Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შეიმუშავა


საქართველოს მთავრობის სხდომაზე 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი და საგადასახადო ცვლილებები განიხილეს.

გადახალისებული მთავრობის მიერ მომზადებული საფინანსო გეგმა უფრო სოციალურად ორიენტირებულია, ვიდრე მისი წინამორბედის პროექტი იყო. გაიზარდა ბიუჯეტის მოცულობაც და ის 6.2 მილიარდ ლარს შეადგენს. მასში გათვალისწინებულია მოსალოდნელი საგადასახადო ცვლილებები, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის 25-დან 20 პროცენტამდე შემცირება, მასწავლებელთა ხელფასებისა და პენსიების ზრდა...

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის ახალი პროექტი თვისებრივად განსხვავდება იმისგან, რაც ძველმა მთავრობამ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაქვეყნა. ახალ პროექტში, რომლის შესაქმენლად ახალმა პრემიერ- მინისტრმა, გრიგოლ მგალობლიშვილმა, პარლამენტისგან დამატებითი 15 დღე ითხოვა, გათვალისწინებულია მოსალოდნელი საგადასახადო ცვლილებებიც:

[გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა] „ეს ბიუჯეტი რომ გამხდარიყო უფრო მეტად ორიენტირებული უფრო მეტ აღორძინებაზე, უფრო მეტ დასაქმებაზე, ჩვენ, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება გადასახადების შემცირების შესახებ.“

პრემიერ-მინისტრის მიერ ნახსენები საბიუჯეტო პრიორიტეტები უფრო დეტალურად ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განმარტა. მისი განცხადებით, პროექტის შედგენისას გათვალისწინებულა საშემოსავლო გადასახადის 25-დან 20 პროცენტამდე და დივიდენდებისა - 10-დან 5 პროცენტამდე შემცირება:

[ნიკა გილაურის ხმა] „დასაქმებულთა ხელფასი მოიმატებს ამ 5 პროცენტიანი მარჟით. გარდა ამისა, იზრდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც სახელმწიფო დააზღვევს - მათი რაოდენობა 700 ათასიდან 900 ათასამდე გაიზრდება.“ (სტილი დაცულია)

ნიკა გილაურის მიერ ნახსენებ სოციალურ ხარჯებს ემატება მასწავლებელთა ხელფასის 50 და პენსიის 10 ლარით ზრდაც. მოიმატებს სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების მოცულობაც. ახალი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 57 მილიონი ლარი გამოიყოფა სოფლის მოსახლეობის დასაქმების პროექტებისთვის. ხოლო გზების მშენებლობას 500 მილიონი ლარი მოხმარდება. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილო შიდა რაიონული და სოფლის გზების მშენებლობისთვის დაიხარჯება.

ეკონომიკის ექსპერტი დავით ებრალიძე ეჭვობს, რომ ასეთი ბიუჯეტის შესრულება გაჭირდება საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი რთული ვითარების გამო:

[დავით ებრალიძის ხმა] „მე მეჩვენება, რომ ბიუჯეტს პრობლემები შეექმნება ინვესტიციების ნაკლებობის გამო და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ლარის ვარდნა პირველი ნიშანია სწორედ.“(სტილი დაცულია)

სხვაგვარად ფიქრობს ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, დემურ გიორხელიძე. მისი აზრით, ბიუჯეტის პროექტი ნორმალური გათვლებით არის შედგენილი. მიუხედავად ამისა, დემურ გიორხელიძე ფიქრობს, რომ შესაძლებელი იყო სხვადასხვა სამთავრობო ხარჯების კიდევ უფრო შეკვეცა:

[დემურ გიორხელიძის ხმა] „ილუზია არ უნდა გვქონდეს და არც მთავრობას უნდა მოვთხოვოთ ისეთი რამე, რასაც ვერ გააკეთებს. შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, ხარჯების სტრუქტურის კიდევ უფრო შეცვლა, - მაგალითად, თავდაცვის ხარჯების შემცირება შეიძლებოდა. ბიუჯეტი, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს იმ კრიზისს, რომელიც მსოფლიო ბაზრებზეა.“(სტილი დაცულია)

2009 წლის ბიუჯეტის პროექტს საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს, ხოლო მომდევნო კვირიდან მისი საპარლამენტო განხილვა დაიწყება. არაა გამორიცხული, რომ ბიუჯეტის პროექტმა გარკვეული ცვლილებები კიდევ განიცადოს.
XS
SM
MD
LG