Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


„4 მიზეზი, თუ რატომ არ მოგვცემენ მაპს“– გაზეთს „მთელი კვირა” ამ საკითხზე თავისი მოსაზრება ექსპერტმა კახა კაციტაძემ გააცნო.

მისი შეფასებით, პირველი არგუმენტი, რის გამოც საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, არის ის, რომ ნატოს მინისტერიალი არ არის ადგილი, სადაც ნატოს გაფართოებაზე გადაწყვეტილებას იღებენ. მეორე, ნატოში კონსენსუსის გარეშე არაფერი კეთდება. მესამე მომენტი საქართველოსთვის დეკემბერში მაპის მიღების საზიანოდ, კახა კაციტაძის აზრით, არის ის, რომ ნატოს წესდების თანახმად, გასაწევრიანებელ სახელმწიფოს ტერიტორიული დავა არ უნდა ჰქონდეს მეზობელთან. მეოთხე ფაქტორად კი იგი უცხოეთის სამხედრო წრეებთან პირად ახლობლობას ასახელებს. არაოფიციალური წყაროებით მიღებული ინფორმაციის გაანალიზების თანახმად, კახა კაციტაძე ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მაპის მიღების საკითხმა 4–5 წლით გადაიწია, თავად გაწევრიანებამ კი - მინიმუმ 10 წლით. ასევე გაზეთ „მთელი კვირის” ფურცლებიდან შეიტყობთ, რომ ახალ მემარჯვენეებსა და რესპუბლიკელებს შორის გაერთიანების შესახებ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. დეკემბრის დასაწყისში კი ნათელი გახდება, შეძლებენ ეს პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე ერთობლივად გამოსვლას თუ ერთმანეთთან კოორდინაციის რეჟიმში დარჩენით დაკმაყოფილდებიან.

პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გამოსვლის საკითხი დღეს თითქმის ყველა გაზეთის ერთ–ერთი მთავარი თემაა. თუმცა, ქალბატონ ბურჯანაძის პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბრის გარდა, გაზეთი ”ვერსია” მის პოლიტიკურ წასრულსაც ეხება, ოღონდ არაპირდაპირ. საქმე ისაა, რომ გაზეთის დღევანდელი სტუმარია რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც იმაზეც საუბრობს,თუ რატომ შესთავაზა მან ნინო ბურჯანაძეს ახალი სახელისუფლებო პარტიის შექმნა, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობას” ხავერდოვნად ჩაანაცვლებდა: „ საპარლამენტო არჩევნების წინ ვესაუბრე ნინო ბურჯანაძეს. დავინახე, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” საშველი არ იქნებოდა და ნინოს ვთავაზობდი, შეექმნა დამოუკიდებელი პარტია. მე მას დავეხმარებოდი როგორც ექსპერტი და ამ სფეროში გამოცდილი ადამიანი, ოღონდ ეს სააკაშვილთან სინქრონიზებულ რეჟიმში უნდა გაკეთებულიყო, რადგან სააკაშვილი იმ დროისათვის ნინოს დამარცხებას მოახერხებდა. ვფიქრობდი, ჩვენ ხავერდოვნად მოვახერხებდით ახალი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო დახვეწილი იქნებოდა, ვიდრე ეს ბოლშევიკური ფორმატის სტრუქტურა, „ნაციონალიური მოძრაობა.“ სააკაშვილმა, ვფიქრობ, უფრო ამაზე ინერვიულა, ვიდრე სხვა დანარჩენზე და ელჩობის შემოთავაზებაც იყო იმის ნაწილი, რომ მე ისევ სადღაც გავეშვი“, - უთხრა ეროსი კიწმარიშვილმა გაზეთ „ვერსიას.“

გაზეთ ”ქრონიკაში” კი წაიკითხავთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ყოფილ დეპუტატთან, ინტერპოლის მიერ ძებნილ ვალერი გელბახიანთან. სკოტლანდ იარდის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ბოლოს და ბოლოს, რით გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი? ეკითხება ჟურნალისტი ვალერი გელბახიანს, რომელიც უპასუხებს: „ ვირუსით არის გარდაცვლილი, ეს დადგენილია, მაგრამ წყარო და ვირუსის სახეობა გასაიდუმლოებული აღმოჩნდა და ხელმიუწვდომელი. როგორც ჩანს, ამ საქმეში ერთი სახელმწიფოს ხელი არ ურევია.” ეს არის ნაწყვეტი ვალერი გელბახიანთან ინტერვიუდან, რომელიც დღეს გაზეთ „ქრონიკაში“ გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG