Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოზე გამავალი ენერგოპროექტები ხელშეუხებელია“ , – წაიკითხავთ გაზეთ „24


„საქართველოზე გამავალი ენერგოპროექტები ხელშეუხებელია“ , – წაიკითხავთ გაზეთ „24 საათში“,

რომელიც ჟენევის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელს, პროფესორ დენიელ ვორნერს ესაუბრა. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბევრჯერ ნამყოფი დენიელ ვორნერის აზრით, სამხრეთ კავკასიის, როგორც ერთიანი რეგიონის, განხილვა არ არის გამართლებული. აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთი საქართველოთი უფრო მეტადაა დაინტერესებული, რასაც გამოყოფილი მილიარდებიც მოწმობს. ამის გამო, ექსპერტის აზრით, ფუნდამენტური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ვორნერისვე მტკიცებით, საქართველოზე გამავალ ენერგომატარებლებთან დაკავშირებული რეგიონალური პროექტები ხელშეუხებელი დარჩება. დღესვე ევროკავშირ–საქართველოსა და ევროკავშირ –რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებზე გაზეთი „24 საათი“ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში, სათაურით “გაყიდის თუ არა ევროპა საქართველოს მესამედ“, ნათქვამია: „ არც პრეზიდენტ სარკოზის და არც საგარეო საქმეთა მინისტრ კუშნერს ბევრი არაფერი აქვთ საამაყო. შესაძლოა, მათ გადაარჩინეს რამდენიმე ასეული, შესაძლოა, რამდენიმე ათასეული ქართველის სიცოცხლე აგვისტოში, მაგრამ მათ არ გაუკეთებიათ მთავარი – არ უზრუნველყვეს ამ ქართველთა შვილების და შვილიშვილების, საქართველოს მომავალი თაობის უსაფრთხო მომავალი. მეტიც, როგორც დღეს არსებული ვითარების ანალიზი გვიჩვენებს, ევროპა კვლავ აპირებს გაიმეოროს 1921 წლის სცენარი და რუსეთთან დადოს სტრატეგიული ხელშეკრულება, გააფართოოს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები.“ ამავე სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ევროპამ დღეს საქართველოში უნდა დაიცვას ევროპა, თორემ მალე მისი დაცვა საკუთარ სახლში მოუწევს.
ახალგორში მყოფი 200 რუსი ჯარისკაცი შველას ითხოვს – რუსეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციის, “ ჯარისკაცთა დედების“, საგანგებო განცხადების საფუძველზე, ამ ინფორმაციას დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. განცხადების თანახმად, ჯარისკაცები - როგორც კონტრაქტორები, ისე წვევამდელები - საშინელ პირობებში ცხოვრობენ. განმარტებისთვის გაზეთი დაუკავშირდა სამხედრო ექსპერტს გიორგი თავდგირიძეს, რომლის შეფასებითაც, რუსი სამხედროები, როგორც ოკუპანტი ქვეყნის საჯარისო ნაწილი, ბუნებრივია, არაკომფორტულ პირობებში იცხოვრებენ ახალგორსა და ჯავაში და ეს არ არის გასაკვირი. მისი აზრით, რუსეთის ჯარი ძველი მენტალობის არმიაა, რომელსაც ჯარისკაცთა საყოფაცხოვრებო პირობები არ ადარდებს.

ბრძოლა ლიდერობისათვის პოლიტიკურ ქაოსში – ამ თემაზე გაზეთი „ვერსია“ ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილს ესაუბრება. ექსპერტის აზრით, დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ქაოსში ლიდერის ძიება რთულია, ხელისუფლების ალტერნატივა კი მხოლოდ გარდამავალი ხელისუფლების ფორმირების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. მისი აზრით, „ კონსოლიდაციის ნაცვლად, დღეს ახალი პარტიების დაბადების მოწმენი ვხდებით. მით უმეტეს, არც ერთ ძველ პარტიას საკუთარ თავზე ნეკროლოგი არ დაუწერია. შევარდნაძეზე განაწყენებულებმა პარტიები უკვე შექმნეს. ახლა სააკაშვილზე ნაწყენები ქმნიან. კიდევ კარგი, მჟავანაძეზე განაწყენებულები არ აქტიურობენ, თორემ ხალხი უფრო დაიბნეოდა. საერთაშორისო სტანდარტებით თუ ვაკეთებთ დასკვნას, გადამეტებული ნათქვამია, თითქოს ჩვენთან პოლიტიკური კულტურა დაბალია. პოლიტიკური კულტურა ჩვენთან არ არსებობს“,–უთხრა გაზეთ „ვერსიას“ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა.
XS
SM
MD
LG