათებს, როგორ სცემდნენ მოძალადე ჯგუფები შეუიარაღებელ მამაკაცებს, ქუჩებში მოსიარულე, ჯოხებით და ხელკეტებით შეიარაღებულ ჯგუფებს და დაპირისპირებულ რელიგიურ ჯგუფებს. ძალადობა დაემთხვა ინდოეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტს.

უთანხმოების საგნად ქცეული კანონი მოიცავს შესწორებას მოქალაქეობის კანონმდებლობაში და მოქალაქეობის მიღების სწრაფ გზას სთავაზობთ არამუსლიმ უკანონო მიგრანტებს მეზობელი, ძირითადად მუსლიმური ქვეყნებიდან - ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან.

გიორგი გახარია: სერვისებზე ორიენტირებული ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის მომავალია

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ - სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი შეიქმნას ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, სერვისების სფეროში:

„სერვისები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის მომავალია. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას სჭირდება ბევრი წელი, სერვისებს სჭირდება მაღალი დონის კომპეტენცია, სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არის პატარა ბაზარი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთავრობის ინტერესია, რომ ქვეყანა გახდეს პირველ რიგში პლატფორმა, ჰაბი, დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნესაქტივობისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით. მისივე თქმით, დღეს საქართველო არის ტრანზიციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური თვალსაზრისით კი - ღია, კონკურენტული ბაზარი.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მეორედ ტარდება. წელს ღონისძიებაში მონაწილეობს 200-მდე პირი. მათ შორის, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

ლუკა სირაძის საქმის განხილვა იწყება - მას სავარაუდოდ არ დაესწრება ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი

მარიანა ჩოლოიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის არსებითი განხილვა. სასამართლო სხდომა 15 საათზეა დანიშნული. მას სავარაუდოდ არ დაესწრება ლუკა სირაძის მიმართ იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

მარინა ჩოლოიანი 26 თებერვალს ღამით პენიტენციალური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების ცნობით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამატებით დასჭირდა გამოკვლევები, რომელთა ჩატარებაც პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში ვერ მოხერხდა.

მარინა ჩოლოიანი არ დასწრებია არც 12 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომას, რომელზეც იმსჯელეს მისთვის მტკიცებულებების დასაშვებობისა და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - გადახედვის საკითხზე. სხდომის წინ მან სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრებოდა.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა შენობიდან, 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

ჩინეთში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები იკლებს, სხვა ქვეყნებში შედარებით მატულობს

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 26 თებერვალს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით (COVID-19) დაავადდა 406 ადამიანი, რაც 102-ით ნაკლებია წინა დღის მაჩვენებელზე. კორონავირუსით გარდაიცვალა 52 ადამიანი, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი რიცხვია.

დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა სამხრეთი კორეა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 169 ახალი შემთხვევა დაადასტურდა. საერთო რიცხვმა 1140-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 10 ადამიანი.

იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე კორონავირუსით დაავადების 35 შემთხვევაა, რაც ტოკიოს მიღმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 27 თებერვლიდან კუნძულზე რამდენიმე დღით დაიხურება დაწყებითი და საშუალო სკოლები. იაპონიაში სულ დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 164 შემთხვევა და კიდევ 691 - იაპონიის ტერიტორიულ წყლებში მყოფ საკრუიზო გემზე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს ან შემცირდეს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები. იაპონიაში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ კორონავირუსმა შესაძლოა ტოკიოს წლევანდელი ოლიმპიადა ჩაშალოს.

სავარაუდოდ, კორონავირუსის პირველი შემთხვევაა ბრაზილიაში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დიაგნოზით, ვირუსი აქვს სან-პაულუში მცხოვრებ 61 წლის მამაკაცს, რომელიც ორი კვირით იტალიაში იმყოფებოდა. საკუთარ სახლში იზოლირებულ პაციენტს საბოლოო დიაგნოზისთვის მეორე ტესტი ჩაუტარეს. ბრაზილიამ გააძლიერა ქვეყანაში იტალიიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩასული მგზავრების კონტროლი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევებია გერმანიის კიდევ ორ რეგიონში. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის ქალაქ ჰაინსბერგში კორონავირუსით დაავადებულია 47 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსი დაუდგინდა ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის ქალაქ გეპინგენში მცხოვრებ 25 წლის მამაკაცს, რომელიც იტალიის ქალაქ მილანში იმყოფებოდა. დღემდე გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევები იყო მხოლოდ ბავარიაში.

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ყველაზე რთული ვითარებაა იტალიის ჩრდილოეთში. 26 თებერვლის დილის მონაცემებით, იტალიაში სულ გარდაცვლილია 11 ადამიანი და 300-ზე მეტი დაავადდა.

კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა ავსტრიაში, ერთი შვეიცარიაში, ერთი ესპანეთსა და ერთი ხორვატიაში. ხუთივე დაავადებული იტალიის ქალაქ მილანში იმყოფებოდა. ამ შემთხვევების დადასტურებამდე ესპანეთის კუნძულ ტენერიფეს ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსი აღმოაჩნდა იტალიელ ექიმს. სასტუმროს ათასამდე მცხოვრები იზოლირებულია.

კორონავირუსი აღმოაჩნდა ალჟირში ჩასულ იტალიის მოქალაქესაც.

იტალიის გარდა, სარისკო ზონად მიჩნეულია ირანი, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 16 ადამიანი და ასამდე დაავადდა. ვირუსი აღმოაჩნდათ ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და პარლამენტის დეპუტატსაც.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

კორონავირუსით მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში დაავადებულთა საერთო რიცხვი 80 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილების - 2700-ს. ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთზე მოდის.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ამერიკელი სამხედროც დაავადდა

სამხრეთ კორეის სანიტარული სამსახურის სპეციალისტები დეზინფექციას ატარებენ სეულის ბაზარში

სამხრეთ კორეამ, რომელიც კორონავირუსით(COVID-19) დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა, ინფიცირების კიდევ 169 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მათ შორის კორონავირუსი აღმოაჩნდა კემპ-კეროლის ამერიკული სამხედრო ბაზის ჯარისკაცს. 23 წლის სამხედრო მოსამსახურე ბაზის ტერიტორიის მიღმა, კარანტინში მოათავსეს.

169 ახალი შემთხვევიდან 134 გამოვლენილია ქალაქ დეგუში, სადაც კორონავირუსი სწრაფად გავრცელდა ერთ-ერთი აპოკალიფსური სექტის წევრებს შორის. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამჟამად ამოწმებს სექტის 200 ათასზე მეტ წარმომადგენელს.

26 თებერვლის დილის მდგომარეობით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადდა სულ 1146 ადამიანი. 10 გარდაიცვალა.

რუსმა სენატორმა ქართველ ჟურნალისტებს ეგზალტირებული ქალბატონები უწოდა

ალექსეი პუშკოვი

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის - ფედერაციის საბჭოს წევრი, დუმის ყოფილი დეპუტატი ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ ქართველი ჟურნალისტებისგან შეტევა არაერთხელ განუცდია და ისინი ნიმუშად იღებენ აგრესიულ-ისტერიული ჟურნალისტიკის მაგალითებს.

სენატორ პუშკოვის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ კომენტარს წინ უძღოდა ჟენევაში მომხდარი ფაქტი, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა.

"რბილად რომ ვთქვათ, ქართველი ჟურნალისტი ქალები ძალიან ეგზალტირებული ქალბატონები არიან. მათი შეტევა არაერთხელ განმიცდია მოსკოვშიც, სტრასბურგშიც, ევროპის საბჭოშიც. მათ ჰგონიათ, რომ პასუხი ძირიანად უნდა ამოგგლიჯონ“, - წერს პუშკოვი ტვიტერზე. ალექსეი პუშკოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოში ხელმძღვანელობს საინფორმაციო პოლიტიკის და მასმედიასთან ურთიერთქმედების კომისიას.

„თქვენ ავად ხართ, გოგოებო“, - ასე მიმართა 25 თებერვალს, გაეროს ჟენევის ოფისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და „იმედის“ ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობდნენ პასუხის მიღებას შეკითხვაზე, დაესწრება თუ არა თბილისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას.

დღეს გაირკვევა, ჩატარდება თუ არა ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში

ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში

დღეს გაირკვევა, სად ჩატარდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა. გადაწყვეტილებას სტრასბურგში მიიღებენ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მაისში დაგეგმილი მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის მასპინძლობა საქართველოს ევალება, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, თუმცა, მინისტერიალის თბილისში ჩატარება პროტესტს იწვევს რუსეთის დელეგაციის გამო. გამორიცხული არ არის, რომ კომიტეტის სხდომა სტრასბურგში გამართონ.

მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ ევროსაბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზეც, თუმცა არავითარი შეთავაზებები, ან შეთანხმება არ ყოფილა. როგორც ვაშაძე ამბობს, მიმდინარე კვირის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის გამართვა არ იგეგმება, რადგან „ჯერჯერობით არ არის სალაპარაკო თემა“.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი, არამედ პოლიტიკოსებმა მოსაზრებები გაცვალეს.

„იყო გამოთქმული სურვილი, რომ მოძებნილ იქნას გამოსავალი ამ ვითარებიდან, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ძალები ყველა როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური, გადავიდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში და იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო გარემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშვნელობა“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

შეხვედრაზე იმყოფებოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი.

„თემა, რა თქმა უნდა, ეხებოდა პოლიტიკურ პროცესს, ქვეყანაში საარჩევნო სისტემას ძალიან ბევრი დეტალი იყო განხილული. ზოგადად, ეს შეხვედრა იყო არაოფიციალური, უბრალოდ, ოჯახურ გარემოში. საარჩევნო სისტემას უკავშირდებოდა, მაგრამ ფორმატი იყო არაოფიციალური. ეს არ იყო შეხვედრა, სადაც რაიმე ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს. წარმოიდგინეთ, არაოფიციალურ გარემოში შეხვედრა-საუბარი იყო სხვადასხა თემაზე. შეთანხმება და რაღაც დოკუმენტზე, მემორანდუმზე ხელმოწერა არ ხდება ასეთ გარემოში. როგორც წესი, ისმენენ ჩვენს მოსაზრებებს, რას ვფიქრობთ ჩვენ, სხვა პოლიტიკოსები. ასევე, ელჩებს მოვუსმინეთ სხვადასხვა თემებზე. რა თქმა უნდა, პეპლებზე და ყვავილებზე არ ვსაუბრობდით, საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას“, – თქვა ინაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

„ქართული ოცნებიდან“ ელჩის მოადგილესთან სტუმრად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე.

შეხვედრას პოლიტიკოსების გარდა ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

უკრაინის „ვერხოვნა რადაში“ სურთ რუსულ ენაზე გამოსვლის უფლების დაკანონება

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, „ვერხოვნა რადაში“, 18 თებერვალს განსახილველად შევიდა კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილების შესახებ, რომელიც ადგენს დეპუტატებისთვის რუსულის, როგორც სამუშაო ენად გამოყენების უფლებას.

უკრაინული მედიის ცნობით, კანონპროექტის ინიციატორებად მითითებული არიან მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი, მაქსიმ ბუჟანსკი და „ოპოზიციური პლატფორმა - ახალი სიცოცხლისათვის“, დეპუტატი ოლეგ ვოლოშინი.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონით დეპუტატებისთვის, როგორც სახელმწიფოს სამსახურში მყოფი მოხელეებისათვის, სამუშაო ენად ითვლება უკრაინული ენა. მაგრამ კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, „ვერხოვნა რადას“ მუშაობის დროს შესაძლებელია როგორც რუსული, ისე უკრაინის სხვა ეროვნული უმცირესობის ენების გამოყენებაც.

რეგლამენტის თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში პარლამენტის აპარატმა ასევე უნდა უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობათა ენებიდან გამოსვლების სინქრონული თარგმანი უკრაინულ ენაზე და - პირიქით.

თურქმენეთში იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს სამხედრო სამსახურზე უარის გამო

თურქმენეთის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა იეჰოვას მოწმე ვეფა მატაკუპოვს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.

რადიო თავისუფლებას ამის შესახებ აცნობა ჯაროს ლოპესმა, ორგანიზაციის სპეციალურმა წამომადგენელმა 24 თებერვალს, თურქმენეთის დაშოგუს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

ორგანიზაციის სტატისტიკით 2018 წლიდან მოყოლებული, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს იეჰოვას 20 მოწმე.

თურქმენეთში მოქმედებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის კანონი, რომელიც ავალდებულებს 18-27 წლის ახალგაზრდებს, რომ ორი წლით იმსახურონ შეიარაღებული ძალების რიგებში.

სამხედრო სამსახურზე უარის თქმა ისჯება ორი წლის ვადით პატიმრობით.

ალეკო ელისაშვილი: არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი უარყოფს „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ უკვე გადაწყვიტა, თბილისის ერთ-ერთ ოლქში მისი კანდიდატურის დაყენება.

„ისე იგი ახლახანს წავიკითხე რომ თურმე ოპოზიცია შეთანხმებულა თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე და მათ შორის მეც თურმე დასტური მითქვამს. არ ვიცი, ვინ რატომ მისცა თავის თავს უფლება მე და „სამოქალაქო მოძრაობას“ პოლიტიკური ბედი გადაგვიწყვიტოს?! რატომ გადაწყვიტა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ უნდა მიგვითითოს, სად, ვინ დავაყენოთ კანდიდატურებად, ან სად კონკრეტულად, ვის უნდა დავუჭიროთ მხარი? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ მცირე აზრთა გაცვლა გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა. არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს“, - წერს ალეკო ელისაშვილი „ფეისბუკზე“.

როგორც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ „ეს ხარბი ზნე, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოიშალა. ჯერ იყო და პროპორციული არჩევნების მოპოვება დაიბრალეს და ახლა საკუთარი ჭკუით და გემოვნებით გაგვანაწილეს თბილისში. კარგად დაიმახსოვროს ყველამ - ჩვენ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვართ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნების და პატიოსანი საარჩევნო სისტემის მოპოვების მიზნისთვის! რომელი კანდიდატი სად დავდგებით და ვის დავუჭერთ ან არ დავუჭერთ მხარს ამას გადავწყვეტ ჩვენ თვითონ და არავითარ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“, ან მეორე „ნაციონალური მოძრაობის“ კარნახით“.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ცნობილია რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ოლქში ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან, მათ შორის ალეკო ელისაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, რომ განიხილება ალეკო ელისაშვილის, გიორგი გუგავას და ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურები.

კორონავირუსი აღმოაჩნდა ორ ირანელ პოლიტიკოსს, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს

მაჰმუდ სადეღი და ირაჯ ჰარირჩი

ირანის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ და პარლამენტის რეფორმისტმა დეპუტატმა 25 თებერვალს განაცხადეს, რომ კორონავირუსზე შემოწმების გავლის შემდეგ პოზიტიური შედეგი ამოუვიდათ.

ირაჯ ჰარირჩიმ, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ და მაჰმუდ სადეღიმ, პარლამენტის რეფორმისტმა წევრმა, აღიარეს, რომ დაავადებული არიან კორონავირუსით (COVID-19), რასაც ქვეყანაში სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა.

ჰარირჩი, რომელიც კრიზისის განმავლობაში ენერგიულად ცდილობდა მოსახლეობის დამშვიდებას, პრესკონფერენციაზე ახველებდა და ოფლის იწმენდდა.

„საბოლოოდ დადასტურდა, რომ კორონავირუსით ვარ დაავადებული. გუშინდელი ღამის შემდეგ საკუთარი თავის იზოლირება მოვახდინე და დავიწყე მედიკამენტებით მკურნალობა“, - განაცხადა ვიდეკონფერენციის საშუალებით ირაჯ ჰარირჩიმ.

ხოლო სადეყიმ, პარლამენტის წევრმა, ტვიტერით გაავრცელა ცნობა მისი კორონავირუსით დაავადების შესახებ. „არ მაქვს დიდი იმედი ამ ქვეყანაზე ცხოვრების გაგრძელების შესახებ“, - დაწერა პოლიტიკოსმა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ციხეებიდან გამოუშვას პოლიტპატიმრები და მისცეს მათ ოჯახებში ყოფნის და ვირუსის ეპიდემიისგან თავის არიდების შესაძლებლობა.

„მთავარი არხი" თბილისის ოლქებში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატის შესახებ იტყობინება

ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატი, რომელიც შეხვედრებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მართავს, თბილისში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას 4 აპრილს დაგეგმილ აქციაზე აპირებს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ცნობილია რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ოლქში ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან: „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე, ამავე პარტიიდან მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან ლევან ხაბეიშვილი და ზაალ უდუმაშვილი; „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე.

ჯერჯერობით უცნობია, ესა თუ ის კანდიდატი კენჭს რომელ ოლქში იყრის.

ნიკა მელია ადასტურებს, რომ იქნება მაჟორიტარი კანდიდატი, თუმცა ოპოზიციას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, რომელ ოლქში დააყენებენ მის კანდიდატურას, მათ შორის განიხილება მთაწმინდა, მცხეთა, ზუგდიდი და სხვ.

თბილისში მაჟორიტარ კანდიდატობას არ გამორიცხავს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია.

Bellingcat-ი: ბულგარელი ბიზნესმენის მოწამვლაში ეჭვმიტანილი ჟენევაში რუსეთის მისიაში მუშაობდა

ეგორ გორდიენკო ("გორშკოვი")

ბულგარელი ბიზნესმენის, ემელიან გერბევის, მკვლელობის განზრახვაში ეჭვმიტალი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) სავარაუდო თანამშრომელი, მოქმედი დიპლომატია. ამ საფარის ქვეშ ეგორ გორდიენკო ("გორშკოვი") ჟენევაში მდებარე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადენლობაში მუშაობდა.

ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის, შვეიცარიულ საიტ Tamedia-სა და რუსულ The Insider-ის ერთობლივ ანგარიშში, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა.

რუსეთის სპეცსამსხურების საქმიანობის საქმიანობის თაობაზე გამოქვეყნებულ ამ ხასიათის ბოლო დოკუმენტში, ექსპერტები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ ხაზგასმით, თუ რამდენად აგრესიულად მოქმედებს მოსკოვი საზღვარგარეთ თვალთვალის, დივერსიებისა და მკვლელობების განხორციელების მიზნით.

Bellingcat-ის თანახმად, გორდიენკოს, რომელიც სასწარაფოდ გაემგზავრა ჟენევიდან და მოსკოვში, ГРУ-ს შტაბ-ბინაში, გამოცხადდა, ჟენევაში ყოფნის დროს, ხშირი კონტაქტები ჰქონდა ანატოლი ჩეპიგასთან (ბაშიროვი), ალექსანდრ მიშკინთან (პეტროვი) და დენის სერგეევთან, სოლსბერიში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის საქმეში ბრალდებულ რუს მზვერავებთან

იარაღის ბიზნესით დაკავებული ბულგარელი ბიზნესმენი, ემელიან გერბევი, 2015 წელს იმავე ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, რაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, სკრიპალებზე თავდასხმის დროს იქნა გამოყენებული.

ეგორ გორდიენკო, იგივე გეორგი გორშკოვი, სავარაუდოდ ერთ-ერთია იმ რვა პირთაგან, რომლებზეც ბულგარეთის პროკურატურის მიერ ძებნა გამოცხადდა.

როგორც ერთობლივი ანგარიშით ირკვევა, გორდიენკო მონაწილეობდა ყირიმის ანექსიაში და რუს მზვერავს ბინა იმავე სახლში ჰქონია, რომელშიც სკრიპალების მოწამვლის საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ალექსანდრ მიშკინი ცხოვრობს.

ჟენევაში რუსეთის მისიაში ეგორ გორდიენკოს შესახებ ცნობას არ ადასტურებენ.

უგულავა: ივანიშვილმა [დაპატიმრებამდე] გადმომცა, პოლიტიკიდან წასვლა არა, მაგრამ „აბაროტების“ დაწევა

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა სპეციალური პენიტენციური სამსახურის #9 დაწესებულებიდან (ე.წ. მატროსოვის ციხიდან) „ტვ პირველის“ ეთერში ტელეფონით ჩაერთო.

როგორც უგულავა ამბობს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დაპატიმრებამდე მას შუამავლების მეშვეობით გადასცა სათქმელი.

„ივანიშვილმა გადმომცა სხვა ადამიანების საშუალებით (ზოგადად ასეთ დროს სახელებს არ ასახელებენ) გადმომცა - პოლიტიკიდან წასვლა არა, მაგრამ „აბაროტების“ დაწევა. ამაზე პასუხი იყო ის, რომ არანაირი „აბაროტები“ არ დაიწევა, ხალხს, რაც შეჰპირდი, შეასრულე. სხვა შემთხვევაში წყალგამყოფი არის, რომ შეუძლებელია რაიმე ნორმალურობისკენ დაბრუნება“, - თქვა გიგი უგულავამ.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

TI პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადებას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI).

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეჭვები, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული საორგანიზაციო თუ საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი სწორედ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვაა.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების დაგეგმვაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, თუმცა, დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მრჩეველთა საბჭოს თანხმობით, მოადგილეების პოზიცია გააუქმა იმ პირობით, რომ მათ ტოლფასს პოზიციას შესთავაზებდა.

„არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გზით, მენეჯმენტს ახალი ამბების რედაქციიდან მისთვის არასასურველი ადამიანების ჩამოშორება სურდა, რაც მოახერხეს კიდეც. მაია მერკვილაძე სანაცვლოდ შემოთავაზებულ ტოკშოუს პროდიუსერობას ან/და რადიოს უფროსის მოადგილეობას დასთანხმდა. სადავო დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის, წინააღმდეგაც. მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ. საუბარია, დირექტორის მხრიდან თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ სხვა ზეწოლის ფაქტებზეც. მაგალითად, ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. პარალელურად კი, ტელევიზიის პროფკავშირებმა, რომელიც 70-მდე თანამშრომელს აერთიანებს, საგაფიცვო პროცედურები დაიწყო“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

TI-ს მიაჩნია, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ცხადყო, რომ მიმდინარე ცვლილებების მიზანი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. „სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭოს მმართველი პარტიის კვოტით არჩეული წევრები საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობენ ტელევიზიაში არსებული სიტუაციის დამატებით ესკალაციას და არ იცავენ ჟურნალისტების უფლებებს“, - აცხადებს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაინტერესდეს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა.

24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ვწუხვარ, რომ ჩავარდა დაპირება პროპორციულ არჩევნებზე

ატილა მესტერჰაზი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ატილა მესტერჰაზი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ იგი ერთგულია იმ ფასეულობებისა, რომლებსაც ნატო ეფუძნება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წუხს, რომ არ შესრულდა დაპირება 2020 წლისთვის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით:

„ვწუხვარ, რომ დაპირება 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩავარდა გასული წლის ნოემბერში. ეს საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო“, - აღნიშნულია განცხადებაში. მასში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, რომ მეტ კითხვას აჩენს და შეშფოთებას იწვევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე. ატილა მესტერჰაზი შიშობს, რომ გიგი უგულავას განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას, დაძაბულობას და რისკის ქვეშ აყენებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს:

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების პირობები, რათა აღადგინოს ნდობა ქართველ ხალხში და უზრუნველყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ასამბლეამ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს.

მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ავღანეთს აქვს „ისტორიული შესაძლებლობა მშვიდობისთვის“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ავღანეთს აქვს „ისტორიული შესაძლებლობა მშვიდობისთვის“, რისთვისაც აუცილებელ პირობად დაასახელა დროებითი ზავის პირობების დაცვა.

„თუ ზავი წარმატებული იქნება, 29 თებერვალს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოეწერება ხელი შეთანხმებას თალიბებთან“, - განაცხადა მაიკ პომპეომ პრესკონფერენციაზე.

მან ფაქტობრივად გაიმეორა ორი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დელიში გამგზავრებამდე ნათქვამი სიტყვები.

„ვფიქრობთ, რომ მათ სურთ შეთანხმების გაფორმება. ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობ, რომ ეს მოხერხდება, ამას დავინახავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 23 თებერვალს, ინდოეთში გამგზავრების წინ.

თებერვლის დასაწყისში აშშ-მა და თალიბებმა ხელი მოაწერეს „ძალადობის ნაწილობრივ შემცირებას“, რაც 22 თებერვალს ამოქმედდა ავღანეთის ტერიტორიაზე და ერთ კვირას გასტანს.

მაგრამ ავღანური მედიის თანახმად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა რამდენიმე მცირე თავდასხმა სხვადასხვა პროვინციაში, ავღანეთის არმიისა და პოლიციის საგუშაგოებზე.

სულ მცირე, ექვსი კაცი დაიღუპა „ძალადობის შემცირების“ კვირეულში, თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ბალხის პროვინციაში. თავდასხმა 24 თებერვალს მოხდა მთავრობის მომხრე სახალხო ლაშქრის საგუშაგოზე. გარდა ამისა, სამანგანის პროვინციაში ექსტრემისტებმა გაიტაცეს ადგილობრივი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი.

თამარ მეარაყიშვილის ე.წ. სასამართლო გადაიდო

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 3 მარტისთვის გადაიდო.

როგორც პროცესის შემდეგ თამარ მეარაყიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცესი გადაიდო საქმეზე მოწმეთა და დაზარალებულთა გამოუცხადებლობის გამო. მისივე სიტყვებით, საქმეში რეალური მოწმეები და დაზარალებულები არც არსებობენ.

მეარაყიშვილის თქმით, ის აპირებს დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართოს, იმ პირთა დასჯის მოთხოვნით, რომლებმაც „გამოგონილი ბრალდებები შეკერეს“.

2020 წლის იანვარში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილის საქმეზე პროკურატურის საჩივარი განიხილა და საქმის პირველ ინსტანციაში, ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

კოლეგიამ გადახედა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენს, რომლითაც თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილს არ მოუხსნა წარდგენილი ბრალდებები, რომელიც ეხება თამარ მეარაყიშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პარალელურად და, აგრეთვე, ამავე გაყალბებული ე.წ. პასპორტის გამოყენებას. კოლეგიამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სამოქალაქო აქტივისტს ერთი ბრალდება (მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამება) მოუხსნა.

თამარ მეარაყიშვილი საცხოვრებელ სახლთან 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამების, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. ე.წ. სასამართლომ იგი სრულად გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში, პროკურატურამ ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ახალგორიდან იძულებით გაძევება ემუქრება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG