Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეფასებები ჟენევის პროცესის მეორე რაუნდის გარშემო


ჟენევის პროცესის მეორე, გუშინ დასრულებულ, რაუნდს უჩვეულოდ ერთსულოვანი რეაქცია ახლავს:



საქართველოს კრიზისისადმი მიძღვნილი არაფორმალური შეხვედრის ყველა მონაწილე- დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები თუ შუამავლები მას დადებით შეფასებას აძლევენ. ყველა აღნიშნავს, რომ პროცესი ადგილიდან დაიძრა: თუ ერთი თვის წინ, ოქტომბერში, დისკუსიის პირველი მცდელობა წარუმატებელი იყო, - ის რუსეთის მხარემ ჩაშალა, - ამჯერად საუბარი შედგა.

საქართველოს კრიზისთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, 19 ნოემბერს ჟენევაში გამართულ შეხვედრას მისმა მონაწილეებმა - საქართველოსა და რუსეთის და, მათთან ერთად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტმა და, პირიქით, სეპარატიზმის მოწინააღმდეგეებმა, ასევე კონფლიქტის მხარეებს - საქართველოსა და რუსეთს - შორის შუამავლებმა - კონსტრუქციული უწოდეს... 19 ნოემბერს ჟენევაში შემდგარი კონსულტაციების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში კონსულტაციების მონაწილეები ( მათ შორის, ურთიერთდაპირისპირებული მხარეები ) კმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მათ ერთმანეთთან დალაპარაკება შეძლეს... დავიწყოთ ჟენევის შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას კომენტარით. მან რადიო ”თავისუფლებას” ინტერვიუ შეხვედრის დასრულების შემდეგ მისცა..

[ გიგა ბოკერიას ხმა] ” მიუხედავად უმძიმესი მოვლენებისა, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ, მიუხედავად იმისა, რაც ხდებოდა წლების მანძილზე, ჩვენი ამოცანაა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული და ვიპოვოთ გზები ჩვენს განსხვავებული მოსაზრებების მოქალაქეებთან ერთად წინსვლისა ერთიანი საქართველოს ასაშენებლად.”(სტილი დაცულია)

”ამოცანაა ვიყუროთ წინ და ვიპოვოთ გზები ჩვენს განსხვავებულად მოაზროვნე თანამოქალაქეებთან ერთად ერთიანი საქართველოს ასაშენებლადო”, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.. რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ, მომხდარის მიუხედავად, საქართველოს თვითმიზანი არ არის რუსეთთან კონფრონტაციის შენარჩუნება, რაც, ბოკერიასვე თქმით, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუშვებს კომპრომისს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე... ჟენევის არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ მომავალზე ორიენტაცია ახსენა რუსეთის წარმომადგენელმა, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმაც:

[გრიგორი კარასინი}” მოხერხდა იმ სირთულეების დაძლევა, რომლებიც ხელოვნურად იქმნებოდა ჟენევის კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი პირველი დისკუსიის მზადებისას. ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და ვიფიქროთ არა იმაზე, როგორ ვიქნებით წარმოდგენილი დისკუსიაზე, არამედ იმაზე, როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემები.”


წინ უნდა ვიყუროთო, - თქვა გრიგორი კარასინმა.. მივყვეთ სხვების კომენტარებს.. სამუშაო შეხვედრაში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების წარომადგენლებიც მონაწილეობდნენ - როგორც სეპარატისტები, ისე სეპარატიზმის მოწინააღმდეგეები.. აი, რა თქვა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯიამ: ” მოლაპარაკებები კონსტრუქციულად წარიმართა - ერთი თვის წინ ჟენევაში ჩაშლილი პროცესი განახლდა და გრძელდება. ჩვენ გავცვალეთ შეხედულებები და იდეები. ეს იყო პირველი რაციონალური, კონსტრუქციული მოლაპარაკებები აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარის შემდეგ.. ხაზგასასმელია ის, რომ მოლაპარაკების კონსტრუქციულობის საფუძველი გახდა ის, რომ მასზე ყველა მხარე თანაბარი სტატუსით იყო წარმოდგენილი.”

აქვე მოვიყვან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლის დიმიტრი სანაკოევის ნათქვამს (ჟენევის შეხვედრას ისიც ესწრებოდა, ისევე როგორც ჩვენ მიერ ნახსენები მაქსიმ ღვინჯია):

[ დიმიტრი სანაკოევის ხმა] ”უმთავრესი ისაა, რომ შეხვედრა შედგა და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ უნდა შეიქმნას უსაფრთხოების პირობები როგორც ქართული, ისე ოსური მოსახლეობისთვის, ასევე აფხაზეთში, გალის რაიონში. ამ საკითხებზე გაგრძელდება მოლაპარაკება.. ჩვენ თავიდანვე უარი ვთქვით აგრესიულ რიტორიკაზე.”



ასეთი შეფასებები გამოთქვეს შეხვედრაში მონაწილეებმა და შეფასება ჟენევიდან შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, გაკეთდა... ჟენევის 19 ნოემბრის არაფორმალურ შეხვედრაში, კონსულტაციებში პირველი პოზიტიური ნაბიჯი დაინახა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა შონ მაკკორმაკმა:

[შონ მაკკორმაკი} ”ჩემი აზრით, პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს ნაბიჯი ეფუძნება სარკოზისა და მედვედევის შეთანხმებას.. დისკუსიის პირველი მცდელობა ჩაიშალა. უთანხმოება მაშინ განაპირობა შეუთანხმებლობამ იმაზე, თუ ვის ეკუთვნის ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან დისკუსიის სრულუფლებიანი მონაწილის სტატუსით... და ახლა უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ პოზიტიურ ნაბიჯზე.. ამჯერად დისკუსია გაიმართა. ”

ეს განცხადება შონ მაკკორმაკმა ვაშინგტონში გააკეთა. თავის გამოსვლაში მან ხაზგასმით თქვა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ჟენევაში დაწყებულ პროცესში ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისათვის დიალოგი დაიწყოს... თუმცა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა თქვა ისიც,რომ შეხვედრის მიმდინარეობის თაობაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღებამდე არ შეუძლია უფრო ღრმა შეფასება გააკეთოს.

ჟენევაში 19 ნოემბერს, საქართველოს კრიზისთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამუშაო, არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა...მასზე დამსწრეებს არ ჰქონიათ ოფიციალური სტატუსი.. აქედან გამომდინარე, მოსკოვს არ ჰქონია საფუძველი იმისთვის, რომ პროტეჟეების სტატუსგარეშე ყოფნა გაეპროტესტებინა.. შემდეგი შეხვედრა დეკემბერში გაიმართება, ისევ ჟენევაში ... რა შეიძლება მოჰყვეს მომავალში რუსეთის მცდელობას მოლაპარაკებებში მხარის სტატუსი მიენიჭოთ სეპარატისტულ ხელისუფლებათა წარმომადგენლებს? საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი დახურულია და რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, მოლაპარაკებათა მაგიდას ვინ რა სტატუსით მიუჯდება.



















XS
SM
MD
LG