Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყალებული პატიმრები საპყრობილეებს ტოვებენ


დღეს 365 შეწყალებული პატიმრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებები 144-მა დატოვა. ნაწილს სასჯელი გაუნახევრდა.

დღეიდან ასევე ძალაში შევიდა კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც 12 100 ადამიანს შეეხო. სიაში ვერ მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც, ოპოზიციის შეფასებით, პოლიტიკური პატიმრები არიან. საპყრობილეებთან პატიმრების ახლობლები იმ იმედით მივიდნენ, რომ, შესაძლოა, შეწყალებულთა სიაში მათი ოჯახის წევრი თუ მეგობარი აღმოჩენილიყო.

პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა პატიმართა შეწყალების შესახებ ორ განკარგულებას, რომელთა მიხედვითაც დღესვე ციხეს 144 პატიმარი დატოვებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას შეწყალებულთა შესახებ სად-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე გვაძლევს:

[სალომე მახარაძე] ”მოვიდა პრეზიდენტის ორი განკარგულება შეწყალების შესახებ - ნომერი 767 და ნომერი 768. ამ განკარგულებების მიხედვით, შეწყალება 365 ადამიანს შეეხო. აქედან 221-ს სასჯელი გაუნახევრდა. დღეს კი 144 მათგანი გავა. 14 ქალია, საიდანაც 9 ასევე გადის ციხიდან.”

შეწყალება ასევე შეეხო არასრულწლოვან გიორგი ზერეკიძეს, რომელიც განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლეს. ამ სიაში ვერ მოხვდნენ ვერც შარშან, ნოემბრის მოვლენების დროს, დაკავებული ადამიანები. ხელისუფლების პოზიცია უცვლელი იყო ოპოზიციის ინიციატივით ამავე სიაში ჩასმული პოლიტპატიმრების მიმართაც.
შეწყალების კომისიის წევრი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ, ჯერ კიდევ აგვისტოდან დაწყებული, განხილვის პროცესი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იყო. თუმცა ერთ პრინციპზე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავიდანვე შეთანხმდა:

[გია ცაგარეიშვილი]: ”არც ერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანი არ უნდა ყოფილიყო შეწყალებული და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია. თუ ჩვენ ამას მოვინდომებდით, მთელი პროცესი დაზარალდებოდა და დაზიანდებოდა.”

საპყრობილეს არ დატოვებენ ის ადამიანები, რომელთა გვარები ბოლო ორი კვირის მანძილზე ხშირად გაისმოდა - კერძოდ, შალვა რამიშვილი, ნორა კვიციანი, მაია თოფურია და თამაზ ბაკურიძე. ხელისუფლება უარს ამბობს მათ გათავისუფლებაზე, რადგან:

[გია ცაგარეიშვილი] ”ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ეს ადამიანები არიან კრიმინალები. ჩვენი პოზიცია ამ აზრისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. ამიტომაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით. მხოლოდ ორ ადამიანზე შევძელით შეწყალების გავრცელება. ესენი არიან ჯანდიერი და თაყაიშვილი. როდესაც სია გადმოაგზავნეს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციიდან, აღმოჩნდა, რომ სამი ადამიანი თვეების წინ არის უკვე გათავისუფლებული. ეს სამი კაცი სიიდან ამოვიღეთ და დავუმატეთ რამიშვილი, თოფურია, კვიციანი, ბაკურიძე.და ამგვარი სია მივაწოდეთ ბატონ ადეიშვილს ორი კვირის უკან.” (სტილი დაცულია)

სალომე მახარაძე გვიხსნის, რომ საპყრობილეს 144 პატიმარი დღესვე დატოვებს, ხოლო ვისაც სასჯელი გაუნახევრდა, მათი დარჩენილი ვადის ათვლა დღეიდან დაიწყება:

[სალომე მახარაძე] ”ყველას საბუთები, ვინც ამ სიაშია, დღესვე მოგროვდება და ეს ადამიანები დღესვე დატოვებენ დაწესებულებას. ვისაც სასჯელი გაუნახევრდება, ამავე დროის განმავლობაში, ანუ ერთსაათიან მონაკვეთში, განახევრების აქტი ედება მათ პირად საქმეებს.”(სტილი დაცულია)

შედარებით ვრცელ პროცედურებს მოიცავს ამნისტია, რომელიც წელს 12 100 ადამიანს შეეხო. მუხლები, რომლებიც ამნისტიის შესახებ კანონში ჩაიდო, პარასკევს უკვე გამოქვეყნდა. შემდეგ ეტაპზე, როგორც სალომე მახარაძე გვიხსნის:

[სალომე მახარაძე] ”ყველა საქმე უნდა გადაიხედოს და პირადი საქმეები, რომელშიც არის ეს მუხლები, გადაიგზავნოს იმ სასამართლოში, ვინც მიუსაჯა. ამისათვის დეპარტამენტს ერთი კვირის ვადა აქვს. ხოლო სასამართლოს აქვს ორი თვის ვადა, რომ უკან გამოგზავნოს პასუხები.” (სტილი დაცულია)

ამნისტიასთან დაკავშირებული ძირითადი სამუშაო დასრულებულია. გია ცაგარეიშვილი საუბრობს მხოლოდ რამდენიმე მუხლზე, რომლის კანონპროექტში ჩადება, ძალისხმევის მიუხედავად, ოპოზიციამ ვერ მოახერხა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ ამნისტირებულთა სასამართლო პროცესები ხანგრძლივი არ იქნება, რადგან ის ზეპირ მოსმენას არ ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG