Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბიზნესმენები იაფ კრედიტს მიიღებენ


საქართველოს მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული რეგიონის ოთხ ბიზნესმენს გადაეცეს იაფი კრედიტი, საერთო მოცულობით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.

მათ გარდა, იაფი კრედიტის მიღების საშუალება მიეცემათ შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონის ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა ყველაზე მეტად დააზარალა. მათთვის სამ-ნახევარ მილიონზე მეტია გამოყოფილი. მინდა ამ თანხის მიღების პირობებსა და, საერთოდ, იაფი კრედიტის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ გესაუბროთ.

აგვისტოს თვეში, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, ბევრმა მოქალაქემ სახლ-კარი დაკარგა, ბევრმა კიდევ - საკუთარი ბიზნესი, მცირე თუ საშუალო წარმოება. ერთ-ერთი ასეთი მოქალაქეა სოფელ ერედვიდან დევნილი ლერი ქრისტესიაშვილი.

[ლერი ქრისტესიაშვილის ხმა] „მე სოფელში პატარა ბიზნესი მქონდა.“

ლერი ქრისტესიაშვილი ახლა თეთრიწყაროს რაიონშია განსახლებული და შემოსავლის მიღების ახალ საშუალებებს ეძებს. ის და მის მდგომარეობაში აღმოჩენილი მეწარმეები, ისევე როგორც აგვისტოს მოვლენებისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად დაზარალებული ბიზნესმენები, ზარალის დაძლევის ერთ-ერთ საშუალებად იაფი კრედიტის ხელმისაწვდომობას ასახელებენ. ამაზე მეტყველებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’ მიერ ჩატარებული კვლევა. ასოციაციის ხელმძღვანელის ანი ქათამიძის კომენტარი:

[ანი ქათამიძის ხმა] „თვითონ მეწარმეების აზრით თუ როგორ შეიძლება ზარალის დაძლევა, პირველ რიგში დგას იაფი კრედიტების ხელმისაწვდომობა.“(სტილი დაცულია)

აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს მთავრობამ იაფი კრედიტის პროგრამის პრიორიტეტებში დაზარალებული რეგიონების ბიზნესმენთა დახმარებაც შეიტანა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ნანობაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ამ მიზნით სამ მილიონ-ნახევარი ლარი დაიხარჯება:

[გიორგი ნანობაშვილის ხმა] „ვახდენთ შერჩევას იმ საწარმოების, რომლებიც, ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და, მეორეს მხრივ, ვისაც აქვს კარგი ბიზნესგეგმა.“(სტილი დაცულია)

კომპანია „დინასტია“, რომელიც აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ქარელის რაიონში, სოფელ დვანში, მდებარეობს, იაფი სესხის სახით, 40 ათას ლარს მიიღებს. ამ თანხით კომპანია სპეციალური ტექნოლოგიით ხილის „ასორტის“, ტყლაპის და ჩირის წარმოებას დაიწყებს. „დინასტია“ ერთ-ერთია იმ ოთხ საწარმოს შორის, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ იაფი კრედიტის მოსაპოვებლად მომზადებული პროექტები დაუმტკიცა. იაფი სესხი მიიღეს: გორში მდებარე კომპანიამ, რომელიც საკონსერვო წარმოებას განაახლებს, ქალაქ ხაშურში განლაგებულმა საწარმომ, რომელიც მზესუმზირის ზეთს დაამზადებს და სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრმა ინდმეწარმემ, რომელიც მეფრინველეობის ფერმას აღადგენს.

შიდა ქართლის გარდა, დაზარალებულ რეგიონად აჭარაც ჩაითვალა, რადგან იქ, ომის შედეგად, ტურისტული ნაკადი შეწყდა. შესაბამისად, იაფი კრედიტი აჭარის კერძო სასტუმროებსა და სხვა ტურისტულ კომპანიებზეც გაიცემა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი ნანობაშვილის, განცხადებით, იაფი კრედიტის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება:

[გიორგი ნანობაშვილის ხმა] „უკვე გადაწყდა, გაგრძელდება მომავალ წელსაც და, რა თქმა უნდა, ეს არა მარტო ამ რეგიონებისთვის არის, არამედ სხვა რეგიონებისთვის, მაგრამ აქცენტი იქნება შიდა ქართლის რეგიონზე. ეს სასურველიც არის და საჭიროც.“

იაფი კრედიტების დაფინანსების საერთო მოცულობა 2009 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გაირკვევა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, ოცი მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად, შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების გამოსაყოფად.
XS
SM
MD
LG