Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ზრუნავს საქართველოს მთავრობა დევნილებზე


რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანმა ომმა საკუთარი სახლ-კარი ცხინვალის რეგიონსა და შიდა ქართლის მხარეში მცხოვრებ ათასობით მოქალაქეს დაატოვებინა,

თუმცა საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ დევნილებს უბინაოდ დარჩენის საფრთხე არ ემუქრებათ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, თითქმის მთლიანად დასრულდა იმ ექვსი ათასამდე სახლის მშენებლობა, რომლებიც ცხინვალისა და შიდა ქართლის სხვა რეგიონებიდან დევნილ მოქალაქეებს საკუთრებაში უნდა გადაეცეთ. გარდა ამისა, მთავრობის წევრთა თქმით, დევნილები, რომელთა დასაქმებაზეც ასევე ხელისუფლება ზრუნავს, სისტემატურად მიიღებენ აუცილებელ საკვებ პროდუქტს. საკითხავია, როგორ ეხმარება საქართველოს მთავრობა დევნილებს.


კობა სუბელიანი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობამდეც აქტიურად იყო ჩართული დევნილების საცხოვრებელი ფართობითა და საკვებით უზრუნველყოფის საქმეში. როგორც სუბელიანი ამბობს, ომის დღეებში დევნილთა განსახლება სტიქიურ ხასიათს ატარებდა, მოგვიანებით კი მთავრობამ მკაფიო პოლიტიკის ჩამოყალიბება შეძლო. შედეგად, არასრულ ორ თვეში დაახლოებით 24 ათასი დევნილისათვის 6 ათასი სახლის აშენება და სათანადო ინვენტარის შეძენა მოხერხდა.

[კობა სუბელიანის ხმა] „ეს არის სამზარეულო ინვენტარი; ეს არის საძინებელი ინვენტარი, მაცივარი, ტელევიზორი; გაზქურა, საკვების მოსამზადებელი; ჭურჭელი: თეფშები, ქვაბები, ჩაიდანი და ა.შ. და პროდუქტი: თითო ტომარა ფქვილი სულზე, ასევე შაქარი, ხორცის კონსერვი, ზეთი და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

კობა სუბელიანის თქმით, სახლი და ყველა საოჯახო ინვენტარი, რაც მთავრობამ შეიძინა, დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ. მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ის დევნილები, რომლებიც კონფლიქტის დაწყებამდე სამსახურით იყვნენ უზრუნველყოფილნი, შესაბამის უწყებებში დასაქმდებიან:

[კობა სუბელიანის ხმა] „თუკი ვინმე იყო დასაქმებული, მათ დღემდე ერიცხებათ ხელფასი, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ სამუშაოს არ ასრულებენ. მათ აქვთ შესახლებიდან ორი თვე მიცემული, რათა შესაბამის უწყებაში გამოცხადდნენ, განაცხადი შეიტანონ და მოხდება ავტომატურ რეჟიმში მათთვის შტატის დამატება და უკვე იქ გააგრძელებს მუშაობას ჩასახლების პუნქტის მიხედვით.“

მთავრობამ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული, ექვსასი კვადრატული მეტრი ფართობის საკარმიდამო ნაკვეთში მოწეული მოსავალი კი თავის სარჩენად საკმარისი არ არის. კობა სუბელიანის თქმით, სურვილის შემთხვევაში, დევნილებს სახნავ-სათესად მიწის დამატებითი ფართობი გამოეყოფათ. მინისტრის თქმით, განსახლების პარალელურად, მთავრობა დევნილთა აღრიცხვითა და იდენტიფიკაციითაცაა დაკავებული, რის გამოც ჯერჯერობით ვერ ხერხდება დევნილებისთვის შესაბამისი იურიდიული სტატუსის მინიჭება:

[კობა სუბელიანის ხმა] „განსახლების დასრულებიდან დაახლოებით ერთ თვეში მათ სტატუსს მივანიჭებთ. ხშირად მისვამენ შეკითხვას, რომ სინი სტატუსის არქონის გამო კარგავენ კუთვნილ შემწეობასო. ეს არის გადამრავლებული თვეებზე, ეს არის გადაფარული, ერთი მხრივ, 200 ლარით და, მეორეს მხრივ, 30 ათას ლარიანი სახლებით, ინვენტარით და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ისინი არაფერს არ კარგავენ. უბრალოდ, იმისათვის, რომ ჩვენ ზუსტად იმ ადამიანებს მივცეთ დევნილის სტატუსი, ვისაც ეკუთვნის, ამის გამო ეს პროცედურა გავხადეთ უფრო სკრუპულოზურად სამუშაო.“ (სტილი დაცულია)

კობა სუბელიანის თქმით, დევნილებზე ზრუნვა მხოლოდ სახლების საკუთრებაში გადაცემით არ შემოიფარგლება. მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა ამუშავებს გრძელვადიან პროგრამას, რომელშიც, უახლოესი კონფლიქტის დროს დაზარალებული მოქალაქეების გარდა, ასევე გათვალისწინებული იქნება გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების კონფლიქტების შედეგად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გაძევებული მოქალაქეების ინტერესები.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG