Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროსი კიწმარიშვილი პოლიტიკაში რჩება და „რუსთავი-2“-ის დაბრუნებას აპირებს


აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ორ ათეულამდე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს მოუსმინა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხდომა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, საზოგადოებას კომისიის მუშაობისადმი მაინცდამაინც დიდი დაინტერესება არ გამოუჩენია. გამონაკლისი გამოდგა 25 ნოემბრის სხდომა, რომელიც რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილისა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის შელაპარაკების შემდეგ ჩაიშალა. თუმცა მანამდე კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ომისთვის საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ემზადებოდა. სხდომის ჩაშლის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ ყოფილი ელჩის დაკითხვა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ეროსი კიწმარიშვილმა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წინაშე გაკეთებული განცხადებები მეორე დღეს საინფორმაციო სააგენტო „ახალი ამბების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზეც გაიმეორა. ყოფილი ელჩი ამტკიცებს, რომ, რუსეთთან ერთად, ომისთვის საქართველოს ხელისუფლებაც ემზადებოდა. კიწმარიშვილის თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვა ამტკიცებდა, რომ მხარდაჭერის გარანტია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან ჰქონდათ მიღებული. ყოფილი ელჩი იხსენებს მიხეილ სააკაშვილის შეხვედრებს ამერიკის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანთან:

[ეროსი კიწმარიშვილის ხმა] „ამ შეხვედრის შემდეგ, აპრილში, სააკაშვილის გარემოცვიდან შევიტყვე, რომ მათ მიიღეს ამერიკის მხარდაჭერა აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე. ისინი ამბობდნენ, რომ თანხმობა პირადად ბუშისგან მიიღეს. ეს ადამიანები ასევე ამბობდნენ, რომ კონდოლიზა რაისმა მწვანე შუქი აუნთო საომარი მოქმედებების დაწყებას საქართველოში. ეს მოხდა ცხრა-ათი ივლისის შეხვედრაზე. საგანგებოდ დავუკავშირდი ამ შეხვედრის მონაწილე ამერიკელებსა და ქართველებს, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს, მაგრამ ვიცი, რომ ამაზე არაერთხელ ულაპარაკია ბოკერიას.“

ეროსი კიწმარიშილი კვლავ არ ასახელებს იმ ადამიანის გვარს, ვისაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ელაპარაკა. თავად ბოკერია კიწმარიშვილის განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს, კომისიის წევრი გიორგი გაბაშვილი კი ყოფილ ელჩს უფრო მძიმე ბრალდებას უყენებს:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] „მოვისმინეთ საქართველოს ყოფილი ელჩისგან სრული გამეორება ვერსიისა, რომელსაც ჩვენ ყველაზე აგრესიული რუსული პროპაგანდა გვაბრალებს, რომ ამერიკელებისგან გვქონდა მწვანე შუქი ომის დაწყებაზე, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ამზადებდნენ უცხოელები, მათ შორის, ისრაელიდან. ომი დავიწყეთ ჩვენ, რომ „პოდ შუმოკ“ გაგვეგრძელებიან ეს ომი აფხაზეთში და, შესაბამისად, ამითი ამართლებენ რუსები თავის არაპროვოცირებულ ინტერვენციას აფხაზეთში, ანუ ეს იყო სრული გამეორება რუსული ვერსიისა“.

გიორგი გაბაშვილზე მეტად რადიკალური იყო კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია, რომელმაც ყოფილ ელჩს ბრალდებები, ცხელ გულზე, სხდომის დამთავრებამდე წაუყენა:

[პაატა დავითაიას ხმა] „ცალსახად ჩანს, რომ იგი არის სუბიექტური. მისი ჩვენებებიდან გამოიკვეთა ორი სერიოზული საკითხი: გამოიკვეთა, რომ არსებობს მაღალი თანამდებობის პირი,რომელიც ლაპარაკობს საერთაშორისო საზოგადოების სახელით და ამით ახდენს მანიპულირებას, ბატონი ეროსი კი არ ასახელებს მის სახელსა და გვარს. მე კატეგორიულად ვაყენებ საკითხს, რომ დაიწყოს გამოძიება. და, კიდევ, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვამბობ, რომ მისი ქმედებები არის სამსახურებრივი გულგრილობა, იმიტომ რომ ის წერს ერთს, საუბრობს მეორეს და ახორციელებს ზეწოლას სახელმწიფოზე ჭორებისა და ლაპარაკის საფუძველზე.“

მოგვიანებით პაატა დავითაიამ ტონის შერბილება სცადა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი, ამბობს, რომ კომისიის ისედაც საეჭვო რეპუტაცია უიმედოდ შეილახა. „საქართველოს გზის“ ლიდერს კომისიის თავმჯდომარის განცხადებამ გასული საუკუნის 30-იან წლების სასამართლო პროცესები გაახსენა:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] „პაატა დავითაია გამოჩნდა სულ სხვა კუთხით - ის არის ჩვენი დროის ვიშინსკი. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საქართველოში დღეიდან არსებობს ერთი სიმართლე: ჩვენ არ დაგვიწყია ომი და ვინც გაბედავს და იტყვის სხვანაირად, ელოდება გაკიცხვა.“

სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, კომისიის საქმიანობას აკრიტიკებს ჟურნალისტი ირმა ინაშვილიც. მისი მტკიცებით, კომისია აგვისტოს მოვლენების გამოძიების მიზნით არ შექმნილა:

[ირმა ინაშვილის ხმა] „სულ მალე ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ, პაატა დავითაიას კომისიის დაკითხვების შედეგად, დამნაშავე აღმოჩნდება არა ომის დამწყები და წამგები მთავარსარდალი, არამედ გენერალიტეტის წარმომადგენელი. დამნაშავედ გაოიყვანენ ყურაშვილს ან ბალახაძეს, მაგრამ არა რეალურად დამნაშავეს. ჩვენ ამას ყველა ვნახავთ.“

კომისიის საქმიანობის გარდა, საზოგადოების ერთი ნაწილი იმითაც არის უკმაყოფილო, რომ ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკისას პირველობას იჩემებენ საზოგადოების თვალში დისკრედიტებული ადამიანები. სალომე ზურაბიშვილს არ მოსწონს ის, რომ იმაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ომის თავიდან აცილება, ეროსი კიწმარიშვილი ლაპარაკობს:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] „ხდება გაიგივება ამ ვერსიის და ადამიანისა, რომელსაც არ აქვს ხალხის ნდობა. ანუ ყველას დასანახად ეს ვერსია არის მიწებებული ადამიანთან, რომელიც დაკავშირებულია ბნელ ფურცელთან - „რუსთავი-2“-ში რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რატომ წავიდა, რატომ გაყიდა, რა კავშირი ჰქონდა პრეზიდენტთან და ასე შემდეგ. ეს არის ერთი ნაწილი მისი სახისა და მეორე, რუსეთთან დაკავშირებული, და ის, რაც გავრცელდა გუშინ, რომ აი, „კა-გე-ბე“ ჩამოიყვანა, ურთიერთობა ჰქონდა საეჭვო პირებთან და ასე შემდეგ.“

რაც შეეხება რუსეთში საქართველოს უკანასკნელი ელჩის სამომავლო გეგმებს, ეროსი კიწმარიშვილის თქმით, მას უკვე დაუკავშირდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. და კიდევ, კიწმარიშვილი ასევე აპირებს სასამართლოს გზით დაიბრუნოს ტელეკომპანია „რუსთავი-2“- ის აქციები, რომელიც მას, როგორც თავად ამბობს, 2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა წაართვა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG